საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხედვა, რომელიც არასდროს წავა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია მედიისთვის, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი.
„ვფიქრობ, დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მონაპოვარი არა მარტო ჩვენი, ვინც აქ ვმუშაობთ, არამედ მთლიანად საზოგადოების. ეს დასაფასებელია, შესანარჩუნებელია და გარკვეულწილად, შეიძლება საბრძოლო ველიც იყოს. ჩემი, როგორც მოქალაქის და როგორც ამ დიდი ინსტიტუციის გენერალური დირექტორის, პასუხისმგებლობა უკავშირდება დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ, უნდა ვისწავლოთ ამ თავისუფლების სწორად გამოყენება. ამ მიმართულებით ვითარდება ტელევიზია, რადიო და ვებპლატფორმა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველა პლატფორმისთვის ვეძებთ თემებს, პროგრამებს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვაერთიანებს და არ გვყოფს. ეს მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთია 26 მაისი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის ყველა ქვეყანაში აქვს გამოწვევა.
„ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, ყველას რომ არ მოვწონვართ რაღაც ნაწილში, ვგულისხმობ პოლიტიკურ ელიტას, შეიძლება ჩვენთვის უკეთესიც იყოს.
ფუნდამენტური, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხედვა, რომელიც არასდროს წავა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხშირად ვსაუბრობთ პოლარიზებულ მედიაგარემოზე. ვფიქრობ, ჩვენი როლი ის არის, რომ ვეცადოთ, ეს საზოგადოება უკეთესი გავხადოთ, გამაერთიანებელი ფუნქცია ვიტვირთოთ. ხშირად გურამ დოჩანაშვილს დავესესხები ხოლმე, თუკი შევძლებთ ერთი ადამიანიც კი უკეთესი გავხადოთ, მგონია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.
კანონის ენით თუ ვისაუბრებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კანონით, კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რომ პოლიტიკური, კომერციული გავლენებისგან უნდა ვიყოთ თავისუფალი და ვფიქრობ, ეს ასეც არის და ასე უნდა გაგრძელდეს. ამას მაყურებელი ყოველდღიურად ხედავს, ჩვენი ნდობა იზრდება. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, სადაც ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უნდობლობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რაც ჩვენთვის კიდევ ორმაგად მეტი პასუხისმგებლობაა. 11,7 პროცენტი – ეს არის რეგულარული მაყურებლის რაოდენობა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეს კვლევა გვაძლევს კიდევ ერთხელ გაასმაგებულ პასუხისმგებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი გვენდობა და ჩვენზეა დამოკიდებული, ვიყოთ ისეთი პროდუქტის შემქმნელი, რა მოლოდინიც ჩვენგან აქვს საზოგადოებას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე წელია, საქართველოს პირველი არხი აღნიშნავს 26 მაისს უწყვეტი ეთერით.
„რაც შეგვიძლია ჩვენ, მედიამ გავაკეთოთ, ის არის, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად ვიმუშაოთ ჩვენი აუდიტორიისთვის. დილიდან ვცდილობთ, არ დავტოვოთ უყურადღებოდ არც ერთი თემა, რომელიც 26 მაისს უკავშირდება, ასევე ყოველწლიურად ამაყი ვარ, რომ გვაქვს შემეცნებითი მიმართულება, დოკუმენტური ფილმები ტელეპროგრამაში, ტიხრებში, რომელიც ეთერში გავიდა, გამოყენებულია უნიკალური რადიოარქივი, სადაც ისმის გენერალ კვინიტაძის, ივანე ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას ხმები, და ძალიან თანხვედრაშია თანამედროვეობასთან. ეს ფსევდოპატრიოტიზმი და პათეტიკა არ არის, მაგრამ რომ უსმენ, გგონია, ეს დღეს ხდება. ჩვენც ზუსტად იგივე გზა გვაქვს გასავლელი და არც არაფერი შეცვლილა. ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისგულზე დევს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
1tv.ge