მევენახეები წელს ყურძენს საკადასტრო ამონაწერის გარეშე ვეღარ ჩააბარებენ

14 Jun 2021 11:02

ღვინის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მევენახეები წელს ღვინის საწარმოებში ყურძენს საკადასტრო ამონაწერის გარეშე ვეღარ ჩააბარებენ. შესაბამისად მევენახეებს მიწების დარეგისტრირება და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მოუწევთ.


მევენახე ოთარ ბერძენიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას „საქმის კურსთან“ უარყოფითად აფასებს და იმ შედეგებზე საუბრობს, რასაც კონკრეტული რეგულაცია გამოიწვევს. მისი განმარტებით, ეს მეწარმეებს ყურძნის ჩაბარებაში ხელს შეუშლის და გამოსავალი პროდუქტის სხვა პიროვნების საკადასტრო კოდით ჩაბარება იქნება.


„ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებელია, მეწარმეები ინფორმირებულები არ ვიყავით და მედიის საშუალებით გავიგეთ. როგორ შეიძლება, რომ მიღებული მოსავალი არ ჩაიბარიო, მესმის ხარისხი გააკონტროლო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ბარაქის დაწუნება არ შეიძლება. სად უნდა წაიღოს პირობითად 10 ტონა დაურეგისტრირებელი მიწიდან აღებული ყურძენი მევენახემ? ამას სჯობს მთავრობა ხალხს მიწების გაფორმებაში დაეხმაროს.


როგორც თვითონ ამბობენ რეგისტრაცია გაამარტივეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ამ პრობლემას არ მიხედავენ, ეს ორ რამეს გამოიწვევს, პირველი - მევენახე ყურძენს ვეღარ ჩააბარებს და მეორე - სხვა ადამიანის მიწის საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს, რასაც ვერავინ გააკონტროლებს“ - აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი