საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თსუ-ის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სამინისტროს თანამშრომელთა და უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს. დოკუმენტის საფუძველზე, თსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარონ პრაქტიკა, ასევე სამხედრო საბაზისო და სამთო მომზადება, მოაწყონ ერთობლივი ალპინიადა, ითანამშრომლონ სამხედრო სამედიცინო სფეროში. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის სამეცნიერო პრაქტიკული შეხვედრების ორგანიზებას.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს: აკადემიური პერსონალის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში ჩართულობას, სამინისტროს საჭიროებების მიხედვით სამეცნიერო რესურსების მიწოდებას.