გიორგი გახარია - „არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულო ჯარისკაცები და პოლიციელები და მერე თქვა, რომ ეს პოლიტიკური შეფასება იყო“

09 Jun 2021 17:14

გიორგი გახარიამ სატელევიზიო ინტერვიუში გადაცემაში „რეაქცია“, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჭორაობა და ცილისწამებაა, როცა ჯერ ადანაშაულებ ჯარისკაცებს, პოლიციელებს და მოქმედ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში და შემდეგ ამას პოლიტიკურ განცხადებას უწოდებ. 


- რაც შეეხება ამ ბატონს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ისაუბრა, ადამიანმა (იგულისხმება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე), რომელმაც თქვა, რომ გახარია სახელმწიფოს  გვიუქმებდა, მელია რომ არ დაგვეჭირა ჩვენ იმ დღეს და სწრაფად, სახელმწიფო გაუქმდებოდაო. ეს ადამიანი გამოვიდა და თქვა, მე ინფორმაცია მქონდა შეთქმულების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა მიშა სააკაშვილი, გახარია, 20 პოლიციელი და ჯარის, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა და პრემიერ-მინისტრს, მოქმედ პერმიერ-მინისტრს დავუმალეთო. ძალოვნები ფეხქვეშ გათელა! უშიშროების სამსახური  არ არსებობს?! როცა ჰკითხეს, ეს 20 კაცი სად არის, მათი სახელები და გვარები  არ ვიცითო.


 ამის შემდგომ, ჩვენ გამოვედით და ვთქვით, სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება! ჩვენ ამ ხალხს მივაწვებით ბოლომდე! არ შეიძლება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულო შენი ქვეყნის პოლიციელები და ჯარისკაცები, მერე კი თქვა - ეს პოლიტიკური განცხადება იყოო! ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შეეშინდათ და ნაბიჯი გადადგეს უკან. თუ პოლიტიკური სპეკულაცია იყო, ესე იგი, გამოდის, რომ 4 თვე არაფერი ხდებოდა, ეს ახლა გამოვიდა, რაღაც მომენტში, ჩათვალა პოლიტიკურად მისთვის საინტერესოდ და თქვა ეს. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს პოლიტიკური შეფასებების თემა იყო? მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შესაბამისმა ორგანოებმა გადაამოწმეს ეს ინფორმაცია? სად არის ეს ინფორმაცია? იქნებ, დღეს ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებში ჯაშუშები არიან? იქნებ, მე ვიყავი ჯაშუში? რეალურად, ადამიანი, რომელიც ამბობს ოფიციალურად, რომ მზადდებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, რომლის ნაწილი იყო სააკაშვილი და გახარია, თან ამაში ჩარეულები იყვნენ მოქმედი პოლიციელები და ჯარისკაცებიო, და ამას არ მოჰყვება არანაირი სამართლებრივი რეაგირება, ეს არის ჭორაობა და ცილისწამება, იმისთვის, რომ შემდგომ, დღევანდელი თუ გუშინდელი განცხადებისთვის რაღაც საფუძველი მოემზადებინათ! - განაცხადა „საქართველოსთვის“ ლიდერმა.




კომენტარები:

ფართი შოპი