გახარიას მიერ მიტოვებულმა მინისტრთა კაბინეტმა, სააკაშვილს ეს საჩუქარი ვერ მიართვა, რითაც, როგორც ჩანს, მას უფრო შორს მიმავალი გეგმებიც ჩაუშალა - დავით ქართველიშვილი

05 Jun 2021 17:54

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, რომლის თანახმად კობახიძე ექსპრემიერი გიორგი გახარიას გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს უკავშირებს. კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.


„რაც შეეხება „რ-2“-ზე ირაკლი კობახიძის გუშინდელ ექსკლუზივებს - დამრჩა შეგრძნება „ჯერ სადა ვართ“. იმდენად წარმოუდგენლად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ პოლიტიკურ მოვლენათა თითქმის ყოველდღიური ცვალებადობა გკარნახობს - წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, „ჯერ სადა ხარ“.


გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, წარსულში თავისი აქტიური როლით სააკაშვილის რეჟიმის სხვადასხვა სეგმენტების „გაპრავების“ საქმეში - ეს ერთი ირიბი (თუ პირდაპირი?) მინიშნება.


მეორე - თბილისში ივლისის დასაწყისში დაგეგმილი პრაიდის ორგანიზებაში გახარიას პარტიის სავარაუდო მონაწილეობა, თავისი ძალზე პრაქტიკული და რაც მთავარია, სააკაშვილის გეგმებთან უნისონში მყოფი შედეგებით. „ლიბერალ/კონსერვატიულ“ სკამებს შორის მჯდომ სააკაშვილს ესმის, რომ გირჩი/სტრატეგია/ევროსაქებისა და ა.შ. ამომრჩეველი მას გამოეცალა ხელიდან. გახარიას მიერ პრაიდის სავარაუდო ორგანიზებით, სააკაშვილს ეძლევა საშუალება ეს ულტრალიბერალური ელექტორალური ნაწილი თუ არ დაიბრუნოს - გახარიას მაინც შეაკედლოს. ამით ურჩ „პერტიუკებზე“ შურისძიების ტკბილ გრძნობას ხელიდან გაუშვებდა?


და ამ ყველაფრის ფონზე - გახარიას თავდაპირველი ინიციატივა, მელიასათვის იმუნიტეტის საჩქარო წესით მოხსნის თაობაზე, სასამართლოს მიერ მოსალოდნელი, ლოგიკური და კანონიერი დაპატიმრების ვერდიქტის გამოტანის მოლოდინში, გასაგებია. ასევე გასაგებია, გახარიას შემდგომ მოვლენათა მომენტალური დამუხრუჭება სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში.


დიახ, 2-3-დღიანი დაყოვნება საშუალებას აძლევდა „ალამუთის ციხის“ დამცველებს რიცხობრივადაც გაემაგრებინათ თავისი რიგები. დიახ, ხელისუფლების უსუსურობისა და მიღებული გადაწყვეტილების „არალეგიტიმურად“ გამოჩენის შთაბეჭდილების შექმნაც სავსებით ლოგიკურად გამოიყურება - მით უმეტეს, იმ მომენტისთვის ამ ხელისუფლებას ჩამოშორებული გახარიას ფონზე.


გახარიას მიერ უმძიმეს მდგომარეობაში მიტოვებულმა მინისტრთა კაბინეტმა, სააკაშვილს ეს საჩუქარი ვერ მიართვა, რითაც როგორც ჩანს მას უფრო შორს მიმავალი გეგმებიც ჩაუშალა. ეს არის მხოლოდ შუალედური მოსაზრებები, პოლიტიკური ცხოვრება ყოველდღიურად ახალ სიურპრიზებს გვაწვდის, ასე რომ ვაცადოთ მეორე მხარესაც - გაგვანდოს მოვლენათა საკუთარი ვერსია, და შემდგომ დავუბრუნდეთ ამ მძიმე თემებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი