ზურა ნიჟარაძე: რეკორდი მაქვს მოხსნილი – 800-მდე ქორწილში ვარ ნათამადები

05 Jun 2021 13:22

მსახიობ ზურა ნიჟარაძის განვლილი ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა იოლი. მიუხედავად ამისა, მაინც იუმორით სავსეა და როცა განვლილ გზაზე საუბრობს, თვალები ცრემლით ევსება. დიდმა ტრაგედიამ არ დასცა, არც გზას ასცდა და ბავშვობის ოცნებაც – ყოფილიყო მსახიობი, კეთილი ადამიანების გვერდით დგომით აიხდინა.


ზურა ნიჟარაძე: ბავშვობაში ცუდი მჭამელი ვიყავი. ბებია და დედა ჩანგლითა და კოვზით დამდევდნენ. არც ახლა ვჭამ ბევრს, მაგრამ წონაში მოვიმატე. ძვალმსხვილი კი ვიყავი, მაგრამ 22 წლამდე ვვარჯიშობდი, მხარბეჭიანი ვიყავი და პრესისგან მუცელზე კუბიკები მედო. როცა ვარჯიშს დავანებე თავი და ქეიფი დავიწყე, ბეჭები კი შემრჩა, მაგრამ მუცელი დამედო და შემაწუხა ზედმეტმა წონამ. 40 კილო მაქვს მომატებული. ზედმეტი კილოგრამები არ მაწუხებს და არც ჯანმრთელობას „ურტყამს“, ხარივით ჯანმრთელი ვარ. თუმცა, რუსეთში მქონდა გადაღებები; როლის გამო დიეტაზე ყოფნა მომიწია და ორ კვირაში 17 კილო დავიკელი.


– სერიალში ძალიან კარგი მამა, ქმარი და სიძე ჩანხართ. თუმცა, ცოლიც და სიდედრიც სულ უკმაყოფილოები არიან. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა?


– ამ ბოლოს, ხომ დავალაგე ურთიერთობა? (იცინის) რაც უნდა საყვარელი და ბუნჩულა იყო, ოჯახში არაფრის მაქნისი არ უნდათ და გეჩხუბებიან, თორემ, როცა შემომტანი ხდები და ფულს იშოვი, მერე ყველაფერი ლაგდება.


– ვიცი, კარგი თამადა ხართ. რა ასაკიდან დაიწყეთ დალევა?

– სხვათა შორის, პირველად მეათე კლასში დავთვერი, 23 წლისამ კი, ჩემი ძმაკაცის 350-კაციან ქორწილში ვითამადე. ამბობენ, კარგი თამადა ხარო. ფაქტობრივად, რეკორდი მაქვს მოხსნილი – 800-მდე ქორწილში ვარ ნათამადები. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა შაბათ-კვირა წაშლილი იყო, სულ სუფრის თავში ვიჯექი.


– ესე იგი, ყოველ შაბათ-კვირას გვარიანად ნასვამი იყავით?

– ასე ვერ ვიტყვი. ამდენი ღვინო რომ დამელია, მოვკვდებოდი. ზოგადად, ცოტას ვსვამდი და უფრო სუფრის გაძღოლაზე, იუმორსა და გართობაზე მქონდა აქცენტი. თამადობა ჩემთვის ორგანიზატორული ნიჭია, რასაც განათლება, იუმორი და ნასვამი ხალხის კონტროლი სჭირდება, ანუ, თამადობა, შემოქმედების ერთგვარი სინთეზია (იცინის). თუ ქორწილში ჩხუბი ხდება, ეს თამადის ბრალია. წარმოიდგინეთ, ამდენი ქორწილში ვარ ნათამადები და მხოლოდ ერთი 500-კაციანი ქორწილი მახსოვს, სადაც ჩხუბი მოხდა და მალევე დასრულდა. ჩავერიე კიდეც და ჩემი ძველი ნავარჯიშები ჯანი გამომადგა (იცინის). ალბათ, მე დავაკელი რაღაც. ადამიანმა ძალიან უნდა მთხოვოს თამადობა, რომ დავთანხმდე. სხვათა შორის, 25 წლის ასაკში, საკმაოდ ახალგაზრდას, ფაქტობრივად, ბავშვს, ჯანო იზორიას ძმის, ნიკუშას 800-კაციან გრანდიოზულ ქორწილში ვითამადე.


– თამადობაში ფული თუ აგიღიათ? უცნობ ადამიანებთან სუფრის გაძღოლა რთული არ არის?

– კი როგორ არა, ბევრჯერ. არ არის რთული უცხო სუფრაზე თამადობა. როცა დაპატიჟებული თამადა ხარ, პროფესიონალი ხარ და თავისთავად იცი, როგორ გაუძღვე სუფრას. სამშობლო ერთი გვაქვს, სიყვარული და მეგობრობა ყველას შეგვიძლია, ხელოვნება ყველას გვიყვარს, ბებია და ბაბუას დახასიათებას, კიდევ, რა უნდა...


– საკმაოდ დადებითი, იუმორით სავსე პერსონაჟების როლებს ირგებთ და ყველას ჰგონია, რეალურადაც ასეთი დალხენილი, მშვიდი და მარტივი ცხოვრება გქონდათ. როლების მიღმა, როგორი გზა გაიარეთ?


– ძალიან რთული ცხოვრების გზა მაქვს გავლილი. არცერთი როლი არ არის მორგებული ჩემს ცხოვრებაზე. ბევრჯერ წავქცეულვარ, თუმცა ავმდგარვარ და გამიგრძელებია ცხოვრება. როცა ქუთაისიდან ჩამოვედი და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, 17 წლის ვიყავი. მეორე კურსზე, 18 წლისას კი, მამა გარდამეცვალა, გული გაუსკდა. იმ დღეს დავბერდი, რომ გავიაზრე, რა მოხდა, როგორ დამემხო თავზე ყველაფერი. მეგონა, მეორე დღეს მზე აღარ ამოვიდოდა. სანამ მამა მყავდა, ლაღი ვიყავი, ყველგან დავდიოდი, არაფერი მანაღვლებდა. ბევრი ჩემი მეგობარი გზას ასცდა, ვერ შედგა როგორც არტისტი, ზოგი განარკომანდა, ზოგი გალოთდა, ზოგიც ციხეში აღმოჩნდა. მე ამას, ყველაფერს, გადავრჩი და ამის მიზეზი, სწორედ, ის პასუხისმგებლობა იყო, რასაც მამის გარდაცვალების მერე ოჯახისა და მეგობრების მიმართ ვგრძნობდი. ბევრი მეგობარი ჩემი გვერდით დგომით, დაღუპვასაც გადავარჩინე. ჩემს ოჯახში მარტო მამა მუშაობდა და ფინანსურად მასზე ვიყავით დამოკიდებული. ეს იყო ცხოვრებისგან პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა. დედა ახალგაზრდა იყო, ჩემი ძმა – 9 წლის, მე – სტუდენტი, ბებია – ლოგინად ჩავარდნილი, ბაბუა – მოხუცი... მამა იყო ყველაფერი და 44 წლის ასაკში გამოგვეცალა ხელიდან. ფაქტობრივად, სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა. არც ჯიბის ფული მქონდა და არც – სწავლის. მამის დაკარგვის გარდა, პროფესიასაც ვკარგავდი, რაც მთელი ბავშვობა მინდოდა. თუმცა, კეთილი ადამიანები არსებობენ და გოგი ქავთარაძის, გურამ საღარაძისა და ჩემი მეგობრების წყალობით, უნივერსიტეტში დავრჩი. მამის დაკრძალვიდან მესამე დღეს, სასაფლაოზე რომ უნდა გავსულიყავი, თბილისში წამოვედი და სპექტაკლი ვითამაშე. არ დამავიწყდება, გოგი ქავთარაძის სიტყვები, გიგა ლორთქიფანიძის კაბინეტში რომ შემიყვანა: არ შეიძლება ამ ბავშვის დაკარგვაო. უფასოზე გადამიყვანეს და სწავლა გავაგრძელე. გოგიმ, ფაქტობრივად, ჩემი მამობა იკისრა, თავისთან ცხოვრებაც შემომთავაზა, მაგრამ ბიძაჩემთან ვამჯობინე. გაჭირვებით, მაგრამ სწავლაც დავამთავრე, სარდაფის თეატრში ვთამაშობდი, სხვა თეატრებშიც დამაკავეს, გორის თეატრის დირექტორიც ვიყავი და დღემდე მოვედი. 


ასე რომ, დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია და რომ არა ჩემი სამეგობრო, არც კი ვიცი, დღეს სად და ვინ ვიქნებოდი. სხვათა შორის, მამას სიზმარში რომ ვხედავ, არ დაბერებულა, არ მომატებია წლები. მე გავიზარდე და ის ისევ ისეთია, ყოველთვის ახალგაზრდა დარჩება. არცერთი ადამიანი არ დამვიწყებია, ვინც იმ რთულ დროს თავზე ხელი გადამისვა, გვერდით დამიდგა და დამაიმედა. ამ ტრაგედიამ ცხოვრება დამანახვა და ურთიერთობაში ბევრი რამ მასწავლა. ვიღაცამ შეიძლება, ფული გაჩუქოს, ვიღაცამ კი თავზე გადაგისვას ხელი, ვიღაცამ გაგიღიმოს – ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო და სიკეთით გადაუხადო. მე მართლა ყველა ეს ადამიანი მახსოვს. არც ის სიტყვები დამავიწყდება: ნუ გეშინია, ზურიკელა, ყველაფერი კარგად იქნებაო. არც ის დამავიწყდება, როცა მეგობრები პირდაპირ ფულს ვერ მაძლევდნენ და დივანზე მიტოვებდნენ, ვითომ ჯიბიდან ამოუვარდათ. ამას, არასდროს დავუვიწყებ.


თბილისელები 




კომენტარები:

ფართი შოპი