გიორგი გასვიანი: რაც უნდა დემოკრატია შემოვიდეს, ჩვენ მაინც ასეთებად დავრჩებით

26 May 2021 16:35

ბლიცინტერვიუ გიორგი გასვიანთან ????

სახელი: გიორგი.

გვარი: გასვიანი.

პროფესია: მსახიობი, ტელეწამყვანი.

– მოგონება ბავშვობიდან...


– ჩემი მოგონებები, რომლებიც უფრო ფერადია, აფხაზეთთან არის დაკავშირებული... ერთხელ მე, მამა და ჩემი დეიდაშვილი ზღვაზე ვიყავით. უცებ სანაპიროზე დაღამდა და ისეთი ძლიერი ქარბორბალა ამოვარდა, ლამის ბავშვები გაგვიტაცა. მაშინ ძალიან შეგვეშინდა, თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, მისტიკური ფილმის სიუჟეტივით იყო – მთელი სანაპირო წამოიშალა და ყველა გარბოდა.



– მშობლების როლი...

– ძალიან თბილი ოჯახი გვქონდა. ზედმეტად მიკერებული ვიყავი მშობლებზე, დედაზე – განსაკუთრებით, თან დედისერთა ვარ. ისინი დაქორწინდნენ, ერთი შვილი ეყოლათ, სახლი ააშენეს და მეორე შვილის ყოლა როცა გადაწყვიტეს, ომი დაიწყო... მე დეიდამ წამომიყვანა, თავად სოხუმში დარჩნენ და ომის დროს სამსახურში დადიოდნენ. 28 სექტემბერს წამოვიდნენ იქიდან, როცა სოხუმი უკვე დაცემული იყო. დედა აგრონომ-დეკორატორია, მამა ინჟინერი გახლდათ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი მშობლები გამორჩეულები და თანამედროვედ მოაზროვნეები იყვნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბედნიერი ბავშვი ვყოფილიყავი. მათი როლი იყო ისიც, რომ გადაწყვეიტეს, თეატრალურ სტუდიაში შევეყვანე. ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მერე გავხდი მსახიობი. მათი დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში სულ სხვა შეხედულებები ჩამომიყალიბდა –ზრუნვის, სირთულეების გადალახვის მაგალითი მომცეს. მამა ახალგაზრდა ასაკში უცებ იქცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ომის შემდეგ ხელ-ფეხი წაერთვა და ნახევარი კაცი დარჩა. მის მიმართ ზრუნვასა და იმ ჭირ-ვარამის გმირულად გამოვლას რომ ვუყურებდი, საერთოდ შემეცვალა წარმოდგენები. 90-იან წლებში, როცა წიგნების ყიდვის საშუალება არ გვქონდა, დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ განათლებაც მიმეღო და თეატრალურ სტუდიაშიც ვყოფილიყავი. ახლა ამ ყველაფრის გაკეთება შვილისთვის მარტივია, თუმცა მაშინ ნამდვილად რთული იყო.



– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– პრეზიდენტობაც მინდოდა, ექიმობაც, მსახიობობაც და წამყვანობაც. ვასახიერებდი ხოლმე რაღაცებს. რაც შეეხება წამყვანობას, გაცნობიერებული არ მქონდა, ტელეწამყვანი უნდა ვყოფილიყავი თუ რა, უბრალოდ, მომწონდა და ვთამაშობდი. რასაც ვთამაშობდი, მერე ის მექცა პროფესიად.


– ადამიანში ვაფასებ...

– ერთგულებასა და ნდობას. ნდობა ძალიან სერიოზული თვისებაა. ყოველ ჯერზე რომ კარგი გაუკეთო, ზოგი მაინც არ გენდობა და მერე შენც ანებებ თავს. ერთგული უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ ეს არ გამოიხატება მხოლოდ ტრადიციული გაგებით. მეგობარი იქნება თუ ოჯახის წევრი შესაძლოა, ძალიან განსხვავებული იყოს შენგან, თუმცა როცა დაგჭირდება, სულ შენ გვერდით უნდა დადგეს, გიერთგულოს და არასოდეს გიღალატოს. ეს არის ყველაზე კარგი თვისება – როგორიც უნდა იყოს ის, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია შენი ერთგულება. მიყვარს პირდაპირი ადამიანები, ოღონდ კულტურულები. ქვეშ-ქვეშა და ზურგს უკან ცუდის მთქმელი ხალხი – არა.


– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც იცის საკუთარი პროფესია და არის ნამდვილად პროფესიონალი. როცა შენ ხარ პროფესიონალი, შეგიძლია, წარმატებული გახდე. არაპროფესიონალი წარმატებული ვერასოდეს გახდება, დროებითი პოპულარობა წარმატებას არ ნიშნავს. ჩემთვის წარმატება ხარისხთან ასოცირდება. მშრომელ და ნიჭიერ ადამიანს ცოტა იღბალიც რომ დავუმატოთ, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

– მწამს...

– მარადისობის, აქედან გამომდინარე, აღვიქვამ, რომ ეს სამყარო არის დროებითი. ადამიანებს სიკვდილის წინ ის საოცარი მომენტები ახსენდებათ, როცა სულიერად ბედნიერები იყვნენ. ადამიანური ბედნიერება სულიერ ბედნიერებაში გადის მაშინ, როცა გიყვარს, გიხარია და გრძნობ თავისუფელბას. ეს მომენტები რომ შეკრიბო, მისგან


შედგება ადამიანის სულიერი მდგომარეობა. თუკი ადამიანს ეს შეგრძნებები აქვს გავლილი, ესე იგი, ფუჭად არ უცხოვრია. მგონია, როცა ადამიანი მარადისობაში გადადის, იმ სამყაროში უკვე განვითარებული სულით აგრძელებს მოგზაურობას.


– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ის არ არის თეთრწვერიანი მოხუცი, რომელიც მრისხანეა მაშინ, როცა ცუდად ვიქცევით და კეთილი – როცა კარგად. ბავშვობაში ასე მეგონა, რადგან ასე ჩაგვინერგეს. მერე, თუ წაიკითხავ და გააანალიზებ, მიხვდები, რომ ღმერთი არის აბსოლუტურად ყველაფერში, სადაც სიკეთეა. ეს არის კეთილისა და ბოროტის, თეთრისა და შავის გარჩევის მომენტი. როცა დაინახავ უფლის გზას და მისკენ დაიწყებ სვლას, ეს არ იქნება იოლი, თუმცა მარტივი ვნებების დაკმაყოფილებას მისი გავლა სჯობს. ადამიანმა უნდა ისწავლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, რადგან არ დაბნელდეს შურით და მიხვდეს, სად არის მარადისობა და რას ნიშნავს ბოროტებისგან თავისუფლება. ღმერთი შეიძლება, შენთვის დღევანდელი სამყარო იყოს, სადაც ხარ მომხმარებელი, მაგრამ რამდენად შეგიძლია, ამ ყველაფრისგან გათავისუფლდე, ესაა მნიშვნელოვანი. ნათქვამია: სოლომონ მეფე მთელი თავისი დიდებით ვერ შეიმოსა ისე სრულყოფილად, როგორც ველის შროშანი, რომელსაც არ უზრუნია მის გარეგნობასა და სილამაზეზე. ეს მას ღმერთმა უბოძა და მისცაო. ანუ, ჩვენ რაც უნდა გამოვჭამოთ დედამიწა, ჩავძვრეთ მის ქვესკნელში, ამოვზიდოთ ყველა წიაღისეული და მოვირგოთ საკუთარ სხეულზე, ვერ გავხდებით ისეთი სრულყოფილები, როგორიც ველის მდელოზე ამოსული უბრალო შროშანია. რაც უნდა საუკეთესო დიზაინერის სამოსი გეცვას, იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, რასაც თავად ბუნება გაძლევს. ბუნებრიობა ყოველთვის ღირებულია.



– ვრისკავ...

– უფრო ფრთხლი ვარ, ვიდრე რისკიანი, მაგრამ არის მომენტები, როცა ვიცი, საქმეს რისკი ახლავს, მაგრამ თუ ეს რისკი ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს, მაშინ ვრისკავ. სადაც საფრთხეა, ვერიდები და ჭკუას მოვუხმობ ხოლმე. რისკზე წავსულვარ მაშინ, როცა საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ერთი წამი მიპოვია.



– მაკვირვებს...

– ის, თუ რატომ არ არის ჩვენს ქვეყანში თეთრად დახაზული გზები. ღამით, რომ დავდივარ, ხან ჩანს ღერძულა ხაზი, ხან – არა. დილით კიდევ, რომელ ზოლში ჩავდგე ვერ ვხვდები. აქ ბიუჯეტზე კი არა, მიდგომაზე მაქვს საუბარი. ამდენი ათწლეულის მერე სადღაც რაღაც გავაკეთეთ, რაც საჩვენებელია, მაგრამ მის მიღმა საშინელება ხდება. არადა ქალაქში რომ გაივლი, იქ გრძნობ, როგორ ფეთქავს შენი ქვეყნის კურსი. მაკვირვებს რატომ დაამახინჯეს თბილისი ბეტონის კორპუსებით და რატომ დაუშვა ეს საზოგადოებამ. 30 წლის წინ თბილისი გაცილებით ლამაზი ქალაქი იყო, ვიდრე დღეს. ისიც მაკვირვებს „ზებრა“ გადასასვლელზე ვჩერდებით, თუმცა შინაგანად მაინც გვეჩქარება და ერთი სული გვაქვს, როდის აინთება შუქნიშანი. ეს იმიტომ გვახასიათებს, რომ ქართველები ვართ. როცა ვლაპარაკობთ, ერთმანეთს არ ვაცდით, ხმამღლა ვსაუბრობთ და სხვისი აზრის მარტივად გატარება არ შეგვიძლია. რაც უნდა დემოკრატია შემოვიდეს, ჩვენ მაინც ასეთებად დავრჩებით. ოღონდ ამასთან ერთად ძალიან საყვარლები და თბილები ვართ და ეს ყველაფერი ამით იფუთება. უბრალოდ, მიკვირს, რატომ ვართ ასეთები მეც და ჩემ ირგვლივ სხვებიც. რაღაც, ვერ დაიხვეწა ამ მხრივ.



– ვერიდები...

– უნიჭობას, დაბალ დონეს და იმ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს, რომელიც კარგს არაფერს მომიტანს.


– ბედისწერა...

– „ბედის წერა“ თავად იმას ნიშნავს, რომ ბედი იწერება და არა უკვე დაწერილია. ჩვენ ვწერთ საკუთარ ბედს და არა ის, რომ დაწერილი ბედის მიხედვით მოვედით ამ დედამიწაზე. თუ შენ გაწერილი ბედით მოხვედი, მაშინ რისთვის დაიხარჯა შენი ენერგია და ცხოვრების რესურსი. სამყაროს განვითარების აზრი, სწორედ, ის არის, რომ ის თვითინ წერს საკუთარ ბედს და თავადვე ირჩევს, რა არჩევანსაც გააკეთებს, მერე ისე ვითარდება მოვლენები. ენერგია სადაც არ უნდა მიმართო, არ იკარგება, მხოლოდ ფორმას იცვლის. ანუ ნებისმიერი ჩემი საქციელი ქმნის ახლებურ ფორმას ცხოვრებაში, აქედან გამოდინარე, არ მჯერა წინასწარ დაწერილი რაღაცების. თუმცა, არსებობს სამყაროს კანონზომიერი მოვლენები, რის მიხედვითაც შეიძლება, კონკრეტულ წერტილამდე მიხვიდე.



– სიყვარული – ეს არის...

– მარიტა, რომელიც არის ლამაზი, მშვენიერი და საყვარელი. მან მომიტანა ისეთი შეგრძნებები, რომ მგონია, ამდენი ხანი ზუსტად მას ველოდებოდი. გულწრფელი ბედნიერების შეგრძნებები მომიტანა. ეს რომ არ დამენახა, არ გადავწყვეტდი თანაცხოვრებას. ჩემიანია, ჩემნაირია, ოღონდ ქალია. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ნეკნია (იცინის).


– ის, რაც უპატიებელია...

– თუ ჩაუღრამვდები, იფიქრებ, რა უნდა იყოს ისეთი, რომ არ აპატიო ადამიანს. ადამიანი, რომელიც თავის დანაკლისს იმით ივსებს, რასაც შენ გართმევს და მის ამოსავსებად არ ფიქრობს საკუთარ განვითარებაზე, ეს უპატიებელია, მით უმეტეს, თუ ახლობელია. მეც მქონია ერთი-ორი მსგავსი შემთხვევა, თითქოს რომ ცდილობდნენ წაეღოთ ჩემი ენერგია, თან მაშინ, როცა მათთვის ვიხარჯებოდი. ასეთ ადამიანს შეიძლება, ვეკონტაქტო, მაგრამ უმადურობა გულში ვერ ვაპატიო, რადგან მე ზომაზე მეტად მაქვს მადლიერების შეგრძნება.


– შემშურებია...

– მართლა ასეთი ბუნება მაქვს, რომ თვითონ შურის გრძნობა არ გამაჩნია, რომ მქონდეს, ვიტყოდი. პროფესიული კონკურენციის მომენტი მქონია, მაგალითად, როცა მინდოდა, ვიღაც ყოფილიყო ჩემი სტუმარი და სხვაგან მინახავს, არადა, ამ დროს მე ბევრად უფრო კარგად გამომივიდოდა. ამას შური არ ჰქვია. ჩემზე მთავარი როლები ჰქონიათ მსახიობებს, მაგრამ არ გამჩენია რაიმე მსგავსი გრძნობა მათ მიმართ. ჩემზე უკეთესი მანქანა შეუძენიათ, თუმცა ნერვი არ ამტოკებია. ხანდახან მსგავსი რაღაცები სტიმულის მომცემია და ფიქრობ, მან თუ შეძლო, მაშინ შენც გამოგივა.


– სამაგიეროს გადახდა...

– ასტროლოგმა გამაფრთხილა, რომ საკმაოდ კუდიანი ხარ და შურის საძიებლად შეიძლება, პირდაპირ ქმედება არ ჩაიდინო, მაგრამ ენერგეტიკულად დაანგრიოო. ამიტომ შენი ენერგია ცუდისკენ არ მიმართოო და არც არასდროს მიმიმართავს. ჩემს შემთხვევაში შურისძიება ყოფილა, როცა ჩემსას არ აღიარებდა ვიღაც, სნობიზმით იყო შეპყრობილი და მერე იმაში, რაშიც არ გაღიარებდა პირველი გახდი. ამ დროს ამ ადამიანის თვალები არის სანახავი, მოდის შენთან, გეუბნება, რომ მაგარი ხარ, მაგრამ იმ აურას მაინც ვერ მალავს, შიგნით რასაც განიცდის. ისე, ჩემი შურისძიება, ძირითადად, სიტყვაში გამოიხატება, ერთს რომ ვიტყვი და ამოვუშვებ გულიდან, შეიძლება, მას ეს ნათქვამი სამუდამოდ დარჩეს..


– ბოდიშის მოხდა...

– რაც არ მიჭირს, ეგაა, ოღონდ მაშინ, როცა მართლა მიმაჩნია, რომ დამნაშვე ვარ. ამ დროს ვერ ვისვენებ და რომ გავთავისუფლდე, ვისაც ვაწყენინე აუცილებლად ბოდიში უნდა მოვუხადო. შემიძლია, ეს ყველაფერი თავმოყვარეობაზე ზემოთ დავაყენო, ისეთი თავმოყვარეც არ ვარ, რომ ამ მხრივ შემაფერხოს.


– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ადამიანმა, რომელიც ძალიან ცუდ დღეში იყო ჩავარდნილი, მოწყვლად ჯგუფში შედიოდა, მხედველობა არ ჰქონდა და არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა, ისეთი რაღაცები გააკეთა, რომ შეცვალა ჩემი შეხედულებები კონკრეტული საკითხების მიმართ. უსინათლო, მარტოსულმა ადამიანმა შეინარჩუნა ღირსება, იუმორი, ბედნიერების შეგრძნება და თავიდან შექმნა ოჯახი. ამ დროს მივხვდი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დაყარო ფარ-ხმალი და ვერ განვითარდე. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. ამ ადამიანმა მოახდინა ჩემში ყველაზე დიდი გარდატეხა და მივხვდი, ის კი არ არის მთავარი, რაღაც არ დაკარგო და ამ დანაკარგმა ცხოვრება არ დაგინგრიოს, არამედ, ის, რომ სულ ყველაფერი რომც დაკარგო, თავიდან შეგიძლია შექმნა.


– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემმა პედაგოგმა მითხრა, არასოდეს შექმნა კუმირიო და დამამხსოვრდა. არ უნდა გააიდეალურო ვინმე, ვისაც შენი არსებით დაემონები და შენს ცხოვრებაზე ბოლომდე ექნება გავლენა.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი