მარინა ჯანაშია: «ცხოვრება გარდაცვალების შემდეგაც რომ გრძელდება, საკუთარ თავზე გამოვცადე»

06 Jun 2021 00:47

«ალიას» «ოქროს არქივში» ინახება ცნობილი მსახიობის, მარინა ჯანაშიას ერთი უჩვეულო ინტერვიუ, სადაც ის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე საუბრობს.2015 წელი, «ალია», ავტორი მაია იასეშვილ თეატრისა და კინოს მსახიობის, მარინა ჯანაშიას ცხოვრებაში ბევრი ამოუცნობი მოვლენა მომხდარა. ყველაფერი კი მიღმიერ სამყაროში გამგზავრებით დაიწყო.


მარინა ჯანაშია:

– კაცობრიობას ჟამის დასაბამიდან დაჰყვა შიშის გრძნობა, ზოგადად, უამრავი ფობია არსებობს და ყველა ერთი შიშისკენ მიდის, ეს სიკვდილის შიშია. დიდი ხნის წინ დავკარგე გარდაცვალების შიში, რადგან ვნახე მარადისობის ქვეყანა. ავად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა გარემოცვა, რომლებიც საავადმყოფოში მახლდა, სულ ახლობლები და ნათესავები იყვნენ, მაინც «დავუსხლტდი» ხელიდან და წავედი. ბოლო წინადადება რაც მახსოვს, იყო ჩემი წნევის მაჩვენებელი, შემდეგ არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრის კუთხესთან. ჩემი დამშვიდობებაც აქედან დაიწყო, ფეხქვეშ რბილი ნიადაგი ვიგრძენი და როგორც სწრაფმავალი ლიფტი, ჩავედი ქვემოთ. სულისა და სხეულის გაყრა არ განმიცდია, არც ჩემი სხეული დამინახავს. ჩავედი მთლიანად. 

სულიც და სხეულიც ერთად იყვნენ განუყოფელნი. 

ჩავედი დამაბრმავებელ უკუნეთში, მერე დავინახე თვალისმომჭრელი გაჩახჩახებული გვირაბი და მე მივდიოდი სინათლისკენ. კი არ მივდიოდი, ისე მივფრინავდი, როგორც უსხეულო, საოცრად მსუბუქი, თითქმის უწონადობის შეგრძნება მქონდა. დავიარე თუ არა თბილი და გაბდღვიალებული გვირაბი, აღმოვჩნდი ზურმუხტისფერ მდელოზე, სხვათა შორის განსაცვიფრებელი ფერადოვნება არ მინახავს, როგორც სხვა კლინიკურ სიკვდილგამოვლილთაგან მომისმენია. მდელო ხასხასა მწვანე იყო, ყველაფერი დანარჩენი – თეთრი, ყვავილები, ფრთოსნები თუ ადამიანები. ძნელად გასარჩევია, ისინი ადამიანები იყვნენ, თუ ანგელოზები, რადგან ყველა მათგანი უჩვეულოდ ლამაზი იყო. ყველას თეთრი, ნეილონისმაგვარი სამოსი ეცვა, უმტვერო თოვლივით ქათქათა.


– გარდაცვლილი ახლობლები თუ ნახეთ?

– არა, ვერავინ ვერ ვიცანი, არავინ დამლაპარაკებია. იგრძნობოდა საოცარი კეთილსურნელება, ნეტარების გრძნობა დამეუფლა. უცებ ზურგზე ვიღაცამ სამი თითი დამადო და თქვა, – შენი დრო ჯერ არ მოსულა, უნდა დაბრუნდეო. იქ ვგრძნობდი, რომ მინდოდა საყვარელი ადამიანების ნახვა, მაგრამ რაკი დარჩენის დრო არ იყო, დავბრუნდი. მას შემდეგ, როგორც გითხარით, ათწლეულები გავიდა და დღემდე ვგრძნობ სამი თითის ანაბეჭდს. 


ის ადგილი, სადაც უხილავისგან შეხება ვიგრძენი, დღემდე დაბუჟებული მაქვს. როცა დავბრუნდი, კვლავ ჩამესმა ექიმების ხმა, ერთმანეთს ჩემს გაცოცხლებასა და ხელახლა დაბადებას ულოცავდნენ. ადამიანები ყოველთვის გაუცნობიერებლად ვცოდავთ, მაგრამ გაცნობიერებულად ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს ახლობლებთან შეხვედრის უფლება გვქონდეს. ის, რომ ცხოვრება გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომ ისე მინდა ვიცხოვრო, რომ კვლავ მოვხვდე თეთრ მარადისობაში, რომ მქონდეს უფლება, ჩემს ძალიან საყვარელ ადამიანებს შევხვდე.


– რა შეიცვალა თქვენთვის იმ დღის შემდეგ?

– შეგრძნებები ძალიან გამიმძაფრდა, მომეცა წინასწარმეტყველების ნიჭი, ზუსტად ვგრძნობდი, როდის რა გველოდა მეც და ჩემს შვილებსაც, ახლობლებსაც. ზოგჯერ აუცილებელი ყოფილა ჩემი წასვლა და ბოლო წუთში შემიცვლია გადაწყვეტილება. ამ წინათგრძნობამ ბევრი საფრთხე ამაცილა თავიდან, მაგალითად, მანქანაში ჩამჯდარი უკან წამოვედი, გულმა არ გამიწია, შინაგანმა ხმამ მითხრა, სახლში დაბრუნდიო, დავემორჩილე ამ ხმას და «მოკარნახეს». მართლაც გავიგე, რომ რამდენიმე საათში ავარია მოხდა და ეს მგზავრობა ფატალური შედეგებით დამთავრდა. მსგავსი მაგალითი ბევრი მახსოვს შვილებთან მიმართებაშიც.


– გიჯერებდნენ ყოველთვის?

– მიჯერებდნენ, რადგან იცოდნენ, ეს უბრალო თხოვნა არ იყო და არც იმის მცდელობა, რომ შვილები საკუთარ ნება-სურვილზე მეტარებინა. იცოდნენ, უტყუარი ინტუიცია რომ მქონდა და თუ არ მიიღებდნენ ჩემს რჩევებს, ცუდად დამთავრდებოდა მათი არჩევანი. ჩემს აკრძალვებს ყოველთვის მოსდევდა რაღაც დიდი საფრთხე, ერთხელ ფილმის გადაღებაზე ვიყავი ოდესაში, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აფხაზეთი ოკუპირებული, თუმცა პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო. რაკი გადაღებაზე ვიყავი, ჩემი შვილები დედაჩემს ჰყავდა ჩაბარებული და დასასვენებლად იყვნენ წასულები, მამაზე ფიქრი ამეკვიატა, გული ცუდს მიგრძნობდა, ვრეკავდი, ტელეფონს არავინ პასუხობდა, მამა რკინიგზელი იყო და საშუალება ჰქონდა, უფასოდ ემოგზაურა, სადაც მოისურვებდა. მეგონა, სადმე იყო წასული და თავს ვიმშვიდებდი. მართლაც, იმ საღამოს ვნახე ტელევიზიით, გია ჭანტურიას მიტინგი როგორ დაარბიეს, გამსახურდიას ხელისუფლების ომონებმა. მამაჩემი იყო ზვიადის პოლიტიკური შეხედულებების მოზიარე, მაგრამ მკაცრ, დაუმსახურებელ განაჩენს მაინც ვერ გაექცა. 


დავრეკე სახლში, საბედნიეროდ, მამამ მიპასუხა და მითხრა, – რა ბედნიერი ვარ, შენი ხმა კიდევ რომ გავიგონეო. თურმე უმოწყალოდ იყო ნაცემი «დუბინკებით», თავი ჰქონდა მძიმედ დაშავებული, ცოტა ხანში გრძნობა დაკარგა. ეს იყო ჩემი უკანასკნელი საუბარი მამასთან. რა თქმა უნდა, მამას უეცარი ავადმყოფობის მიზეზი ვერ გავიგეთ მანამ, სანამ პოლიციელები არ მოვიდნენ ჩვენთან და აბდაუბდა ლაპარაკი არ დაიწყეს, მათგან გავიგეთ, რომ უმოწყალოდ ნაცემი მამაჩემი «ჩორნი ვარონიდან» ჩამოაგდეს იმ მისამართზე, რაც მის საბუთებში ეწერა. როცა მამა სულს ებრძოდა, მე და ჩემს შვილს ყურში ჩაგვესმა მატარებლის გუგუნი საავადმყოფოს ეზოში, განცვიფრებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და დავიწყეთ იმის გარკვევა, რას მოასწავებდა ეს უცნაური ექო. ამ საუბარში ვიყავით, რომ გამოვიდა ექიმი და თქვა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. 


ეს თქვა თუ არა, მატარებლის ხმაც შეწყდა. ამ დღიდან არ გამიწყვეტია სულიერი ურთიერთობა მამასთან. მე მას ჩვეულებრივად ვესაუბრებოდი, როგორც ცოცხალს, და ტელეპათიურად მის პასუხებსაც ვისმენდი. იმ ქალაქებში, რომელიც მამას უყვარდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მამა დამყვებოდა და მიხსნიდა, სად რა იყო. ცუდი ორიენტაცია მაქვს, მაგრამ სადაც მამაჩემის სიახლოვეს ვგრძნობდი, არასოდეს დავკარგულვარ. წეღან ვთქვი, სიკვდილის შიშს ვძლიე-მეთქი, თუმცა მაინც მაქვს სიმაღლის ფობია, მაგრამ სადაც მამაჩემი დამყვებოდა, ცათამბჯენიდანაც უშიშრად გადმოვიხედავდი დაბლა. ამას წინათ ვიყავი ბებია-ბაბუას საფლავზე, მამის საფლავი იქ არ არის, უცებ ვიგრძენი, როგორ გაჩნდა მამაჩემი ჩემს გვერდით. ძალიან ბევრი ველაპარაკე და მისი პასუხიც მოვისმინე, დამშვიდებული წამოვედი თბილისში. სხვათა შორის, მამის დედასთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს, ვსაყვედურობდი მშობლებს, რომ მისი სახელი – ნადეჟდა არ დამარქვეს, რადგან ეს სახელი ქართულად იმედს ნიშნავს. ბებიაჩემი იმედი იყო, მე კი ჩემი შვილიშვილების იმედი ვარ. რამდენიმე წლის წინათ მოხდა ჩემი მძაფრი ინტუიციის დამადასტურებელი კიდევ ერთი ამბავი, ჭაბუა ამირეჯიბის ბერად შედგომა. როცა დათა თუთაშხიას პირველად ვკითხულობდი, მე ვგრძნობდი, რომ ბატონი ჭაბუა თავის სულიერ თავგადასავალს ბერად აღკვეცით გააგრძელებდა.


– სხვა სასწაულის მოწმეც ხომ არ გამხდარხართ?

– ჩემმა შვილმა ბექამ შექმნა ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები და ჩემი დედულეთის – სხვიტორის მოკრძალებულ ტაძარს შესწირა. იქ მოღვაწე მამა მიქაელმა მითხრა, – მზის ამოსვლის დროს უცნაურად ნათდება ხატები და ეს ბექას ძალას მატებსო. როცა ამას მეუბნებოდა, საკუთარი თვალით ვნახე ხატიდან გადმოსული სინათლე.


– ასტროლოგიის თუ გჯერათ?

– მიხეილ ცაგარელმა შემიდგინა პირადი ჰოროსკოპი, მარიამობის დღეს დაბადებული ქალწული ვარ, იქ ნაწინასწარმეტყველებია, რომ წარმატებით დავიწყებდი კარიერას, მერე იქნებოდა ხანგრძლივი პაუზა და მეორე ნახევრიდან კვლავ შევუყვებოდი აღმართს. 


მართლაც ყველაფერი მისი წინასწარმეტყველების მიხედვით მოხდა. 5-6 წელია, რაც დავკარგე წინასწარმეტყველების ნიჭი და მინდა გითხრათ, რომ დავისვენე. 


წარმატების მოზიდვას კი დადებითი ემოციით ვცდილობ. ბატონმა მიშა თუმანიშვილმა გვასწავლა, – ხშირად იყურეთ ცაში, ხშირად უყურეთ ვარსკვლავებს, იგრძენით ცხოვრების სურნელი და თავს არასოდეს მისცეთ დაბერების საშუალებაო.მან მხოლოდ მსახიობის ოსტატობა კი არა, ცხოვრებაც გვასწავლა, სიძნელეთა გაადვილებაც, და რაც მთავარია, ის, როცა კოსმოსს სიკეთეს, ღიმილსა და სიყვარულს გაუგზავნი, მხოლოდ სიხარულსა და ბედნიერებას მიიღებ. ამიტომაც არის, რომ გამარჯვებაც და წარმატებაც მათ მხარეს არის, ვინც მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობს, პოზიტიური აზროვნებით იმდიდრებს გონებასა და ფანტაზიის სამყაროს.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი