ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ფეხით გამოგათრევთო, რომ მპირდებოდნენ და ახლა შემოდიან, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში? - წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით

08 Jun 2021 15:16

ფეხით გამოგათრევთო, მე რომ მპირდებოდნენ და თავისი ფეხით შემოდიან ახლა, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში? - ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განუცხადა.


მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური ალღო და არც პრაგმატიზმი და პარლამენტში „გაბანძებულები“ შედიან.


„ხომ დადასტურდა, რომ ცამდე მართლები ვიყავით. ხომ დადასტურდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ამაზე ვაფრთხილებდით „ნაციონალურ მოძრაობას" - ნუ ხართ უგულავას და ბოკერიას აყოლილები. ამიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან გაბანძებულები. 5 კითხვა მაქვს და მინდა დავუსვა „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ეხება მათ შემოსვლას.


ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი და არც ამ ქვეყნის სიყვარული. აწვალეს ქვეყანა. ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში. რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ, ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახსენთო. თვითონ რას აკეთებენ? 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე, ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ, რომ აქ მოსვლა მოუწევდათ",- განაცხადა ელისაშვილმა.


ასევე ის “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და აცხადებს, რომ პარლამენტში სამუშაო გარემო უნდა იყოს და არა ცირკი.


„თუ აპირებენ ცირკი გამართონ, ეს იქნება ძალიან ცუდი და ყოველ ჯერზე მიიღებენ ჩემგან პასუხს. ვისურვებდი ახლა მაინც დაგვიჯერონ და საქმის საკეთებლად შემოვიდნენ ",- განაცხადა ელისაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი