ნიკა ქავთარაძე: ჩემთვის რომ ვინმეს უარი ეთქვა, ჩავთვლიდი, რომ ის შეცდა

02 Jun 2021 09:54

15 წლის შემდეგ ნიკა ქავთარაძის შოუ ეკრანს დაუბრუნდა. ამჯერად გადაცემის „ენ შოუ“ ნახვა მაყურებელს „ფორმულაზე“ შეუძლია. ხალისიანი განწყობა, ძველი და მონატრებული რუბრიკები და სასიამოვნო სიახლეები – მოკლედ, ამ შოუში ყველაფერია, რაც საღამოს მხიარულად გაგატარებინებთ.


ნიკა ქავთარაძე: ძალიან ბევრს ვფიქრობდით, გვინდოდა, „ფორმულაზე“ ისეთი გადაცემა გაგვეკეთებინა, რომელიც მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნიდა. „ენ შოუ“ ადამიანებს დღესაც, 15 წლის შემდეგაც, ახსოვთ, ზუსტად, განწყობისა და მხიარულების გამო. ეთერში ანონსი რომ გავიდა, პირველივე დღეს ტელევიზიის დერეფანში ყველა მის ქუდს ღიღინებდა.


დღეს ქვეყანასთან ერთად სატელევიზიო რეალობაც შეცვლილია და ადამიანებს არ აქვთ ისეთი გადაცემების არჩევანი, რომელსაც ოჯახთან ერთად უყურებენ, დაისვენებენ და გახალისდებიან, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. ამიტომ შევეცადეთ, ის განწყობა გადმოგვეტანა, რაც მაყურებელს ამ შოუსგან ახსოვდა და სიახლეებიც შემოვიტანეთ.


15 წელი მარსზე ხომ არ ვიყავით?! გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და ახლა ყოველ გადაცემაზე ათჯერ უფრო მეტს ვფიქრობთ, წინანდელზე ბევრად უფრო პროფესიონალურად ვუდგებით ყველა დეტალს. ახლა მაყურებელი შეიძლება, ორ ნაწილად გავყოთ: ერთი – ვისაც ახსოვს ეს გადაცემა და მასთან ნოსტალგიები აკავშირებს და მეორე – ახალი მაყურებელი, პირობითად, ოცი წლის ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს ძველი „ენ შოუ“. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ორმაგია – არ გაუცრუო იმედი, ვისაც ახსოვს და არც მას, ვინც შენგან სიახლეს ელოდება. ექვსი გადაცემა გავიდა ეთერში. ჯერჯერობით ყოველი შემდეგი წინაზე უკეთესია და ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.


– 15 წლის განმავლობაში, ელვირამდე, რა გზა გაიარა ნიკამ?


– „ენ შოუს“ შემდეგ ძალიან ბევრი რამ იყო: ტელეკომპანია „მზეზე“ იყო ჩემი შოუ „ტელევიზორი“, „იმედზეც“ მიმყავდა გასართობი შოუ „ინტუიცია“, „რუსთავი 2-ზე“ – „სოციალური ქსელი“, „კომედიზე“ – „სთენდაფ შოუ“, ვმუშაობდი და დღემდე ვმუშაობ „რადიო კომერსანტში“. „ფორმულაზე“ ამ შოუმდე იყო „ფსკერი“. იმედია, რამე არ გამომრჩა (იცინის).


– ელვირი როგორ შეიქმნა?

– ეს ქეთი დევდარიანის ფანტასტიკურ ტვინში შეიქმნა. სცენარი დაწერილი იყო, ქასთინგი მიმდინარეობდა და რაღაც მომენტში ირაკლი საღინაძეს, ქეთის და ალბათ, გიორგი ლიფონავას დაებადათ აზრი, რომ შეიძლებოდა, ეს როლი მე მომერგო. დამიძახეს, მეც ჩვეულებრივად გავიარე ქასთინგი და ასე აღმოვჩნდი სერიალში. ეს ძალიან საშიში პროცესია. ალბათ, არაფერზე, რაც კი აქამდე ტელევიზიაში გამიკეთებია, ამდენი არ მინერვიულია. დღემდე ასე ვუდგები და ყველა გადაღების წინ ძალიან ვნერვიულობ. ეს სასიამოვნო ნერვიულობაა, შიშსა და ცახცახს არ ვგულისხმობ. შოუ სხვა ამბავია, სერიალი – სულ სხვა. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ჩცდ არ არის დადებითი პერსონაჟებით გადაძეძგილი სერიალი, მაგრამ ჩემი გმირი, ალბათ, ყველაზე უნამუსო და თავგასული არსებაა. ქეთიმ გამომიწვია, მითხრა: იცოდე, ორ თვეში ქუჩაში ელვირი უნდა დაგიძახონო. გამოვიდა. დღესაც




მომესალმა უცხო ბიჭი და მითხრა, ქუჩაში თუ დავინახავდი ელვირს, არ მეგონაო. საბედნიეროდ, ელვირთან საერთო მხოლოდ ვიზუალი მაქვს და ტკბილი მეც მიყვარს.


– და წონის პრობლემა არც ნიკასთვის არის უცხო.

– ამ სეზონზე ელვირი ნაკლებს ჭამს და ნიკაც გახდა. მე ბავშვობიდან ბუთხუზა ვარ და მთელი ცხოვრებაა, დიეტას ვიცავ, მაგრამ ჯერ ფსიქოთერაპევტი არ დამჭირვებია. მაქვს წონის ზედა ზღვარი, რომელიც კილოგრამებში არა, დისკომფორტში გამოიხატება. თუ წონა რამეში მიშლის ხელს, მაგალითად, თუ ეკრანზე ჩემი თავი არ მომწონს, მაშინ ხდება შემაწუხებელი. ისე, დაახლოებით, ოცი წელია საგანგაშო წონის აღარ ვყოფილვარ. სხვა მხრივ, ღმერთმა არ ქნას, ნაცნობებში ვინმე ფიქრობდეს, რომ ელვირს ვგავარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან უკანა ფლანგზე იდგა და არ ჩანდა. ალბათ, ბავშვობიდან ქვეშ-ქვეშა და ბოროტი იყო. ამიტომ საჯაროობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არა, მაგრამ კომფორტი უყვარს და ამიტომაც ცხოვრობს დედასთან.


– ნათქვამი გაქვთ, ცუდი გოგოები მომწონდაო, რა იგულისხმება?

– მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ჩემთვის თავისუფლება და ორიგინალურობა ბევრად მომხიბლელი იყო, ვიდრე გამოხატვის ტრადიციული ფორმები. გონებაგახსნილი ადამიანი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე სილამაზე. მაშინ ადამიანებს სხვანაირად აფასებდნენ, ქცევების ფორმებიც განსხვავდებოდა, ყველაფირი დოგმატური იყო და მერხთან ჯდომის წესებიც კი არსებობდა. ვინც ამ ნორმებიდან იყო ამოვარდნილი, ის ითვლებოდა „ცუდად“.


– რატომ იყო ნიკასთვის მუდმივად აქტუალური პლატონური სიყვარული?

– ბავშვობიდან ვგიჟდები ადამიანებთან ურთიერთობაზე. მეორე მხრიდან პასუხი შესაძლოა, არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩემს ემოციებს ვერ აკნინებდა. შეიძლება, კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივსულიყავი, მაგალითად, ვიღაცას რომ ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩემი გონება ერთობოდა ამ ემოციებით, მომწონდა ის, რომ ვიღაც მიყვარდა. ვიყავი, სათვალიანი, ბუთხუზა და კარგი მოსწავლე – ჩემს ბავშვობაში ეგეთი გმირები კომიკურებად ითვლებოდნენ, მაგრამ ზუსტად იმან, რომ ასეთი ვიყავი, ჩემში იუმორი და სამყაროს განსხვავებულად ხედვა გააძლიერა. ეს საერთოდ არ მაკომპლექსებდა. ჩემთვის რომ ვინმეს უარი ეთქვა, ჩავთვლიდი, რომ ის შეცდა. არც ვასერიოზულებდი ამ ამბავს, უბრალოდ, კარგი მეგობარი ვიყავი, მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ეს იყო ამოსავალი. შეიძლება, ვიღაც მყვარებოდა, მაგრამ საერთოდ არ მეთქვა მისთვის. გაზიარება არ იყო მაინცდამაინც მნიშვნელოვანი.


– მერე ორმხრივი სიყვარულიც მოვიდა, მაგრამ დასრულდა. ძალიან ხმამაღლა ჟღერდა, როცა თქვით, არასერიოზული და ცოტა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო დაქორწინებაო. იშვიათად, რომ ვინმე ამას აღიარებდეს.

– მართლა ეგრე იყო და იმიტომ. ერთხელაც რომ არ გიფიქრია ამაზე და ისე იღებ გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის შესახებ, არასერიოზულია ეს ნაბიჯი და რა ვქნა, არასერიოზულად მოვიქეცი. მაგრამ გამოცდილების ამბავია. ბევრი ურთიერთობა იმიტომ არის საჭირო, რომ მიხვდე, რომელია ის, რომელიც დიდხანს უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებში არ იყო ასე. მაშინ ურთიერთობები არ იყო „მოსული“.


– ეს ნაბიჯი იმ გარემოთი იყო ნაკარნახევი?

– არა, სპონტანურად გადავწყვიტე. ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია.


– სამი შვილი და მამის ამპლუა. ეკრანიდან ყველა გიცნობთ და იციან, აქ როგორი ხართ, მაგრამ შვილები რას ამბობენ ნიკაზე?

– ალბათ, არსებობენ მამები, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან, მამები, რომლებიც უფრო მეტ საჩუქრებს ჩუქნიან, მაგრამ ჩემი შვილები, თუ რამით შეიძლება, ამაყობდნენ ჩემთან მიმართებაში, არის ზუსტად ის, რომ მე მათ აზრს ვცემ პატივს და მათ ცხოვრებას ჩემი შეხედულებებისამებრ არ ვმართავ. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გონებაგახსნილები და თბილები არიან.


– ერთი პერიოდი, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ნიკამ სამი შვილი მიატოვა...


– ყველას თავისი აზრი აქვს. შვილების მიტოვება – ეს სიტყვათშეთანხმება ჩემს მდგომარეობას ნამდვილად არ შეეფერება. არიან მამები, რომლებიც ცხოვრობენ სახლში საკუთარ შვილებთან ერთად, მაგრამ მაინც მიტოვებული ჰყავთ ისინი.


– როგორ გახდა ნიკა „სხისი შვილის გამტაცებელი“?

– ნიკა ქავთარაძემ მოიტაცა ზესტაფონში ვიღაც ბიჭი – ეს იყო გამტაცებლის სახელი და გვარი. მოკლედ, მამაჩემის მეგობრის შვილი მოიტაცეს და ფულს ითხოვდნენ. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. მამაჩემს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, ნიკამ ვიღაცის ბავშვი მოიტაცაო. გაოცებული პასუხობდა, სხვის ბავშვს რატომ მოიტაცებდა, სამი ჰყავს თვითონო.


– ოჯახის შექმნა მეორედ – ბევრი არიდებს თავს ამ გადაწყვეტილებას.

– მეორედ ოჯახის შექმნაზე ბევრად მეტი ვიფიქრე და ბევრად უფრო ვემზადებოდი, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ამჯერად ჩემი გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ეს არის ის სიყვარული, რომელსაც უნდა ვენდო. უკვე დიდი ვიყავი და შეცდომას აღარ დავუშვებდი. წლები გავიდა და აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნა მომინდა. არა ზოგადად ოჯახის შექმნა, ამ კონკრეტულ ადამიანთან ოჯახის შექმნას ვგულისხმობ. ოჯახი თუ უნდა მქონოდა, ამაზე მაგარს ვერ შევქმნიდი და ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. მე და ქეთის ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.


– თქვით, ძალიან მომწონდა ტელევიზია, მაგრამ იქ მოხვედრა წარმოუდგენლად მეჩვენებოდაო. როგორ დაიახლოვეთ ეს სამყარო?

– მაშინ ტელევიზია ჩემთვის ამერიკასავით უცხო იყო. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადავწყვიტე, „კავეენი“ მეთამაშა. ამან გამოიწვია ის, რომ დავუმეგობრდი ადამიანებს, რომელთა გზაც, რადიოს გავლით, ტელევიზიისკენ წავიდა.


– წარმოუდგენელი სამყარო რომ რეალობად იქცა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, უკვე რომ მშობლები ამაყობენ და ყველგან გცნობენ – ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– ოჯახი რომ ხვდება, შენი არჩეული გზა წარმატებისკენ მიდის, ეს ძალიან სასიამოვნოა. ერთი ამბავი გამახსენდა: უკვე რადიოში ვარ, ტელევიზიაშიც გამოვჩნდი, ხალხიც მცნობს და თავი ვარსკვლავი მგონია. ავტობუსით ვმგზავრობ და ერთ ქალთან ახლოს მიწევს დგომა. უცებ, დავაფიქსირე, რომ იმ ქალს ჯიბის ქურდი ვეგონე – ჩანთა გასწია და ძალიან ბოროტად შემომხედა. მაშინ მივხვდი, რომ ჯერ არ ვიყავი ვარსკვლავი (იცინის). სხვათა შორის, პირველი „ენ შოუს“ დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცნობენ. ადამიანებს მაშინდელი დადებითი ემოციები ახსოვთ და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველაფრის თავიდან დაწყება.


P.S. გამოყენებულია ვახო ქარელის ფოტოები.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი