როგორ უნდა გაანეიტრალოთ ბინაში დაგროვილი ცუდი ენერგია

26 May 2021 13:14

ხშირად ადამიანს სურვილი უჩნდება, შეცვალოს თავისი ცხოვრება, უარი თქვას დასახულ მიზნებზე და ცხოვრების, რადიკალურად სხვა კურსს დაადგეს. არის შემთხვევები, როცა ადამიანი დილით იღვიძებს და ხვდება, რომ დროა, რაღაც შეცვალოს. ან დგება დილით, გადის სახლიდან, წინასწარ დასახული გეგმით იწყებს მოქმედებას, მაგრამ უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და ყოველგვარი ახსნის გარეშე, ყველაფრის შეცვლის სურვილი უჩნდება. 


ამ დროს ზოგი ემორჩილება სურვილს, ზოგიც ჯიუტად, რქებით აწვება დასახულ მიზანს და განაგრძობს საქმიანობას. ასეთი რამ ნებისმიერის ცხოვრებაში მომხდარა. ეს ჩვენი ქვეცნობიერის აშკარა გამოვლინებაა და სასურველია, მის კარნახს დავემორჩილოთ.


ქვეცნობიერი ადამიანისგან დამოუკიდებლად, აგროვებს და აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და თავადვე აკეთებს დასკვნას. ამ დასკვნების მიწოდება ადამიანის აზროვნებამდე მას უჭირს, მაგრამ მან, ანუ ჩვენმა ქვეცნობიერმა, წინასწარ იცის, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი და ამის შესახებ ამა თუ იმ სახით გვაწვდის კიდეც მინიშნებებს. ეს მინიშნებები შესაძლოა, გამოიხატოს აკვიატებული აზრებით, ფიქრებით, ქცევებით. თუ ადამიანი ვერ ხვდება ამას, უფრო სწორად, ვერ აცნობიერებს ამ ფორმით მიწოდებულ მინიშნებებს, მაშინ შესაძლოა, ქვეცნობიერმა მინიშნება სიზმრის სახითაც გამოგვიგზავნოს. ამიტომ სიზმარს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. საერთოდ, ქვეცნობიერი ადამიანს უკიდურეს შემთხვევაში აწვდის მინიშნებას სიზმრით.


ასევე, თუ ადამიანს უეცრად გუნება-განწყობა შეეცვალა, ესეც ქვეცნობიერის მინიშნებაა, რაიმე მოსალოდნელ ფაქტზე. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი კარგ განწყობაზე იყოს და უეცრად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ცუდ განწყობაზე დადგეს. თუ ამ დროს არ დაემორჩილებით ქვეცნობიერის კარნახს, გადაწყვეტილებას არ შეიცვლით და არ გააანალიზებთ თითოეულ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ, არ არის გამორიცხული, ის თქვენთვის დამღუპველიც კი გამოდგეს. ამ შემთხვევაში პატარა დეტალს და წვრილმანსაც კი, რასაც ყურადღებით არ მოეკიდებით, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს.


არსებობს ადამიანის ენერგიაზე მოქმედების ელემენტიც. თუ რაიმე ნივთი უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ის ხანგრძლივი დროით ასხივებს ამ ენერგიას და უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. ეს იგივე ჯადოა, მაგრამ მას პროფესიონალები ადამიანის ენერგიაზე ზემოქმედების ელემენტს უწოდებენ.


❗უარყოფითი ენერგია ადამიანის აურას მკვეთრად ასუსტებს, აზიანებს და უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ უეცრად იწყება წარუმატებლობა და სერიოზული პრობლემები, უიღბლობა. არ არის გამორიცხული, ამ დროს ზოგი კეთილმოსურნე ადამიანიც კი მტრად მიიჩნიოთ. მაგალითად, სახლში თუ უცხო ნივთი აღმოაჩინეთ და დროზე არ გაანეიტრალეთ, შესაძლოა, დიდი ზიანი მოგაყენოთ. უცხო ნივთი, ისე უნდა გაიტანოთ საცხოვრებელი ბინიდან, რომ არ შეეხოთ.


აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი საცხოვრებელი ბინის ენერგეტიკისა და საკუთარი აურის აღდგენაზე. ამისთვის დაგეხმარებათ თეთრი ფერის სანთლის ალი. მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია გარკვეული კორექტივების შეტანა საკუთარ ცხოვრებასა და ბინაში.


სახლის კუთხეებში აანთეთ თეთრი ფერის სანთლები, დაჯექით კომფორტულად, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ბუნებაში ხართ, მწვანე ბალახზე ფეხშიშველი დგახართ, ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული გიჭირავთ და მას ყნოსავთ.


ამ რიტუალის შემდეგ თავს შედარებით მშვიდად იგრძნობთ. შეგიძლიათ, ეს თვეში ერთხელ გააკეთოთ და თავად მიხვდებით, რომ ამ რიტუალს თილისმაზე დიდი ძალა აქვს და უკეთესი შედეგების მოტანაც შეუძლია. ეს რიტუალი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემასა და ენერგეტიკაზე.


არ არის აუცილებელი, დაჯდეთ და ელოდოთ, როდის მოვა თქვენთან წარმატება ან დაიჟინოთ, ნეგატიური ენერგია ან უბრალო ნივთის უარყოფითი ენერგეტიკა რას მიზამსო. ამას აჯობებს, ნაცადი მეთოდები გამოიყენოთ და ამით დააზღვიოთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ახლობლებიც.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი