სალომე ბაკურაძე: ბებიის ოცნება 36 წლის ასაკში ავასრულე

09 Jun 2021 19:36

პოზიტიური, საყვარელი და ყოველთვის მომღიმარი მომღერალი სალომე ბაკურაძე საოცარ ფორმაში ჩადგა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსობაც გადასარევად მოირგო. მართალია, სცენაზე ასვლა და თავისი ერთგული მსმენელისთვის სიმღერა ენატრება, თუმცა, იმედი აქვს, სიტუაცია მალე გამოსწორდება. მანამდე კი კლინიკაში მისულ პაციენტებს თეთრ ხალათში ხვდება, მასპინძლობს და სტრესსა და შიშს უქრობს.


სალომე ბაკურაძე: ბოლო დროს სცენაზე რომ ვერ ავდივარ, ცოტა მოვიწყინე. გაგებით მოვეკიდე ამ ამბავს, მაგრამ ძალიან გაგრძელდა ეს პროცესი და სხვა გამოსავალი რომ არ არის, ისევ მოთმინებით ველოდები, როდის დაგვიძახებენ და ავბაკუნდები სცენაზე. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ჩვენი პროფესიის ადამიანები მხოლოდ გართობის ჟამს სჭირდება ხალხს. არადა, დიდი სურვილი მაქვს, მთელი მსოფლიო მალე ისეთ ხასიათზე დადგეს, რომ ყველაზე საჭირო ჩვენი პროფესია იყოს. თუ მეძლევა საშუალება, სცენაზე ავვარდე, არსად უკან არ ვიხევ.


– რა პროფესიის ხარ?

– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ.


– გავიგე, სამედიცინო სფეროში დაიწყე მუშაობა. თუ საიდუმლო არ არის, როგორ მოხვდი იქ და როგორ მოირგე თეთრი ხალათი?

– დიახ, ამ ბოლო პერიოდში თეთრი ხალათი ჩავიცი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გავხდი. ვხუმრობ: საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი გავხდი, აბა, უმცროსობას მე ვინ მაკადრებს-მეთქი (იცინის). ჩემი ქმრის ბებიისა და დედის კლინიკაში, კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა. მანამდე, ხშირად ვმონაწილეობდი მათ საქველმოქმედო ღონისძებებში, აქტიურად ვიყავი ჩართული, თუმცა ახლა უკვე დიდი დოზით ვარ და ამ ოჯახის ოფიციალური, სრულფასოვანი, თეთრხალათიანი წევრი გავხდი. არც პრივილეგიებით ვსარგებლობ და დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ. თან, ჩემმა მეგობრებმა და ნაცნობებმა ჩემი ამბავი რომ გაიგეს, ისინიც დაგვემატნენ პაციენტების სიაში (იცინის). ზოგი აცრისთვის მოდის, ზოგი – ტესტისთვის... ასე რომ, ამ კლინიკის ერთგვარი სახე და მასპინძელი გავხდი (იცინის). რომ მოდიან პაციენტები და კლინიკაში მე მხედავენ, გაოცებულები მეკითხებიან: შენ აქ საიდან? და ვიწყებ ახსნას (იცინის). თან, სამედიცინო დაწესებულებაში რომ მიდის ადამიანი, თავისებურად დაძაბულია და მე რომ სულ გაღიმებულს მხედავენ, ეს დადებითი განწყობა მათზეც გადადის. ძალიან საინტერესო და ჩვენს დროში საჭირო და წამყვანი სფეროა, მომწონს აქ მუშაობა.


– ბავშვობაში თუ ოცნებობდი ექიმობასა და თეთრ ხალათზე?

– სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩემი ოცნება ექიმობაც იყო. ბებია მყავდა ბავშვთა პედიატრი და ალბათ, მას რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა ექიმობა, ან ის რომ გამეხარებინა, მისი ხათრით ვამბობდი, ექიმობა მინდა-მეთქი, ან თეთრი ფერი მიზიდავდა... ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა, ბებიის ოცნება, ფაქტია, 36 წლის ასაკში ავასრულე.


– ბოლო პერიოდში, საკმაოდ შეცვლილი ხარ ვიზუალურად. რამდენი კილოგრამი დაიკელი და რა მეთოდებით მიაღწიე შედეგს?

– შვიდი თვის წინ სწორი კვება დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. 10-12 კილო დავიკელი. ხანდახან, მეც მაჯდება მხარზე დემონი და ვარღვევ, მაგრამ ფაქტია, შედეგი მაქვს. პარალელურად, სახლში ყოველდღიურად ვვარჯიშობ და „ელპიჯი“ მასაჟ-პროცედურასაც ვიკეთებ. ზედმეტი კილოგრამები ნამდვილად არ მიშლიდა ხელს, მაგრამ ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. მქონდა ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც „მოკვეტებული“ ვიყავი და ახლა ისე მაქვს, როგორც უნდა მქონდეს. წონის დაკლებამ თავდაჯერებულობა მომცა, მაგრამ ჩაცმის მხრივ, არაფერი შემიცვლია. ვთვლი, რომ სიგამხდრე მიხდება, თუმცა, ჩემი თავი არც იმწონიანი დამიწუნია. არასოდეს არავინ მაბიჯებდა ფეხს, არიქა, დაიკელიო. ამ მხრივ, განებივრებული და გათამამებული ვიყავი. ყველა მატუტუცებდა და მეუბნებოდა: გიხდება, არ გინდა დაკლებაო.


– ახლა რას გეუბნებიან იგივე ადამიანები?

– ახლა იგივე ხალხი მეუბნება: ძალიან კარგად გამოიყურები, მაგრამ ის წონაც ძალიან გიხდებოდაო (იცინის). მოკლედ, თავიანთ სიტყვას არ გადადიან. სიმართლე გითხრათ, წონას არც მე აღვიქვამდი ტრაგიკულად და არც არასოდეს ვაკეთებდი აფიშირებას. თუმცა, ბევრს ვიბრძოდი და ალბათ, კომპლექსურმა მიდგომამ და ვარჯიშმა შედეგი მომცა. არასოდეს ვდგები სასწორზე, რომ წონა ვაკონტროლო და კილოგრამებს ვდიო. დაახლოებით ვხვდები, რამდენი მოვიკელი. მაგალითად, ახლა ორი ზომით პატარა სამოსი მჭირდება. რომ მკითხოთ, კიდევ რამდენი კილოგრამის მოკლება გინდაო, ვერ გიპასუხებთ, თავად არ ვიცი. უბრალოდ, სწორ კვებას, ვარჯიშსა და მასაჟს ვაგრძელებ. თან, საღამოს კვება დავივიწყე. სადაც უნდა ვიყო, მაგიდაზე რა საკვებიც უნდა იდოს, თავს ვიკავებ, რომ ცდუნებას არ ავყვე.


– ესე იგი, თუ ასე გააგრძელე, პანდემია რომ დასრულდება, მაგარ ფორმაში, განსხვავებული იმიჯით გიხილავთ სცენაზე.

– ოღონდ პანდემია დასრულდეს და სცენაზე ავალ კი არა, ავცუქცუქდები (იცინის). არაერთხელ მიცდია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმყავდა ვერც დიეტა და ვერც ვარჯიში. მგონია, არდანებებას ყოველთვის მოაქვს შედეგი და სწორედ, ამის დამსახურებაა ის წონა, რომელიც ახლა მაქვს. თუ ვინმესთვის ვიქნები მაგალითი და მოტივაცია, იმ კუთხით, რომ კომპლექსურად შევუტიე წონას, ყოველდღე სასწორზე არ ვიდექი, ნერვებს არ ვიშლიდი, თუ გრამს ვერ ვიკლებდი და მაინც არ ვნებდებოდი, გამიხარდება და სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს რჩევებს. მგონია, მათთვის ნამდვილად უნდა ვიყო სტიმულიც და მოტივაციაც, რადგან მწერენ: რა კარგად გამოიყურები, როგორ, რანაირადო... ბევრი მეკითხება, როგორ დაიკელი, გვასწავლეო. მინდა, მათ ვუთხრა: მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვცდილობდი, წონაში დამეკლო, ძალისხმევა წყალში მეყრებოდა და ვერ ვიკლებდი, მაინც არ დავნებებულვარ. ასე რომ, ჯერ შოკში ჩასავარდნად – „ვაიმე, ასე როგორ გახდი“, არ ვარ, თუმცა აშკარა და თვალშისაცემია, რომ ჯანსაღად და პროპორციულად გამოვიყურები.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი