ჯანო იზორია: ადამიანის ძალებს რაც აღემატება, იმასაც ვაკეთებ ხოლმე

26 May 2021 20:43

მსახიობ ჯანო იზორიასა და მისი მეუღლის, გვანცა ბადურაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, წყვილი პატარას მოლოდინშია. „დუბლი ორი“ – ასეთი სახელი დაარქვეს მათ ფოტოსესიას და საკუთარი ბედნიერება მეგობრებს სოციალური ქსელით გაუზიარეს.


Admixer

ჯანო იზორია: უკვე დაბადების თვეა, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ველოდებით, ფოტოსესიაც ამიტომ გავაკეთეთ. დავურეკეთ ჩვენს მეგობარს, თამარ გონჯილაშვილს და ვთხოვეთ გადაღება „დუბლი ორი“ – რადგან პირველი არის ევა, ხოლო მეორე – თებე. ხშირად არ გვახასიათებს ხოლმე ფოტოების სოციალურ ქსელში დადება, ამ მდგომარეობაში კი პირველად ავტვირთეთ და იმდენი სითბო და სიყვარული წამოვიდა, ძალიან გაგვიხარდა. მოგვინდა, ყველას გაეზიარებინა ჩვენი სიხარული, თან პანდემიურ გარემოში ყველა ისეთი დაძაბულია, ვეცადეთ, პოზიტივი შემოგვეტანა. ამაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც შემდეგ სახსოვრად დარჩება თებეს. ადრე არ იყო სოციალური ქსელები, მაგრამ ჩვენი მშობლებიც იღებდნენ სამახსოვროდ ფოტოებს. მეც მაქვს შავ-თეთრი ფოტო, სადაც დედა ჩემზე არის ფეხმძიმედ. ეს ძალიან მისტიკური და საოცარი რამაა ჩემთვის – უყურებ უკვე ზრდასრული და იცი, რომ იქ შენ ხარ, ჯერ კიდევ მუცელში.


– როგორ ჩაიარა ამ თითქმის ცხრა თვემ პამდემიის პირობებში?

– ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, გართულებების გარეშე, უკვე ფინალში ვართ. გვანცა ძალიან აქტიური და შრომისუნარიანია, ახლაც კი მუშაობს, ჯერ დეკრეტში არ გასულა. რაც შეეხება პანდემიას, ვფრთხილობდით, თუმცა დიდად არც შეგვიზღუდია თავი, რადგან ამბობენ, მუცლად მყოფ ბავშვს ყველაფერი ესმის და გრძნობსო. შესაბამისად შიშიც არ იქნებოდა გამონაკლისი, ამიტომ შევეცადეთ, ლაღად და მშვიდად გაგვევლო ეს პერიოდი.


– გვანცა პრეტენზიული ორსულია? არ გაძლევს ხოლმე „დავალებებს“?

– ამ დროს ადამიანს რაც მოუნდება, ყველაფერი უნდა შეუსრულო, მაგრამ გვანცა ისეთი არ მყავს ავოკადო და რაღაცები რომ მოითხოვოს (იცინის). ჯერ არ ჰქონია პრეტენზიები და თუ აწი ექნება, გაუჩინარს გავუჩენ (იცინის). ღამე რომ მოეთხოვა რამე, კომენდანტის საათს დავარღვევდი-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ პარტიზანულად

მოვახერხებდი, სურვილი ამესრულებინა და მერე შვილთან მექნებოდა სატრაბახო: მამა, იცი, დედა შენზე ორსულად რომ იყო, მაშინ, ღამე, კომენადანტის საათის დროს მომთხოვა ვაშლი და მე ეს შევძელი, მივუტანე-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით ასეთი დავალება და ბრძანება „გენერალს“ არ გაუცია. ზოგადად, ჩემთვის დედამიწაზე არ მოიძებნება ფეხმძიმე ადამიანზე ლამაზი არსება.


– ორი გოგონას მამობა როგორი შეგრძნებაა?

– გოგო მამასიაო, ნათქვამია, მაგრამ რა თქმა უნდა, ორივე მშობლისაა, თუმცა ამაში არის რაღაც სიმართლის მარცვალიც. ჩვენ ოჯახში სამი კაცი ვიყავით, დედა იყო მარტო ქალი და დედას მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება გვქონდა, უპირატესობას ყოველთვის მას ვანიჭებდით. მამა სულ ამბობდა ხოლმე, რომელიმე მაინც ყოფილიყავით გოგოო (იცინის). ახლა აუხდა ნატვრა და ბედნიერები ვართ.


– რას ფიქრობ, როგორი მამა ხარ?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ, სხვა იტყვის, როცა დრო გავა. ისიც არ მინდა, ვინმემ ქება-დიდება დამიწყოს. მზრუნველი ვარ. ხანდახან, თუ სიტუაცია მოითხოვს, ადამიანის ძალებს რაც აღემატება, იმასაც ვაკეთებ ხოლმე. როცა ევას სიცხე აქვს, ენით ვერ აღვწერ, მაგ დროს რა მემართება. როგორც ყველა მშობელი, მეც არ ვარ გამონაკლისი და სულ შვილების კეთილდღეობაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, ცხოვრებაში ისეთი რაღაცები გავუკეთო, რაც მე მაკლდა. ისე, მეგობრები ვართ და ეს დამოკიდებულება მექნება ყოველთვის, მაგრამ მეგობრობაც რაღაც ზღვარს ითვალისწინებს. ბუნებრივად უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის პატივისცემა და ის, რომ მშობელი შვილისთვის ავტორიტეტია. ზღვარს გასული ურთიერთობების, უმადურობისა და მსგავსი რამეების არ მწამს. ერთად უნდა იგიჟონ მშობლებმა და შვილებმა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ურთიერთობას ზომიერება ამშვენებს.


– თებე უცხო და ლამაზი სახელია, ვინ შეურჩია?

– გვანცამ შეურჩია სახელი, თუმცა საბოლოო არჩევანი ერთად გავაკეთეთ. ბერძნული, ქრისტიანული სახელია. ჩვენ ხომ კავშირი გვაქვს ბერძნებთან – ფოთი-ფაზისი (იცინის). ზღვას რომ უხდება, ისეთი სახელია. მინდა, რომ ჩემს შვილებს ძალიან უყვარდეთ ერთმანეთი და კარგი დობა ჰქონდეთ. ასევე, მინდა, ცხოვრებისეულად იყვნენ განათლებულები და ცხოვრებიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შეძლონ. წიგნიც აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მინახავს ადამიანები, რომლებსაც ბევრი წიგნი არ წაუკითხავთ, თუმცა იმაზე მეტი სცოდნიათ, ვისაც მთელი ბიბლიოთეკა ჰქონია გადაკითხული. ამიტომ ვამობ, ცხოვრებისეული განათლება აუცილებელია. მე რა მინდა, ერთია, მათი სურვილია აქ მთავარი. უბრალოდ, ამ გაციფრულებულ სამყაროში მსურს მიწიერები იყვნენ და ბუნებასთან ჰქონდეთ შეხება.



– აპირებ თებეს დაბადებას დაესწრო?

– არა, ჩემთან არ განიხილება ეს საკითხი, იმიტომ კი არა, რომ „აუფ“, და „ეგ რანაირად?“ ფოთში სამშობიაროს წინაა ჩემი სახლი და ეს ამბავი ჩემთვის არაა უცხო. უბრალოდ, მე არ შემიძლია, ემოციურად გავუძლო. ჩვეულებრივ ოპერაციაზეც რომ შემიყვანონ, იქაც ცუდად გავხდები, ამიტომ ვერ შევძლებ მშობიარობაზე დასწრებას. ეს არ არის ტრაგედია, ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას – არა. მე უფრო ის მაქვს სანერვიულო, რომ 10 რიცხვში გადაღებები მეწყება და შეიძლება, თებეს დაბადების დღეს დაემთხვეს. ევა როცა დაიბადა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვიყავი და წამით შევძელი ნახვა. ახლა ფილმის გადაღებები მექნება. საბოლოო ჯამში, არც ერთი გოგო არ იქნება ნაწყენი და ორივეს ექნება თავისი დაბადების ისტორია მოსაყოლი. მსგავს ამბებს ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ბევრი

საინტერესო რამ ხდება. თუმცა, მე არ ვიყავი ისეთი ბავშვი, ბევრი კითხვა რომ დამესვა მშობლებისთვის და ახლა, 41 წლის ასაკში, ვეკითხები ხოლმე მათ, რომ დავიბადე, რა ხდებოდა-მეთქი.


– ქორწინებამ რა შეცვალა შენი და გვანცას ურთიერთობაში?

– იქამდე, ვიდრე გვირგვინს დავიდგამდით და ოფიციალურად ცოლ-ქმარი გავხდებოდით, სულ ერთად ვიყავით, უბრალოდ, ღამე „ვიშლებოდით“. ახლა ის შეიცვალა, რომ სულ ერთად ვართ, სხვა მხრივ, დიდი ცვლილება არ ყოფილა. ამბობენ ხოლმე, ოჯახს რომ შექმნი, მერე სხვა პასუხისმგებლობა გეკისრებაო. პასუხსიმგებლობა მაშინაც გეკისრება, როცა უკვე გრძნობა გაგიჩნდება და გოგოს შენს შეყვარებულს არქმევ. ჩვენს შემთხვევაში გაძლიერდა ურთიერთობა და თებეს მოლოდინმა კიდევ უფრო გაამძაფრა გრძნობები. ამ ყველაფრის სიტყვებით ახსნა არ შემიძლია. ვერ ვხვდები, როგორ გადმოვცე, როცა დილით ვიღვიძებ და ვარ ბედნიერი, გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემი შვილის მოლოდინშია. გვანცას დამოკიდებულება ჩემ მიმართ კიდევ ცალკე საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა აქვს, მაქსიმალურად მიწყობს ხელს ჩემს საქმეში. ახლა გადაღებები დილის ხუთ საათზე მეწყება ხოლმე და ყველაფრის მიუხედავად, საოცარ ხელშეწყობას ვგრძნობ მისი მხრიდან. ჩემთვის ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გულწრფელად ვაფასებ.



P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის თამარ გონჯილაშვილს.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი