რატომ ვერ უზიარებს მანანა თოდაძე საკუთარ წინათგრძნობას სხვებს და რა უთხრა მას ვანგამ

01 Jun 2021 09:40

მანანა თოდაძის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მისი ცხოვრება კიდევ ბევრი მიზეზით არის საინტერსო და ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე – სიზმრების სამყაროზე გვიამბობს.


– თქვით, რომ უფალი სამჯერ გამოგეცხადათ სიზმარში. როდის მოხდა ეს, თქვენი ცხოვრების რა მომენტში, როგორი იყო თითოეული სიზმარი და თუ იქონია ამან თქვენს ცხოვრებაზე გავლენა?


– უფალი ყველას არ ესიზმრება, სწორედ ეს არის ჩემთვის ბედნიერება, ამის პატივი, რომ მერგო. სამჯერ დამესიზმრა და სამივეჯერ ეკლესიაში იყო. როდესაც ძალიან მიჭირს, სწორედ, მაშინ მესიზმრება. მესამე სიზმარი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საოცარი იყო. 


გულის შეტევით მოვხდი კლინიკაში. საოპერაციო მაგიდაზე „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი. 

მხოლოდ უფლის იმედი მქონდა. რეანიმაციაში დამესიზმრა: ეკლესიაში ვიჯექი სკამზე. მარცხენა მხარეს მედგა ორი მოძღვარი, ღია ფერის სამოსელში. გავიხედე წინ და უცებ ტაძარში თეთრი სინათლე შემოიჭრა, ამ სინათლეში ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოდიოდა უფალი იესო, სულ თეთრებში გამოწყობილი. მომიახლოვდა და მოძღვრებს მიმართა: „ეს გოგო უნდა გადავარჩინოთ“. ჰაერში ხელები ჩამომისვა და გამეღვიძა. პირველად გავიგე უფლის ხმა. ვერ გადმოგცემთ, რა დღეში ჩავარდი. სიხარულით ტირილი ამივარდა, ემოციას ვერ ვმალავდი, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. გადავრჩი, უფალმა გადამარჩინა.


– პირველად რომ დაგესიზმრათ, იქნებ მაშინდელი ემოციები გაიხსენოთ.

– პირველად რომ დამესიზმრა, შიშით გამომეღვიძა, უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ჩემთვის მოულოდნელი და უცნაური იყო ამ ყველაფრის გათვითცნობიერება. დიდხანს ვფიქრობდი ამ სიზმარზე და მერე მივხვდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი – უფალმა იესომ ნიშანი მომცა, რომ ის ჩემ გვერდითაა და არაფერი გამიჭირდებოდა. მან თავისი არსებობა დამანახვა. ეს პირველი სიზმარი მაშინ ვნახე, როდესაც დავკარგე ბინა, ფული და იმედი! ამ სიზმარმა გამაძლიერა და ცხოვრება ნულიდან დავიწყე.


– ზოგადად, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სიზმრებთან, ხშირად ნახულობთ მათ? აგიხდებათ ხოლმე?

– სიზმარს გამუდმებით ვნახულობ, ორი წუთითაც რომ ჩამეძინოს, უკვე სიზმარს ვხედავ. სიზმარი ხშირად მიხდება და ახსნაც ვისწავლე. ძალიან უცნაური და მნიშვნელოვანი სიზმარი ვნახე. მაღალი სიცხე მქონდა – 42 გრადუსი და ანგინა. ისე ცუდად ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ასე მეგონა, დილამდე ვერ გავათენებდი. სულ ცოტა ხნით ჩამეძინა და ვხედავ მამაჩემს, აწ გარდაცვლილს. მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და ხელის გულზე წამლის ტაბლეტი ედო. მითხრა: „დალიე, შვილო, კარგად გახდები“. სიზმარშივე დავლიე ეს წამალი. ღრმად ჩამძინებია, მერე დედამ მითხრა. როდესაც გავიღვიძე, აღარც სიცხე მქონდა და აღარც ანგინა. ვერ ავხსნი, ეს რა იყო!.


პირველად ვყვები თქვენთან ერთი სიზმრის შესახებ. როდესაც ვანგა გარდაიცვალა, მესამე დღეს ვხედავ სიზმარს: სადღაც მთაზე, გამწვანებულ ბაღში ლამპიონებით განათებული, ულამაზესი სახლი დგას. ბაღის სიღრმიდან ვანგა გამოვიდა. უცებ ჩაირთო მუსიკა, ვანგა მომიახლოვდა და ხელი მომხვია. უცებ ცეკვა-ცეკვით ამაფრინა ზევით და მთელი კარ-მიდამო ცეკვით მოვიფრინეთ. შემდეგ ნელა დავეშვით და იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა: „დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან კარგი გოგოა“. შემდეგ ისევ იქით გაემართა, საიდანაც მოვიდა. ვინ იყვნენ იქ, არ ვიცი. რომ გამეღვიძა, შეშინებული და გაოგნებული ვიყავი. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი


– როგორი წინათგრძნობა გაქვთ?

– წინათგრძნობა გაძლიერებული მაქვს. ზოგჯერ მეშინია, ჩემი შიში გავახმოვანო. ხშირ შემთხვევაში ჩუმად ვარ, თუ რაიმე ცუდი ვიგრძენი, რასაც, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება, თქმას აზრი არ აქვს.


- რისი შიში გაქვთ და თუ გამოგდით საკუთარ თავზე მუშაობა მასთან საბრძოლველად?

– ვცდილობ, შიში არ მივიკარო, რადგან ვიცი, რომ ყველა უფლის ხელში ვართ, უფლის შვილები ვართ. რაც მოსახდენია, უფლის ნებით, ის მოხდება. საკუთარ თავზე აუცილებელია მუშაობა, რასაც ყოველთვის ვაკეთებ. ყველაზე კარგი მასწავლებელი ცხოვრებაა, რომელიც გასწავლის, განახვებს კარგს და ცუდს. ერთ რამეს მივხვდი, როდესაც ცხოვრებაში ცუდი რამე ხდება, ვინმემ დამიშავა ან მაწყენინა, მხოლოდ საკუთარ თავში ვეძებ მიზეზებს, რატომ მოხდა და სად დავუშვი შეცდომა, რამ განაპირობა კონფლიქტი. დამნაშავეს სხვაში აღარ ვეძებ.


– მოუყვეთ მკითხველს თქვენს წიგნზე – როგორ გადაწყვიტეთ მისი გამოცემა და თქვენი ცხოვრების რა პერიოდში შექმნილ ლექსებს უზიარებთ მათ.

– ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმღერის ლექსს. ლექსზეა დამოკიდებული სიმღერის წარმატება და პოპულარობა. ყოველთვის მიყვარდა ჩემთვის ჩანაწერების გაკეთება, ხან ლექსების, ხან პატარა ნოველების. ასე გროვდებოდა წლების განმავლობაში. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვუკითხავდი ჩემს ლექსებს. იძულებით მომიწია მოსკოვში გამგზავრება. ეს სხვა ისტორიაა. იქ უფრო მეტი დრო მქონდა და იგავ-არაკი და რამდენიმე პატარა ნოველა დავწერე. მეგობრების დაჟინებით მოვაგროვე ყველაფერი და მოსკოვში ძალიან ლამაზი და ხარისხიანი წიგნი დაიბეჭდა.


– ცოტა ხნის წინ ძალიან რთული პერიოდი გამოიარეთ. ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგეთ – ძმა და ბატონი თემური. როგორ გაუმკლავდით ამ ტკივილს და როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება მათ გარეშე?

– ყველაზე მოუნელებელი და მოუშუშებელია დედმამიშვილის – ძმის დაკარგვა. ძალიან მწარეა ამის გადატანა. ძმის დასაფლავების მეორე დღეს, ჩემი მეორე ძმა, ჩემი ნიკალა, ჩემი თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ვერ გადმოგცემთ, რა დღეში აღმოვჩნდი და რა გადავიტანე. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას! დღემდე ვერ ვეგუები მათ გარეშე ცხოვრებას.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი