სერგო ჩიხლაძე - გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას

29 May 2021 14:19

გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.


როგორც ჩიხლაძე აცხადებს, გახარია ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება.


გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება. როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება მას, თუნდაც, „ქართულ ოცნებასთან“, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება?


ბოლო სამ თვეს თუ არ ჩავთვლით, თვითონ იყო „ქართული ოცნების“ სახე, პირველი აღმასრულებელი, პირველი ნომერი, აქედან გამომდინარე, ვისთან ექნება პრეტენზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე? საკუთარ თავთან, თუ ბატონ ივანიშვილთან ? ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ პოზიციების დაცვა.


რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება. ის ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გიორგი გახარიას არასდროს მისცემს ხმას, ისევე როგორც სხვა რეალურად ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი. ის „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას, იქნება ეს კოალიცია, ალიანსი, თუ ასე შემდეგ“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.


ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება.




კომენტარები:

ფართი შოპი