ლელამ წურწუმიამ და “მამულიჩამ” ორი დღის წინ დიდი შიში ჭამეს. მათ ქალიშვილს ავტობუსში მგზავრობისას კოლაფსი დაემართა. ლელას ავტობუსის კონდუქტორი დაეკონტაქტა და ეს ამბავი შეატყობინა:
„მარიკოს ტრანსპორტში კოლაფსი დაემართა. რეკავს მისი ნომერი და უცებ, კაცის ხმა მესმის: ავტობუსის კონდუქტორი ვარ, თქვენმა შვილმა გონება დაკარგა, წევს, ავტობუსი ჩამოვცალე, დიდუბეში ვართ გაჩერებული, სასწრაფოს გამოვუძახეო… ამ კაცის ნათქვამი ნაწილ-ნაწილ მესმოდა. არ გიყვებით რა მომივიდა, რა ჯოჯოხეთი გადავიტანე…
იქამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. თან გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი? რომ მივედი, სასწრაფო იყო მისული. როგორც აღმოჩნდა, რომ წაქცეულა, მგზავრს დასცემია ზემოდან. ქალებს კალთაზე გადაუწვენიათ, ყურები დაუზელიათ. ამ კონდუქტორს დაუცლია ავტობუსი. მოუტანა წყალი, წამალი, სასწრაფო გამოიძახა…
სასწრაფოს მანქანაში შევვარდი. მარიკო იწვა, ჟანგბადი მოვხსენი და მინდოდა ხმა გაეცა ჩემთვის. ხმა გამცა და პირველად მაშინ მომეშვა.
კონდუქტორს მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იმ საშინელ წუთებში, ისეთი მადლობა ვერ ვუთხარი, როგორსაც იმსახურებდა. ამიტომ თქვენი მეშვეობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს ასეთი ყურადღება მიაქცია.
გამოცდების პერიოდი აქვს და ხომ იცით, რა სტრესულია სტუდენტისთვის ეს დრო. ემოციურია, თან მშიერი იყო, უძინარი… როგორც ჩანს, ავტობუსში ჰაერიც არ იყო და გონება დაკარგა…", - განუცხადა "პრაიმტაიმს" მომღერალმა.