ახლახან მომღერალი ნუცა ბუზალაძე კიდევ ერთი კონკურსიდან დაბრუნდა გამარჯვებული – ის ალბანეთში გრან-პრის მფლობელი გახდა. მისი ნიჭიერება და შესაძლებლობები საზღვრებს გასცდა და როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. ნუცას დედა, ქალბატონი ნინო კანკავა, მუდამ შვილის გვერდითაა და მისი ერთგვარი ფსიქოლოგიც კი გახდა. როდის ამღერდა პირველად ნუცა, როგორი ენერგეტიკული კავშირი აქვს მას დედასთან და რის გამო არ რეაგირებს ის ჭორებზე, ამას ქალბატონი ნინოსგან შეიტყობთ.
ნინო კანკავა: ნუცა ძალიან გამორჩეული, პრინციპული და უცნაური ბავშვი იყო. დაიბადა თუ არა, ვგრძნობდი, თითქოს საერთო ბიოველი გვქონდა, ენერგეტიკულად ძალიან მჭიდროდ ვიყავით დაკავშირებული. ღამის ჭამაზეც კი არ მაღვიძებდა. რთული მშობიარობა მქონდა, ნუცა საკეისროთი გავაჩინე და თითქოს გრძნობდა, ჩემთან ერთად ეძინა მთელი ღამე, არ შევუწუხებივარ. მახსოვს, სამშობიაროში იყო ბებიაქალი, რომელიც ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა და მე რომ ცუდად ვიყავი, ის უვლიდა. ამბობდა: მთელი ღამე მშვიდად სძინავს, ასეთი არაფერი მინახავს. გეხვეწებით, წლების მერე მანახვეთ ეს ბავშვი, ისეთი მშვიდია, მაინტერესებს, როგორი გოგო გაიზრდებაო.
– წლები რომ გავიდა და ნუცა ცნობილი გოგო გახდა, თუ ნახა?
– სამწუხაროდ, არა. ასაკოვანი ქალი იყო და მას მერე არც მინახავს. იცით როგორი იყო ნუცა? თითქოს ჩემს აზრებს
კითხულობდა, სადაც მივდიოდით, ისე იქცეოდა, როგორც მე მინდოდა და მესიამოვნებოდა. თუმცა, პრინციპული იყო და რამეს რომ დააშავებდა და ბოდიშის მოხდას ვთხოვდი, ერჩივნა, კუთხეში მდგარიყო, მაგრამ ბოდიშს არ მოიხდიდა. ტყუილი არ უყვარდა. იცით, როდის მივხვდი, რომ ნუცა არასოდეს უნდა მომეტყუებინა? სიგარეტს ვეწეოდი და არ მინდოდა მამას გაეგო. ვიფიქრე, მამაჩემთან არ წამოსცდეს-მეთქი და ვუთხარი: ნუცა, მე კი არ ვეწევი სიგარეტს, უბრალოდ, ვთამაშობ-მეთქი. შემომხედა და მითხრა: „არა, შენ კი არ თამაშობ, ეწევი!“ თუმცა არ ჩამიშვა და არავისთან უთქვამს. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და მე კი – მისი, ყველაზე სანდო ადამიანი. ყველანაირად დაეყრდნობი. ამას წინათ დამირეკა ტირილით. ვკითხე, რა გატირებს-მეთქი და მომიყვა: მარკეტიდან გამოვედი და მანქანაში რომ ვჯდებოდი, საყვარელმა მოხუცმა კაცმა ისეთი კეთილი თვალებით შემომხედა, ვერ მოვისვენე, შევბრუნდი მარკეტში და რაც კი ფული მქონდა ვიყიდე პროდუქტი, გამოვედი და მივეცი. ტირილი დაიწყო და მითხრა: შვილო, მე შენ უბრალოდ შემოგხედე, საიდან მიხვდი, რომ ორ ობოლს ვზრდი, დედა მოუკვდათ და მათ გავახარებო. იმ კაცმა ვერც იცნო ნუცა ვინ იყო, უბრალოდ, შეხედა და ეს მიხვდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. ისე განიცადა იმ კაცის ამბავი, დიდხანს ტიროდა, ძლივს დავაწყნარე. იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, ძალიან ადამიანურია.
– თუმცა, ვინც არ იცნობს, ცივი გოგოს იმიჯი აქვს. ხომ ასეა?
– გეთანხმებით, ასეა. თუმცა, ისეთი თბილია და გულჩვილი, ვერ გეტყვით.
– მართალია, რომ ნუცამ ექიმის შიშით დაიწყო სიმღერა?
– (იცინის). კი, ასე იყო. სულ ვუმღეროდი ძილის წინ და მისმენდა. წლის და ხუთი თვის იყო, პედიატრი რომ
მოვუყვანეთ გასასინჯად. ისე შეეშინდა მისი, ოღონდ არ გამსინჯოსო, პატარა მაგიდაზე ავიდა და დაიწყო სიმღერა. არადა, ტექსტით მანამდე არ უმღერია და გამიკვირდა. ისე უშეცდომოდ, რიტმით, სმენით და ზუსტად იმღერა ყველა ის სიმღერა, რასაც მე ვუმღეროდი, მივხვდი, რომ ნიჭი ჰქონდა. წლისა და ექვსი თვის იყო, ბავშვთა დაცვის დღეს „პირველ არხზე“ რომ ჩაწერეს. გადაღების სამი ლოკაცია იყო და ოპერატორები ოთხი საათი დასდევდნენ ნუცას, მათ ოფლი მოსდიოდათ და ნუცა ისე პოზირებდა, არ დაღლილა. ძალიან პრანჭია იყო და თავიდანვე ემჩნეოდა, ვინც იქნებოდა (იცინის). დღეში ხუთჯერ ვუცვლიდი. არეული ჰქონდა ზამთარ-ზაფხული და ზამთარში ზაფხულისას იცვამდა და ზაფხულში – ზამთრისას. თუმცა, გადასაკიდი რედიკული და პომადა არასოდეს ავიწყდებოდა (იცინის). ძალიან კომუნიკაბელური იყო, მეზობლები გიჟდებოდნენ, ისე უყვარდათ, საოცარი ბავშვი იყო.
– კონკურსზე პირველად რა ასაკში გამოვიდა?
– მისი პირველი კონკურსი იყო, მაია დათუნაშვილის „ხმა საქართველოდან“. მაშინ 7 წლისა გრან-პრის მფლობელი გახდა. შემდეგ იყო „ანა ბანას“ კონკურსი, მერე მივიყვანე გურამ ჯაიანთან მოსმენაზე და მაშინვე დატოვა და „მზიურის“ მეშვიდე თაობაში სოლისტად აიყვანა. ფაქტობრივად, გურამმა „გამოჭედა“ ნუცა. თან, იშვიათად, რომ
გურამმა ვინმე შეაქოს და ნუცაზე თქვა: დაიმახსოვრეთ ამის სახელი და გვარი, ეს ბავშვი დიდი ვარსკვლავი გახდებაო. ერთხელ ვკითხე: მართალია, რომ თამრიკო გვერდწითელს ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, მიკროფონები ვერ უძლებდა-მეთქი.. და მიპასუხა: შენი შვილი არანაკლებიაო. ჩემთვის ეს იმხელა კომპლიმენტი იყო, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ამის შემდეგ, დღემდე, ნუცამ უამრავი კონკურსი გამოიარა – „ნიჭიერი“, „ერთი ერთში“, „იურმალა“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ორი ვარსკვლავი“, თურქეთის „ვოისი“, მოსკოვში ორი კონკურსი და ახლახან – ალბანეთის კონკრსის მოგება. სხვათა შორის, რატომღაც არავინ იცის და არ გახმაურებულა, თუმცა, ნუცას მოგებული აქვს საფრანგეთში, კანში „ოქროს მიკროფონი“. ეს იყო 2 წლის წინ. სატელევიზიო გადაღება არ იყო და ალბათ, ამის ბრალია, რომ არ გაჟღერდა. ამ კონკურსის მერე დაიწყო ფრანგულ ენაში მომზადება და ორ წელში შეისწავლა.
– ამბობენ, რუსეთში მხოლოდ იმის გამო ვერ გახდა გრან-პრის მფლობელი, რომ ქართველი იყოო. ეთანხმებით?
– ფაქტია, ასეა. ფავორიტი კონკურსანტი იყო, ყველას მოეწონა, აღფრთოვანდა მისი ნამღერით, თუმცა ქართველი
რომ იყო, ვერ მოიგო. მთელი მოსკოვი წერდა: ნუცას ეკუთვნოდა გამარჯვებაო. ყველაზე გამოკვეთილი კონკურსანტი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი დედა ვარ. ვინც უყურა, დამეთანხმება. ნუცა, ვერ იტყვის, დავიჩაგრეო, რადგან ისე შეიყვარა ხალხმა და იმდენი სითბო ნახა, ამაზე დიდი გრან-პრი არ არსებობს. თავად ოლეგ ვლადმა, ვინც ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიტორია რუსეთში და ალა პუგაჩოვასა და კრისტინა ორბაკაიტეს უწერს სიმღერებს, სწორედ, მან დაუწერა და აჩუქა ნუცას სიმღერა.
– ნუცამ ძალიან გვასახელა ალბანეთის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ახლახან ჩატარდა. როგორ მოხვდა ამ კონკურსზე?
– დაურეკა თურქმა მენეჯერმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მონაწილეობის მიღება შესთავაზა. სანამ ნახევარფინაშლი გავიდოდა, მეც მის გვერდით ვიყავი და თავად ვნახე, როგორ აღფრთოვანდნენ ნუცას ნამღერით. თუმცა, მერე წამოსვლა მომიწია და ფინალში მის გვერდით ვერ ვიყავი. სხვათა შორის, ნუცა კონკურსზე არასოდეს ნერვიულობს, თავდაჯერებულია. მე კი მგონია ხოლმე, რომ გავა მერვე ან მეცხრე ადგილზე და დაიჩაგრება. იურმალაშიც რომ ვიყავით, ლელა წურწუმიას ვეუბნებოდი: ალბათ, გავალთ მეშვიდე ან მერვე ადგილას-მეთქი და
მეჩხუბებოდა: რატომ ხარ ასეთი განწყობითო (იცინის). სულ მგონია, ვერ გავა და მის ხელში გრან-პრის რომ დავინახავ, უბედნიერესი ვარ ხოლმე. ახლა კი, ალბანეთის კონკურსის მსვლელობაში, მშვიდად ვიყავი, არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, მაქსიმუმს გააკეთებდა. როცა მის გვერდით ვარ, იმდენად კარგად ვმუშაობ მასზე ფსიქოლოგიურად, იმდენად ვუმსუბუქებ დარდს, ხუმრობს ხოლმე, შენ ჩემი პირადი ფსიქოლოგი ხარო (იცინის). თითქოს, ერთი მთლიანობა ვართ. საოცრად მაბედნიერებს, ზრუნავს ჩემზე, ყველაფერს მისრულებს ისე, თქმა არ სჭირდება. გული მტკივა, როცა მასზე ჭორებს ვისმენ. არადა, 13 წლის ასაკიდან, იმდენი ცუდი ჭორი მსმენია მასზე, გახსენებაც არ მინდა. შოკში ვვარდებოდი, ცუდად ვხდებოდი და მეჩხუბებოდა: ნუ მიგაქვს გულთან ახლოს, მაინც იტყვიან და ილაპარაკონო. მთავარია, ნუცა არ აქცევს ყურადღებას და თავისი მიზანი აქვს, რომლის გამო მაქსიმალურად იხარჯება, საკუთარ თავზე მუშაობს და სულ იბრძვის.
არ დამავიწყდება, ბათუმში ჰქონდა კონცერტი. ბულვარში უნდა მოსულიყო გრანდიოზული მანქანით, რომ კლიპისთვის კადრები აეღოთ და ის ტერიტორია გადაკეტეს. მე მის ფრანგულის მასწავლებელთან ერთად ვიდექი და ველოდებოდი. ხალხი შეიკრიბა. უცებ, ვიღაც ქალი მოგვიახლოვდა და გვეუბნება: რა კარგი გოგოა ნუცა ბუზალაძე, როგორი მაგარი მომღერალია, სხვებს კი არ ჰგავსო და გალანძღა სხვები. ნუცას ვინ ჰყავს? არავინ! ერთი დედა და ისიც – მოხუცი, მეტი არავინო. მე ამ დროს გადაპრანჭული ვიდექი (იცინის). ნუცას მასწავლებელმა ვერ მოითმინა და უთხრა: ქალბატონო, აი, ეს არის დედამისიო. შემომხედა და ჩაილაპარაკა: რა ვიცი, ტელევიზორში ვნახე და მოხუცი ჩანდაო (იცინის).
თბილისელები