ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

05 Jun 2021 13:39

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა.


ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა კოორდინირებულად მოქმედებასა და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს. ქვედანაყოფებმა ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო დაზვერვა, დანაღმული ველების მომზადება და ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გადალახვა როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში.


სწავლების მონაწილეებმა საკუთარი ქვედანაყოფების დაბრკოლებებში გატარებისა და გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ოპერაციებიც განახორციელეს. დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთ სარდლობის ბრიგადის მეთაურები დაესწრნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი