მამულიჩა: ლელა გაიძახის, ძროხა უნდა მოვწველოო

27 May 2021 14:23

მამულიჩას და ლელა წურწუმიას ტანდემი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა როგორც პირად, ისე შემოქმედებით ცხოვრებაში და მრავალი წელია, წყვილი აქტუალობას არ კარგავს. პირიქით, ინტერესი მათ მიმართ სულ უფრო იზრდება და ისინიც ბევრს შრომობენ საამისოდ.


- კახი, რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდათ – ჩვენი ჟურნალის სახელით, გილოცავთ! როგორი იყო პანდემიის პირობებში ეს დღე?


კახი მამულაშვილი: დიდი მადლობა, დღემდე ვიღებ მოლოცვებს (იცინის). ღამე ლელას გადაცემას ვწერდით და 12 საათზე ჯგუფის წევრებმა სიურპრიზი გამიკეთეს – ტორტის სახით. მეორე დღეს მეგობარმა მარანში დაგვპატიჟა და მე და ლელამ წავიხემსეთ. როგორც კოვიდს შეეფერება, ისეთი დაბადების დღე მქონდა (იცინის). ფაქტობრივად, ოჯახის გარეშე გავატარეთ – მხოლოდ მე და ლელამ, შვილები და შვილიშვილებიც კი არ იყვნენ ჩვენთან ერთად.


– პანდემიამდე როგორი იყო ეს დღე?

– ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამქვეყნად გავჩნდი (იცინის). ზოგადად, აღვნიშნავ ხოლმე, მსიამოვნებს მეგობრების წრეში ყოფნა. საერთოდ, ხმაურიანი კაცი ვარ და არ შემიძლია სიწყნარეში გაჩერება. ჩემ ირგვლივ სულ ხმაური უნდა იყოს.

– კიდევ ერთხელ შექმენით ხმაურის მიზეზი კლიპის სახით, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიის ფონზე...


– პანდემიის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობდით ეკრანსა თუ ინტერნეტ-სივრცეში. კონცერტები არ არის და ბუნებრივია, ადამიანები აქეთ გადაიტანდნენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას. ზურა მანაგაძის სიმღერა „გიორგობისთვის“ ცოცხალი ვერსია „ნონ სტოპმა“ ჩაწერა „ბრავო რეკორდსში“ და ნესტან სინჯიკაშვილის იდეით, კლიპი სამხატვრო აკადემიაში გადავიღეთ. ერთი დღით შეგვიშვეს და მგონი, ძალიან ლამაზი გამოვიდა. „იუთუბზე“ ტრენდულებში მოხვდა. მყარად მივდიოდით წინ და ეს ორი დღეა, მყარადვე ვართ მესამე ადგილზე გაჩერებულები (იცინის).


მაკას ზამბახიძის კლიპი გავაკეთეთ დაბადების დღის თემაზე და ახლა უკვე ქართული ვერსიაც გვექნება. ლელას გადაცემაში იქნება პრემიერა, ასე რომ, მაკასთანაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ. მიუხედავად ყველაფრისა, აქტიური პერიოდია. რომ ვთქვა, მაინც არაფერი ხდებაო და გავჩერდე, ეს გამორიცხულია. ძალიან ოპტიმისტი ვარ და ვთვლი, რომ თუ არაფერს გააკეთებ, არც არაფერი მოხდება.


– ლელა რომ სულ ფორმაშია, ამას მიჩვეულები ვართ. ახალ კლიპშიც ძალიან სექსუალურია ბოდესა და გამჭვირვალე კაბაში. რას უკეთებთ ერთმანეთს ცოლ-ქმარი, ორივე რომ ასე გამოიყურებით?

– (იცინის) წარმოიდგინეთ, ცუდ ხასიათზე რომ ვართ ეკრანზე და მხოლოდ ჩვენი პრობლემების შესახებ ვყვებით, როგორი იქნება?! სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები, მაგრამ დადებითად რომ ხარ განწყობილი და ადამიანები შენზე ამბობენ, რა პოზიტიურები არიანო, ეს უფრო სასიამოვნო არაა?! სულ დაღვრემილი თუ ხარ, მერე აღარც არავინ გიყურებს. ლელა სულ ფორმაშია, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.


– ერთმანეთის მიმართ...

– გვბეზრდება თუ არა ერთმანეთი?

– სხვა რამეს გეკითხებოდით, მაგრამ რადგან ახსენეთ, ამაზე გავაგრძელოთ.


– ჩვენი ურთიერთობა უკვე მეგობრული უფროა (იცინის). ლელა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კომფორტული ურთიერთობა გვქონდეს. მეტი სილაღე, იუმორი, საერთო საქმე – ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება.


– რა იქნებოდა კახი ლელას გარეშე და პირიქით?

– არ ვიცი, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება (იცინის). ბევრს არ ვლაპარაკობ ამაზე, რომ თვალი არ გვეცეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში ლელას შევხვდი. ლელა ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ერთმანეთში არ ვურევთ ოჯახურ და საქმიან ურთიერთობებს. წყალგამყოფი ხაზი გვაქვს. საქმეში ერთმანეთის მიმართ ძალიან მომთხოვნები ვართ. ლელასთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი საქმე მოსცილდეს, კონცერტზე მივიდეს და ყველაფერი გააკეთოს ისე, როგორც უნდა. ჩემთვის, პირველ რიგში, დისციპლინა და ადამიანებთან ურთიერთობებია. ამით ვცხოვრობთ ამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინადადება გვქონდა რუსეთიდან, ისრაელიდან თუ სხვა ქვეყნებიდან, რომ წავსულიყავით და იქ გაგვეგრძელებინა მუშაობა, ლელამ თავის დროზე გადაწყვიტა, რომ აქ ყოფნა უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული თვალსაზრისით, ძალიან მაგარი წინადადებები გვქონდა. რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვცდილობთ, აქ გავაკეთოთ მაქსიმუმი. დღესაც ძალიან კარგი წინადადებები გვაქვს. კონკრეტულად რუსეთი ავიღოთ. იქ ლელას ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს და ნებისმიერ დროს რომ წავიდეს, პრობლემა არ ექნება, მაგრამ ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, არ უნდა. შეიძლება, კორპორატიულ ღონისძიებაზე წახვიდე და დაბრუნდე, მაგრამ იქ დარჩენაზე საბოლოოდ თქვა უარი და მის სიტყვას ყველა ვემორჩილებით (იცინის).


– ხომ ამბობენ, ქართულ ოჯახში ისეა, როგორც კაცი იტყვისო და თქვენთან პირიქით არის?

– ლელა ხო კაცია?! მაგით ვამართლებ ხოლმე (იცინის). საერთოდ, ადამიანებმა ურთიერთობები რომ შევინარჩუნოთ, არ უნდა ამოვწუროთ ერთმანეთი. საინტერესო უნდა დატოვო რაღაც და მაქსიმალურად ვცდილობთ, ასე მოვიქცეთ. დღეს შეიძლება, ერთი ვთქვათ და ხვალ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყოს, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და თითოეული დღე პოზიტიურად დატვირთული იყოს. არ ვფიქრობთ ცუდზე, არ ვუყურებთ ტელევიზორს. ჩვენს პრობლემებს რომ ჩავუღრმავდეთ, ჩავთვლით, რომ ხვალინდელი დღე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ ვხედავთ ან არ გვაწუხებს, მაგრამ ამ მიზეზით თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ. არალაღი ჩვენი ოჯახი მაშინვე დაიკარგება.


– წეღან ვიზუალზე გეკითხებოდით. ლელა რომ მაქსიმალისტია და სასურველი შედეგის მისაღწევად მსხვერპლის გაღება შეუძლია, ეს ყველამ ვიცით. მეუღლესთან მიმართებაში როგორია, გიჯიკებთ ხოლმე, როცა, მაგალითად, წონა გაგექცევათ?

– მე გამექცევა წონა?! (იცინის). სახლში კართან მიდევს სასწორი და კონკრეტულ წონას თუ გადავცდი, კარი არ გაიღება, ამიტომ სულ ვაკონტროლებ (იცინის). რომ გითხრათ, დიეტაზე ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ყოველ დილით ლისზე 9-12 კილომეტრს სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ. შენ გვერდით მდგომი ადამიანი რომ სულ ფორმაშია, შენც არა გაქვს უფლება, სხვანაირად მოიქცე. ლელას ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკვირდებიან და ლელაც მაქსიმალურად გვაკონტროლებს (იცინის). საქმეში იმდენად მომთხოვნია, კომპრომისებს ვერ დაუშვებს. ყველაფერს რომ ასე უდგება, იმიტომაც არის წარმატებული. სხვათა შორის, მისი გადაცემა „მთავარ არხზე“ ძალიან გვეხმარება. მოდით, რეალობას გავუსწოროთ თვალი – გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა. ეკრანზე რომ აღარ ხარ, ინტერნეტში არ ჩანხარ და კონცერტები აღარ გაქვს, კარგად იყავი. პაუზას თუ გააკეთებ, შენ უფრო მალე დაგივიწყებენ, ვიდრე შოუ-ბიზნესში შემოპარულებს.


– მარიამი შემოგიერთდათ საქმეში. ჰგავს მშობლებს?

– მარიამი ცალკე „ნონ სტოპშია“ და ცალკე გადაცემაზე გვყავს მომაგრებული, შტატში ზის, ჩვენი ფოტოგრაფია. ძალიან დამოუკიდებელია. თავის სამყარო აქვს, დიდი სამეგობრო და დამოუკიდებელად მუშაობს, არ შეგაწუხებს.

– ცნობილი ადამიანების შვილებს რომ პოპულარობა ავტომატურად გადაეცემათ ხოლმე, მას ეს მომენტი არ აქვს.

– არა. არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია. მართლა ძალიან დამოუკიდებელია.


– ერთი პერიოდი ნიუსები მხვდებოდა ხოლმე – სასიძო ჰყავს მამულიჩასო.

– ჩვენი ოჯახის წევრზე ამბობდნენ და ისე შეფუთეს ამბავი ფოტოებით, მეც დავიჯერე (იცინის). მერე თორნიკემაც დამირეკა, აბა, რას მატან მზითვებში რომ ვიცოდე მაინცო (იცინის).


– სხვათა შორის, უკვე დიდი გოგოა და სერიოზული გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მამა რას იტყვის?

– მაგ ამბავშიც ჭკვიანი გოგოა. არ მგონია, რამე დამიმალოს. ძალიან მენდობა, იცის, რომ არ არსებობს, რამე ზედმეტად დავუშალო. მგონია, რომ ასეთ რამეზე არ ფიქრობს, რომ ფიქრობდეს, მეტყოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. იმედია, ნიუსებით არ გავიგებ მარიკოს გათხოვებას (იცინის). მათი თაობა ამ ასაკში არც ფიქრობს მაგაზე. ეგ ჩემს დროს იყო, სხვა არაფერი რომ არ ხდებოდა. ახლა სხვა პრიორიტეტებია, განათლება, დამოუკიდებლობა, საკუთარი შემოსავალი და მარიკოც ასეა. თან ხვდება, რომ ოჯახს რომ ქმნი, სულ სხვა პასუხისმგებლობა გეკისრება, ოჯახის შექმნა გართობა არ არის.


– პანდემიამ ბევრი სოფლისკენ მიაბრუნა და მათ შორის ხართ თქვენც. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

– ლელას სამეგრელოში აქვს სოფელი. მე ქართლელი კაცი ვარ და არაფერი მაქვს, თბილისელად ვითვლები. დედაჩემი გურულია და მეც მთელი ბავშვობა გურიაში დავდიოდი, სოფელ კვირიკეთში. სახლიც გვქონდა და მიწაც. მერე ყველაფერი რომ აირია, ვეღარ ჩავდიოდი. პანდემია რომ დაიწყო, ყველამ დავიწყეთ მიწაზე ფიქრი და ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით. ძალიან ემოციური იყო, მთელი ბავშვობა გამახსენდა. 30 წელია, არ ჩავსულვარ, არადა უკეთესი ადგილი სად უნდა ნახო, ფანტასტიკური ბუნება, სახლის უკან მდინარე ბჟუჟი ჩამოდის – მეტი რა უნდა გინდოდეს?! სამი ათას კვადრატამდეა მიწა და პანდემია რომ გადაივლის და საშუალება გამოჩნდება, გვინდა, სახლს ხელი შევავლოთ. ამდენი წელია, მიტოვებულია და განახლებაა საჭირო. ეზოს ჩვენი ახლობლები აქცევდნენ ყურადღებას და მოვლილია.


– ლელას აქვს ნათქვამი, რომ ეხერხება მეურნეობის ამბები, ბარვაც კარგად გამოსდის...

– კი, გაიძახის, ძროხა უნდა მოვწველოო და მართლა უნდა ვიყიდო ძროხა, ვნახო, რა იცის (იცინის). ფერმა, ალბათ, არა, მაგრამ დიდი ეზოა და თავის დროზე, ხილიც ბევრი გვქონდა და სიმინდიც. ასე, რომ, მინიმუმ, ხილი მაინც გვექნება (იცინის). ამ პანდემიამ ეგ ქნა, სხვანაირად დავაფასეთ მიწა-წყალი. თან სასწაული ადგილია და აქამდე რატომ არ ჩავდიოდი, ვერ ვხვდები, სულ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს (იცინის). მთავარია, მშვიდობა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი