როგორ უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს მაია ჯაბუა, რისი არ ეშინია მას და როდის აკრიტიკებს თავის ცნობილ ქალიშვილს

08 Jun 2021 10:02

ეს პატარა გოგო საზოგადოებამ თავიდანვე შეიყვარა თავისი ლამაზი, რბილი ხმით, ეშმაკური გამოხედვითა და სცენაზე კოხტა მოძრაობებით. „როცა ჩაქრება ჭადრებში“ და მთელი მისი რეპერტუარი „მზიურიდან“ ოქროსფერ ხაზად დღემდე დასდევს მის ცხოვრებას. მაია ჯაბუას მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაშიც ძალიან გაუმართლა. აქვს საყვარელი საქმე და ჰყავს სამი შვილი.


– „მზიურის“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყავით, იმ პერიოდში, როდესაც ეს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელმა საქართველომ შეიყვარა. თავიდანვე გრძნობდით, აცნობიერებდით თქვენს უპირატესობას ამ მხრივ?


– არა მხოლოდ მე, ყველა ბავშვობიდანვე ვგრძნობდით, რომ ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა, ვიდრე სხვა ბავშვებს. მართლა ძალიან გამორჩეული იყო ჩვენი ბავშვობა. არავინ მოგზაურობდა ამდენს. ბედნიერები ვიყავით, ასეთ პატარა ასაკში სხვადასხვა ქვეყანას, სხვა კულტურას ვხედავდით.


– თქვენ რასაც აკეთებდით, ამას ნამდვილი შრომა ერქვა. პატარები იყავით, ბევრი რეპეტიცია, ხანგრძლივი მგზავრობა, შესაბამისად, ძალიან იღლებოდით, თქვენს თანატოლებთან თამაში გინდოდათ, დასვენება, რასაც ნაკლებად ახერხებდით.


– რა თქმა უნდა, ბავშვი რომ ხარ და ხედავ, შენი თანატოლები ეზოში თამაშობენ, ნაყინს ჭამენ, ველოსიპედით სეირნობენ, შენ ამ დროს ახალ სიმღერებს არჩევ, ოთახში ხარ გამოკეტილი, იღლები, ცოტა გბეზრდება ერთ სივრცეში დიდი დროით ყოფნა, მაგრამ ეს არის, სწორედ, ნებისყოფა, რომ გსიამოვნებს რასაც აკეთებ და ამიტომ უძლებ. ამ თვისებას პროფესიონალიზმი ჰქვია.


– ერთი ციდა ბავშვები თითქოს სამხედრო ნებისყოფით, სიმტკიცით და დისციპლინით ცხოვრობდით.


– კი, კი და ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. არტისტი ადამიანი ცოტა ჯარისკაცს ჰგავხარ. ფიზიკური ჯანმრთელობა, რკინის ნერვები, დიდი მოთმინებისა და ტაქტის უნარი გჭირდება. ეს თვისებები უნდა გქონდეს, რომ კარიერა შექმნა და მერე ამ ყველაფერს უნდა გაუძლო, ჯაჭვია.


– პირად ცხოვრებაში ცოტა სხვანაირად განვითარდა მოვლენები. სამჯერ შექმენით ოჯახი, სამივე მეუღლისგან შვილი გყავთ. ამ მხრივ, როგორ წარმოგედგინათ ცხოვრება?


– რომელ ადამიანს უნდა, რამდენჯერმე შექმნას ოჯახი?! ყველა ქალი ფიქრობს, გათხოვდეს, ერთი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეს, მაგრამ რა ვქნა, ასე მოხდა. რაც მთავარია, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს. ჩემი ბედნიერება ჩემი შვილებია, ჩემი საქმე, ჩემი მშობლები, დები, მეუღლე. ეს მინდოდა და მაქვს. ეს არის ბედნიერება, როდესაც გვერდით გყავს კარგი, ყველაზე ღირსეული, ჭკვიანი, დიდი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი, ნამდვილი მეორე ნახევარი, ის, ვინც გიყვარს და ძვიფასია შენთვის; აკეთებ იმ საქმეს, რაც შენც განიჭებს სიამოვნებას და სხვა ადამიანებსაც.


– ბევრი ფიქრობს, რომ ქალისთვის მხოლოდ ოჯახია მთავარი. არიან ქალები, რომლებიც ოჯახში ჩარჩნენ და საკუთარ საქმეში ვერაფერი გააკეთეს. თქვენზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

– ყველას თავის არჩევანი აქვს ცხოვრებაში, ვიღაც ფიქრობს, რომ კარიერაა მისთვის მთავარი და პირადი ცხოვრება მას ხელს შეუშლის, თუმცა ადამიანი არ არსებობს, რომ პირადი ცხოვრება არ უნდოდეს. ვიღაცისთვის პირიქით – ოჯახია მნიშვნელოვანი და ოჯახს გვერდზე ვერ გადადებს. ჩემს შემთხვევაში, მე ასე გადავწყვიტე. იმისთვის, რომ ბოლომდე ბედნიერი ვიყო, მე ეს ორივე მჭირდება – უნდა ვიმღერო და უნდა მქონდეს ოჯახი.


– პრობლემები, ალბათ, თქვენც ბევრი გქონიათ ცხოვრებაში, ისევე, როგორც ყველას. როგორ პოულობთ გამოსავალს, ცდილობთ, დამოუკიდებლად მოაგვაროთ თუ ვინმეს სთხოვთ რჩევა-დარიგებას?


– რა თქმა უნდა, ადამიანი ხარ და შეიძლება, შეგეშალოს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება საინტერესოა, მრავალფეროვანი, იმ პრობლემასაც თავის ადგილი აქვს, მოტივაციას გძენს, უფრო გაძლიერებს, უფრო მობილიზებულს გხდის. უბრალოდ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. მერე ხვდები და პასუხსაც იგებ, ის რატომ მოხდა. თუ ადამიანს სულითა და გულით გინდა, მაინც ყველაფერს ასწრებ და აკეთებ.


– ადამიანს იმის შიში, რომ რაღაცას ვერ მოაგვარებს ცხოვრებაში, მაინც აქვს. ზოგადად, რისი გეშინიათ?

– საერთოდ, მე არ მეშინია პრობლემების და სხვასაც შემიძლია ვურჩიო, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფრის შეგეშინდეთ, შიში მაინც არ გიშველით. უბრალოდ, უნდა მიიღო ის განსაცდელი, ის პრობლემა, რის წინაშეც დგახარ და რასაც ცხოვრება გიგზავნის. მშვიდი ვარ და ობიექტურ რეალობას ვიღებ. რაღაცის დამალვა, ილუზიების შექმნა არ მიყვარს, რომ თავი მოვიტყუო.


– რომელი პერიოდიდან დაიწყებდით ცხოვრებას თავიდან, თქვენი ცხოვრების სიანტერესო მომენტები ხომ არსებობს, რომლებიც ძალიან გენატრებათ? ბავშვობაზე უკვე ვისაუბრეთ. ამის მერე.


– მაინც ვიტყოდი, ბავშვობიდან, საიდანაც აქამდე მოვედი, საიდანაც დაიწყო ჩემი ცხოვრება სახელად – მაია ჯაბუა. როცა პატარა ვიყავი, როცა ყველა გვერდით მყავდა, ვიყავი უზრუნველი და სიკვდილი ძალიან შორს იყო – ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. იცით, არ ვარ წარსულში ჩარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ძალიან საინტერესო და ლაღი ცხოვრება მქონდა, მე ის, უბრალოდ, კარგად მახსენდება და არ მივტირი. პირიქით. ვთვლი, რომ ესე იგი, კარგად მიცხოვრია. დღეს რაც მაქვს, იმის მადლიერი ვარ, მიხარია და ვაფასებ. ყველა ჯანმრთელად და ცოცხალი მყავს. ყველაზე ბუნდოვანი მაინც მომავალია. ვიღაც ცუდს ელოდება, მე, პირიქით, ცხოვრებისგან მხოლოდ კარგს ველოდები. პრინციპში, აქ განწყობაა ყველაზე მნიშვნელოვანი შენ რა განწყობით ცხოვრობ.


– ლიზა ყენია – თქვენი ქალიშვილი. როგორ აფასებთ მას, როგორც მომღერალს, როგორ მოგწონთ მისი თამამი ფოტოები, ნახატები, ის პატარ-პატარა კლიპები თუ ტიკ-ტოკები, გატაცებები, მისწარფებები, ჩაცმის, ვარცხნილობის სტილი... როგორი დედა ხართ მკაცრი თუ ამყოლი?


– როგორ ვუყურებ და ძალიან ვგულშემატკივრობ. როცა საჭიროა, რჩევას ვაძლევ, როცა გასაკრიტიკებელია – ვაკრიტიკებ... მე, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე, რომ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო და არა, როგორც მაიას შვილი. ეს ლიზამ პატარაობიდანვე დაამტკიცა. არის ნიჭიერი, თვითმყოფადი, ხატავს, ცეკვავს ძალიან კარგად, ძალიან ნიჭიერი ადამიანია.


– ამხელა ოჯახი გაქვთ. არის ხოლმე ხმაურიანი სიტუაციები, კამათი, გაუგებრობები?

– ხმაურიანი სიტუაციები არ გვაქვს. არ არის ჩვენი ოჯახი ასეთი, სადაც არის ჩხუბი, გაუგებრობები. ბევრისგან მომისმენია, როგორ შეიძლება, წყვილმა არ იჩხუბოსო, სადაც სიყვარულია, იქ კამათიაო... არა, კამათიც კი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენს ოჯახში სულ სიცილ-ხარხარია, იმიტომ რომ სამივე უკვე დიდები არიან და კარგად ესმით ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. რაც ძალიან მომწონს – ჩემი შვილები ერთმანეთზე ძალიან ზრუნავენ.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი