ნიკა მელია - ზარქუა ტრაგიკული მოვლენაა ამ პარლამენტში - ჰგონია, იმდენად გაბრაზებული ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით, თავში ჩაგარტყამდით - ეს შეიძლება გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით

09 Jun 2021 20:21

ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ზარქუას, რომელმაც მელიას სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნასთან ბოთლით წყალი და ჭიქა მიუტანა.


მელიას განცხადებით, დღეს მას კარგად ესმის, თუ რა ბრძოლაშია ჩართული მეგობრებთან ერთად.


„ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში, ჩემი აზრით. რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა მელიამ.


მისივე თქმით, როგორც მას უხუთავდა სულს სამაჯური, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით ეკეთა, საზოგადოების დიდ ნაწილსაც ასევე უხუთავს სულს არსებული პარლამენტი.


მელიას თქმით, მან ეს სამაჯური მოიხსნა როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო.


„ამ შენობის წინ, როდესაც გაიმართა პირველ ნოემბერს თავყრილობა საქართველოს ათიათასობით მოქალაქის, დიახაც, მე მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ მე შეიძლება თავისუფლება შემზღუდვოდა, მაგრამ მე ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა. მე ვარჩიე ეს უსამართლობის სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. აბა, ერთი წამი წარმოიდგინეთ, პარლამენტში თქვენ რომ გინდოდათ, ბოიკოტის გარეშე რომ შემოსულიყავით, დააკავებდით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს?! რა თქმა უნდა, არა! გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის. გინდოდათ, რომ მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი, მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას,“- განაცხადა მელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი