რაზე შეთანხმდნენ უკრაინაში სააკაშვილი და მელია?

26 May 2021 01:07

ციხიდან გათავისუფლებულმა ნიკა მელიამ კი განაცხადა, ჯერ აქტივს უნდა შევხვდე, რათა გავიგო, შევიდე თუ არა პარლამენტშიო, მაგრამ ის სააკაშვილთან დაიბარეს და წავიდა. მელიას გუნდის შიგნითაც არ დაუმალავს, რომ მიშასთან შეხვედრა კარგა ხანია სურდა. მათ უნდა გაარკვიონ, რეალურად ვინ არის გუნდის ლიდერი და ვინ უნდა მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები – სააკაშვილმა, რომელიც რეალობას არის აცდენილი და არ იცის ადგილზე რა ხდება, თუ მელიამ, რომელიც ციხის თამაშობანი რომ არა, აშკარად გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ და სწორედ ციხის ამბებმა შეურყია სიმწრით ნაშენები იმიჯი. მელის სურვილი აქვს, რომ მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში კანდიდატები თავად დაასახელოს და ის აქტივი წამოსწიოს წინ, რომელიც ბოლო წლები გვერდში ედგა. სააკაშვილი კვლავ ძველი გვარდიის იმედზეა და იმასაც ხვდება, რომ თუ მელია ახალ შემადგენლობას მოიყვანს, მიშას პოზიციები პარტიაში ძალიან შესუსტდება. უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვეტილება იმაზეც კი ვერ მიიღებს, შევლენ თუ არა პარლამენტში. მელიას პარლამენტის ნაცვლად, რეგიონებში სიარული ხიბლავს, თუმცა მანდატმოპოვებულ წევრთა უმრავლესობა ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად სწორედ საპარლამენტო ტრიბუნას მიიჩნევს და სოფელ-სოფელ წანწალი არ სურთ. როგორც გვითხრეს, მიშამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღო, უმრავლესობის აზრი გაითვალისწინეთო, მხოლოდ ეს თქვა. საქმე ის გახლავთ, რომ თავად სააკაშვილსაც არ სურს, მისი პარტიის წევრები პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ პრაქტიკულად მელიას გარდა, ყველა იქეთკენ იწევს.


ახლა კი ყველაზე მთავარი. გასულ კვირასაც გავაკეთეთ მინიშნება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში საინტერესო ამბები ხდებოდა და აგერ, „ოცნების“ ლიდერთა აჭარაში ვიზიტმა ჩვენი ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მმართველ გუნდში განგაშის ზარი სამართლიანად შემოჰკრეს და პირველ ვიზიტად აჭარის შერჩევა შემთხვევითი არ გახლდათ.


დაახლოებით ერთი თვის წინ, ბერა ივანიშვილის მეგობრები, უფრო ზუსტად კი, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ, რათა იქ კონკრეტული საქონელი აეღოთ, შემდეგ საქართველოს გავლით თურქეთში გაეტანათ. საქართველოს წყლებში ტვირთის უსაფრთხო გადატანასა და ზოგადად, ყველაფერზე, რაღა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ბერა იყო. თუმცა, უკრაინაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ადგილობრივ ბიუროკრატიასთან, ისე კრიმინალებთან მიმართებაში. ამიტომ, ბერას სამეგობრომ, რომლებიც აჭარელები არიან, საქმეში მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“ ჩართეს. რაღა თქმა უნდა, „ლავას ოღლიმ“ თავისი მხარე მარტივად დაალაგა, რაც შეეხება ბიუროკრატიას…


„ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები მიხეილ სააკაშვილს ოდესაში ეახლნენ და დახმარება სთხოვეს. მიშამ დახმარების ხელი გაუწოდა, თუმცა საქმიდან გარკვეული სარგებელი მოითხოვა და ამ სარგებელს აუცილებლად მიიღებს, თუ საქმე გაიჩარხება. ახლა გაჯიუტებული თურქული მხარეა, რადგან ისინი საქონლის მიწოდებას კონკრეტულ ვადებში ითხოვდნენ, ახლა კი ფასი დაწიეს და 2.5 მილიონი დოლარით ნაკლებს იხდიან. ეს კი ის თანხაა, რომელიც წესითა და რიგით, ივანიშვილის საახლობლოს უნდა დარჩენოდა და გაეყო. თავისას ითხოვს ის ხალხიც, ვინც „ლავას ოღლის“ ხათრით მარჟას დაუწია და საქმიდან სხვები ჩააჩოჩა, თავისი უნდა სააკაშვილსაც. შესაბამისად, ურთიერთობა აიჭრა, ცალკე ბერა გაბრაზდა იმის გამო, რომ მისმა მეგობრებმა დახმარება სააკაშვილს სთხოვეს, ცალკე „ლავას ოღლია“ გაბრაზებული, იმიტომ, რომ მისი სიტყვა და საქმეში ჩარევა პრაქტიკულად, არაფრისმომტანი აღმოჩნდა, ანუ არავის არაფერი შეხვდა და ცალკე თურქები, რომლებმაც საქონელი დათქმულ დროს ვერ მიიღეს და ამის გამო ზარალობენ. ცალკე კიდევ ბერას საახლობლო, რომელიც ყველაფრის გარეშე რჩება და ყველა მხარე სწორედ მათ აწვება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.


როგორც გვიყვებიან, სიტუაცია ისე არის აჭრილი, რომ მმართველმა გუნდმა აჭარაში ვიზიტით დააფიქსირა ის, რომ ეს რეგიონი მათთვის მნიშვნელოვანია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ „ლავას ოღლისა“ და იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეული, აჭარის მოგება გაუჭირდებათ. უფრო მეტიც, ამ საქმიდან მსუყე ნაწილი „ოცნების“ სალაროშიც უნდა წასულიყო და ახლა იქაც არაფერი შევა. ამიტომ, აჭარაში მყოფი პარტიული ლიდერები, აქტივის გარდა, იმ ადამიანებსაც შეხვდნენ, რომლებიც გაბრაზებულები არიან და თვითმმართველობის არჩევნებზე ბოიკოტით იმუქრებიან. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ საქმის მოგვარება-გაჩარხვას მხარეებს… გიორგი გახარია დაჰპირდა და თავის წარმომადგენელიც კი აფრინა უკრაინაში, რის შესახებაც „ოცნებაშიც“ გაიგეს და ცდილობენ, ეს ვიზიტი სააკაშვილთან კავშირს მიაბან. რეალურად კი, გახარიას დესპანი ბერა ივანიშვილის იმ საახლობლოს გადაბირებას ცდილობს, რომელზეც აჭარაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჰოდა, ეს ყველაფერი მალე თუ არ დალაგდა, გვარიანი სკანდალი აგორდება.


სხვათა შორის, როგორც გვითხრეს, ივანიშვილის საახლობლოსთან შეხვედრის შესახებ კითხვა სააკაშვილს უკრაინაში მყოფმა მელიამაც დაუსვა და მიშას უთქვამს, „ერთ-ორ კაპიკს ვაკეთებ“, განსაკუთრებული არაფერი ხდებაო.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი