ხალხს შემცირებული შემოსავალი გაზრდილი გადასახადებისა და საკვების შესაძენადაც აღარ ეყოფა

28 May 2021 22:42

"წლის ბოლოს მოსახლეობას ყველაფერი მძიმე ტვირთად დაწვება და ვეღარც გაუმკლავდება”

მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება. სულ რაღაც ოთხ დღეში ბუნებრივი აირის  გადასახადი გაიზრდება. უკვე საგრძნობლად მომატებულია ელექტროენერგიის და წყლის ტარიფი. 


გაძვირებული კომუნალური გადასახადები მოსახლოებას მძიმე ტვირთად აწვება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათი შემოსავლები საკმაოდ შემცირებულია და უმუშევრობა გაზრდილია. 


ბუნებრივი გაზი “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკ-მა გუშინ მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად,1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.


ბუნერივი აირის გარდა, რომლის გადასახადი სულ რაღაც 4 დღეში 17%-ით მოიმატებს, წელს უკვე გაიზარდა დენისა და წყლის გადასახადიც. უფრო კონკრეტულად კი, პირველი იანვრიდან ელექტროენერგია საშუალოდ 20%-ით, წყალის კი 51%-ით გაძვირდა. გამოდის, რომ მოსახლოებამ წყლის ტარიფისთვის თვეში დაახლოებით 5 ლარით, ხოლო ელექტროენერგიისთვის 8-10 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს (მართალია, გაძვირებულ გადასახადს ჯერჯერობით მთავრობა ასუბსიდირებს, მაგრამ იანვრიდან მოსახლეობას ახალი ტარიფით გადახდა მოუწევს). გაზის მოხმარებისთვის კი ზაფხულის პერიოდში ყოველთვე 5 ლარის დამატება მოუწევს, ხოლო ზამთარში მინიმუმ - 20-25 ლარის. 


აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ კომუნალური გადასახადები მკვეთრად გაიზარდა. რთული ვითარება განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში შეიქმნება, როდესაც დენისა და გაზის მოხმარება საგრძნობლად იზრდება. 


ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ კომუნალური ტარიფების ცვლილება მოსახლოებას დიდ ფინანსურ პრობლემას შეუქმნის. 


"კომუნალური გადასახადების მატება, ყველაზე მეტად, გაჭირვებულ ფენას დაარტყამს. ბოლო ერთ წელიწადში კი ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ მოსახლოების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. ამაზე "საქსტატის" მონაცემებიც მეტყველებს. მოსახლეობის 67%-მა საკვებზე თანხების დაზოგვა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ 67%-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. 


საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმუშევრობა არის ძალიან გაზრდილი, ამიტომ მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა დასრულდება. ერთი სიტყვით, წლის ბოლოს მოსახლეობას ყველაფერი მძიმე ტვირთად დაწვება”, - განუცხადა “რეზონანსს” ჯანიაშვილმა.კომუნალური გადასახადების მატება ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია უმუშევრობა და შემცირებულია მოსახლოების შემოსავლები, თანაც ინფლაცია მიზნობრივზე (3%) ბევრად მაღალია (7.2%). ამას ოფიციალური სტატისტიკაც ვეღარ მალავეს.


მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეალური საშუალო ხელფასი 500 ლარია, გამოდის, რომ მოსახლეობის შემოსავლის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებში მიდის. დანარჩენილი საკვების შეძენას ხმარდება. ამ ყველაფერს კრიზისი ემატება. მოქალაქეების დიდ ნაწილს სხვადასხვა ტიპის დახმარება ჯერ კიდევ სჭირდება, ამ დროს კი მათ გადასახადებს უზრდიან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ პრობლემებს შექმნის. 


ფინანსისტი რამაზ გერლიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პირდაპირ ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების მატება მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ აისახება და ხალხის მხრიდან წამოსული პროტესტი ლოგიკურია. 


"შემოსავლები ნამდვილად იკლებს, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელზე მეტია. ამ დროს ყველა ხარჯი იზრდება და ხალხი უკვე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მოსახლეობის შეშფოთება აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. იქეთ არიან კომპანიები, ბიზნესი, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ უწყვეტად მიაწოდონ მომსახურება აბონენტებს, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. 


ლარი მერყეობს დოლართან მიმართებით, შესაბამისად, ეცემა მისი კურსი. ლოგიკურია, რომ ის ძირითადი პროდუქტი (გაზი, ელექტროენერგია) თუ არის იმპორტირებული და ზეგავლენას ახდენს ფასებზე, ის შემდეგომში უკვე აისახება კომპანიების საფასო პოლიტიკაში. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ლარის სიმყარე, რომელიც არის მთავარი პრობლემა მთელ ამ ჯაჭვში”, - განუცხადა “რეზონანსს” რამაზ გერლიანმა.


რეზონანსი


 


კომენტარები:

ფართი შოპი