"ჩვეულებრივი მოსამსახურე ხარ, რომელსაც არათანასწორად ეპყრობიან... რადგან ფულს გიხდიან, ყველაფერი უნდა გააკეთო" - ძიძად ყოფნის სიძნელეები

05 Jun 2021 01:36

თუ დასაქმების საიტებს გადავხედავთ, ხშირად შევხვდებით განცხადებებს, რომ ოჯახი ეძებს ძიძას ბავშვის ან ბავშვების 24 საათით მოსავლელად და ამ ადამიანმა, ბავშვების აღზრდის გარდა, სხვა საქმეებიც უნდა შეითავსოს. ანაზღაურება, უმეტეს შემთხვევაში, საშუალო ხელფასზე (საქსტატის მიხედვით) გაცილებით ნაკლებია, ნახევარზე მეტ შემთხვევაში - 2-ჯერ ნაკლები და ძალიან მცირე შემთხვევაში კი საშუალო ხელფასის ტოლი ან ოდნავ მეტი. 


დატვირთვა თითქმის ყველგან ერთნაირია, თუმცა ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალშემოსავლიანი ის ოჯახი, რომელსაც ძიძის აყვანა სურს.


ქალაქურ დასახლებებში ცხოვრებისა და მუშაობის პირობებში, როცა სახლიდან მოშორებით დიდდროს ვატარებთ, ბავშვების ჯანსაღი განვითარებისა და აღზრდისთვის ძიძა აუცილებელი რგოლი გახდა. მაგრამ, ძიძების როლი გაცილებით დიდია, ვიდრე ბავშვების აღზრდაა.


“როცა არაფორმალურ შრომაში ხარ ჩაბმული, სახელმწიფოსთვის არ არსებობ, არავინ ხარ, ჩვეულებრივი მოსამსახურე ხარ, რომელსაც არათანასწორად ეპყრობიან. ზოგი თვლის, რომ რადგან ფულს გიხდიან, ყველაფერი უნდა გააკეთო. როცა რამდენჯერმე დამატებთ ფუნქციას შეითავსებ, ეს შემდეგ იღებს სისტემატურ ხასიათს და გადადის მოვალეობაში. მითუმეტეს, როცა ბავშვზე ემოციურად ხარ მიბმული, ეს ემოცია ბევრ რამეს გაკეთებინებს,“ - ამბობს რესპოდენტი ლია ჩაბოშვილი, 54 წლის ძიძა, რომელიც გამოიკითხა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სოფო შუბითიძის საინიციატივო ჯგუფის მიერ.


როგორც წესი, ბავშვებზე ზრუნვის გარდა, ოჯახებში ისინი ყოველდღიური საშინაო საქმის დიდ ნაწილს ასრულებენ, დამქირავებლებს დასვენების დროსუზრდიან და შემოსავლის გაზრდისა და მინიმუმ, არშემცირების საშუალებას იღებენ. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საშინაო შრომაში დაქირავებით ჩართული ადამიანები, დამქირავებელთა შემოსავლების 1,5-ჯერ გაზრდის საფუძველი ხდებიან. თუ კი ხელფასი X ლარი გვაქვს, ჩვენი შემოსავალის 20%-ს ძიძას ვუხდით და 80% „გვრჩება“, ძიძის გაწეული სამუშაო ჩვენი გასაკეთებელი რომ იყოს, შემოსავალი, მინიმუმ, გაგვინახევრდებოდა. ძიძების ყოლა საშუალებას აძლევს იმაზე 30%-ით მეტი გამოიმუშავოს ადამიანმა, ვიდრე მათ გარეშე შეძლებდა. ფაქტობრივად, ძიძებისთვის გადახდილი ფული გარკვეული ინვესტიციაა, რომელიც „ინვესტორს“ ყოველ თვე ჩადებულ თანხაზე 1,5-ჯერ მეტ მოგებას აძლევს.


ძიძების ირიბი პოზიტიური წილი ეკონომიკაში, სამწუხაროდ, დათვლილი არაა. მაგალითით გეტყვით რას ვგულისხმობთ. თუ ადამიანი, რომელსაც ძიძის დახმარებით საშინაო და აღმზრდელობითი საქმიანობის უდიდესი ნაწილის შესრულება არ უწევს და მისი შექმნილი დოვლათი, პირობითად, X-ს უდრის, რამდენის შექმნას შეძლებდა ძიძის არყოლის შემთხვევაში.



მსგავსი მნიშვნელოვანი ფუნქციის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს საზოგადოებებში, მათ შორის ჩვენთან, ძიძების უდიდესი ნაწილი არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, არაფორმალური ეკონომიკა არის კანონის დაფარვის ზონის მიღმა არსებული ის კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც ასრულებს კერძო პირი თუ ეკონომიკური ერთეული და არ აღიარებს სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმებებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზის“ მიხედვით, საქართველოში ძიძების 96% ქალია და ძიძების 96% ხელშეკრულების გარეშე, პირადი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს. მათი 82%-ის შემთხვევაში კი, კვირის სამუშაო საათები კანონით განსაზღვრულ 40 საათს აღემატება (რაც გასაკვირი სულაც არ არის).


რა რეალობას ქმნის ეს ძიძებისთვის?

ქართული კანონმდებლობა საშინაო საქმეში ჩართულ ადამიანებს „ვერ ხედავს“, შესაბამისად ძიძები მოკლებული არიან მრავალ სარგებელს. მაგალითად, ისინი ვერ სარგებლობენ პენსიის დანამატით. ანუ, მათი ისედაც დაბალანაზღაურებადი შრომა არ ჩანს და ამდენხნიანი მუშაობის შემდეგ საპენსიო დანამატსაც ვერ მიიღებენ, სხვა, ფორმალურ შრომაში ჩართული მშრომელებისაგან განსხვავებით.


პანდემიის პირობებში კი, ეს სხვაობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. სამსახურდაკარგულმა ძიძებმა 300 ლარის დახმარების ჯეროვნად მიღებაც ვერ შეძლეს.


„სახელმწიფოსგან მხოლოდ გაზაფხულზე მივიღეთ 300-ლარიანი დახმარება, შემოდგომაზე კი უარი მოგვივიდა, არ გეკუთვნითო, რა პრინციპით გვითხრეს უარი, არ ვიცი. უმუშევრობა მთელ ოჯახს შეეხო, თუმცა რაიმე სახის მხარდაჭერა არც მათ მიუღიათ,“ - ამბობს ნინო უბირია, ძიძა, რომელთან ინტერვიუც ზემოთაღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა.


ძიძების უდიდესი ნაწილი მოკლებულია სამსახურებრივ ჯანმრთელობის დაზღვევას, როცა იგივე პირობები ხელშეკრულებით დასაქმებულთა შემთხვევაში საპირისპიროა. ფაქტობრივად, სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შემთხვევაში, მედიკამენტების ყიდვაც საკუთარი გასამრჯელოდან უწევთ. ეს მიზერული ნაწილია.


კიდევ ერთი საინტერესო და ბევრისმთქმელი მაჩვენებელი გახლავთ დასაქმებული ძიძების საშუალო ასაკი. მათი უმრავლესობა შუა ხნის ასაკის (50-70) ქალები არიან, რისი მიზეზიც გასაგებია. ძიძების დიდი ნაწილი დროის უდიდეს ნაწილს სახლიდან შორს ატარებს, საკუთარი ბავშვის აღზრდის დრო კი არ აქვთ. თუ მშობლის მზრუნველობის ნაკლებობის პირობებში ბავშვის სრულფასოვნად აღზრდას ძიძა სჭირდება, ძიძად დასაქმებულს ძიძის აყვანის რესურსი არ აქვს. შესაბამისად, ძიძები საკუთარი მცირეწლოვანი შვილების სრულფასოვნად აღზრდას ვერ ახერხებენ. ცხადია, ამ პირობებში მყოფი ადამიანები არიან, მაგრამ სწორედ ამ უდიდესი პრობლემის თავიდან აცილების გამო ძიძად ის ქალები მუშაობენ, ვისაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი არ ჰყავს. როგორია, როცა სხვის შვილს ზრდი, შენი შვილის აღსაზრდელად კი ფული არ გყოფნის?!


თუ ძიძების ანაზღაურების დაბალ მაჩვენებლებსა და ძიძების ასაკს გავითვალისწინებთ, თვალწინ ძალიან ცუდი სურათი გვიდგება. ახალგაზრდა, ფინანსურად წარმატებულმა თაობამ, რომლებმაც ასაკოვნები სხვადასხვა კონკურენტანაზღაურებად სამსახურებში დავიწუნეთ, ამ დაწუნებულებს ჩვენივე ინტერესებს ვუქვემდებარებთ და მათ ხარჯზე ისევ ჩვენს შემოსავლებს ვზრდით. თან ეს ჩვენი მშობლების თაობაა...


2011 წელს გაერომ საშინაო საქმეში ჩართული მშრომელების უფლებათა დაცვის კონვენცია მიიღო, რომლის რატიფიცირებაც მსოფლიოს 31 ქვეყანამ მოახდინა, მათ შორის საქართველო არ გახლავთ. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არც ძიძების და არაფორმალურ შრომაში ჩართული არც ერთი სხვა ჯგუფის პროფესიული კავშირი არ ჩამოყალიბებულა, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ ადამიანთა უფლებების დაცვას. ეგ კი არა, ამ ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციაც კი არ არსებობს საქართველოში...


საქმიანობის წარმოება კი ყველა დონეზეა საჭირო, რადგან ვითარება მარტივი არ არის. კამათი სხვადასხვა საკითხზე შეიძლება, თუმცა ადამიანი, რომელიც სხვის შვილზე ზრუნავს და მის სრულფასოვნად აღზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, საკუთარი შვილის საკუთარი შვილის სრულფასოვნად აღზრდის საშუალება უნდა ჰქონდეს.


დღეს საქართველოში აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი ძიძების პრობლემებზე მუშაობს, მათ შორის ძიძების თემთან ურთიერთობის და კომუნიკაციის კუთხით საქმიანობს სოფო შუბითიძის საინიციატივო ჯგუფი - „ალტერნატივა სოციალური განვითარებისთვის“, რომელიც სამომავლოდ ძიძების შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებებით იმუშავებს. თუმცა, ამ და არა მხოლოდ ამ აქტივობის ეფექტიანობა იმაზე დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვებიან მასში ძიძები, რამდენად იაქტიურებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უფლებების დაცვაზე უარს თუ ვიტყვით, სხვა ამას არ/ვერ გააკეთებს.


mshoblebi.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი