ჯუანშერ ბურჭულაძე - ვამაყობთ ჩვენი გმირებით, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ როგორი ვაჟკაცობის ფასად უღირთ ქართველებს მშვიდობის დაცვა

26 May 2021 15:06

ვამაყობთ ჩვენი გმირებით, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ რა ვაჟკაცობის ფასად უღირთ ქართველებს მშვიდობის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.


როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის, თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება.


„დღევანდელ თარიღს ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა, რომელმაც ხორცი შეასხა ჩვენი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებას - მოეპოვებინათ თავისუფლება და შეექმნათ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. 30 წლის წინ ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც ოკუპაციისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად წარმატებულად ვითარდება და მტკიცედ მიიწევს წინ ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ადგილის დასამკვიდრებლად. დღევანდელი დღე ერთიანობისა და საერთო სახალხო ზეიმის დღეა; მინდა მივულოცო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ჩვენს სამხედროებს. განვლილი 3 ათწლეულის განმავლობაში ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის დაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დღესაც ჩვენი ხალხის უმაღლესი ნდობით სარგებლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები განვითარდა თანამედროვე და ბრძოლისუნარიან ძალად, რომელიც ყოველთვის მზად არის დაიცვას სამშობლო და იზრუნოს გლობალური უსაფრთოების განსამტკიცებლად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


მისივე განცხადებით, საქართველოს მთავარი იდეა და ქართველი ხალხის არჩევანი იყო და არის ქრისტიანობა და საქართველოს მოქალაქეების ტოლერანტულ და თავისუფალ გარემოში თანაცხოვრება.


„მის დაცვაში ჩამოყალიბდა ქართული მხედრული სული, რომლის თავისუფლებისკენ სწრაფვას და ქართულ სიმამაცეს აუცილებლად მოყვება თავისუფალ, გამთლიანებულ სახელმწიფოში ცხოვრება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ რა ვაჟკაცობის ფასად უღირთ ქართველებს მშვიდობის დაცვა.


„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცია“, - ეს სიტვები პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვნის, რომლის ნეშტს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ ქართულ მიწას მივაბარებთ. გენერალი დღეს ნამდვილად იამაყებდა ქართველი ჯარისკაცებით, რადგან ისინი სრულად ასახიერებენ ჩვენი ხალხის შეუპოვარ ბუნებას. მათი დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გლობალური უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი სანდო პარტნიორის სახელს ატარებს.


მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას და საერთაშორისო მშვიდობას. ჩვენ არასდორს დავივიწყებთ მათ დამსახურებას და მომავალ თაობებს მათი გმირობის მაგალითზე აღვზრდით. ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის, თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.


მან წვევამდელებს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.




კომენტარები:

ფართი შოპი