ალეკო ელისაშვილი რეგლამენტში ცვლილებებზე - თამაში რომ არის: “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით

28 May 2021 12:15

თამაში რომ არის: “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება არანაკლებ 4 დეპუტატს შეუძლია.


ელისაშვილის თქმით, მიუხედავად შენიშვნებისა, ცვლილებებს მიესალმება და მხარს დაუჭერს.


“თავად ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, ეს არის კარგი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით ამ ცვლილებებში აისახოს - რატომ 4 და რატომ არა მაგალითად, 3 ან 2 ან 1. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგებას ვგულისხმობთ, ნათელაშვილი მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ „მოქალაქეებს“ 2 დეპუტატი წარმოვადგენთ და ა.შ. თამაში რომ არის “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, რატომ 4 და არა 2?" - განაცხადა ელისაშვილმა.


ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას პრივილეგიები არ იზიდავს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სურს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცეს, ნდობის ჯგუფში მონაწილეობაა.


"ჩვენ არც ბენზინით ვსარგებლობთ და რა პრივილეგიებიც გვეკუთვნოდა, იმაზეც უარს ვამბობთ, ტელეფონის თანხის ჩარიცხვაზეც უარს ვამბობთ და ა.შ. ჯერ ერთი გვინდა რომ დავზოგოთ ეს თანხა, მეორეც არ გვჭირდება, ვირიცხავ ჩემთვის 25 ლარს და მყოფნის მთელი თვე და ბენზინს თავზე ხომ არ დავისხამ? - აგერ ვცხოვრობ (პარლამენტთან) 200 მეტრში," - განაცხადა ელისაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი