ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობაზე“ - იძახდნენ, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა ცარიელი „პუფი“, ალბათ, „პუფის“ საყიდლად არიან წასულები, რომ თავის თავს გვერდით მოუდგან

08 Jun 2021 17:26

იძახდნენ, რომ ვინც საკანონმდებლო ორგანოში შემოვიდოდა, იქნებოდა ცარიელი „პუფი“, ახლა რომ შემოდიან, ალბათ, „პუფის“ საყიდლად არიან წასულები, რომ თავის თავს გვერდით მოუდგან,- ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის" შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში შესვლის გამბედაობა არ ჰყოფნით.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ დღეს შემოვიდოდა პარლამენტში, თუმცა სესია მიმდინარეობს 12 საათიდან და თქვენ აქ ვერცერთ წარმომადგენელს ვერ ნახავთ. ვფიქრობ, მათ ამ ეტაპზე გამბედაობა არ ჰყოფნით, რასაც ერთადერთი მიზეზით გავამართლებდი, თუ ისინი აქ შემოსვლამდე შეივლიან ევროკავშირის ოფისში და მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს. სხვა შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. რამდენადაც გაჯიუტდებიან, უარესი იქნება მათთვის. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი გატეხილი სიტყვა, მათი არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომ ჯერ კანონი ვერ აღსრულდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" თავზე და ეს სახელმწიფომ პირნათლად შეასრულა; მერე იყო, რომ ვინც ბატონ მელიას გირაოს გადაუხდიდა, ის მისთვის იქნებოდა მტერი და როგორც ჩანს, ევროკავშირი არის მათთვის მტერი. შემდეგ იძახდნენ, რომ ვინც საკანონმდებლო ორგანოში შემოვიდოდა, იქნებოდა ცარიელი „პუფი“, ახლა რომ შემოდიან, ალბათ, „პუფის“ საყიდლად არიან წასულები, რომ თავის თავს გვერდით მოუდგან. „ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგში ჩარჩენილი, უაღრესად დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ პარლამენტში და არა მარტო პარლამენტში, ქვეყანაშიც, ჩვენ მათ არ ავარევინებთ სიტუაციას, არ ავარევინებთ ქვეყანას და საპარლამენტო საქმიანობას! მინდა მოვუწოდო, რომ თავიანთი დესტრუქციული მოქმედებები დატოვონ თავიანთ ოფისში და პარლამენტში შემობრძანდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საჭიროებებზე ვიყოთ ფოკუსირებულები. ვისურვებდი, მოიკრიბონ ძალა, გამოვიდნენ ლაბირინთიდან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა და დაუბრუნდნენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი