გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით სოფლად მცხოვრებ ქალებზე მორგებული პროგრამა შეიქმნება

16 Jun 2021 13:10

„გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომ  სოფლის განვითარების სააგენტომ, ქალებზე მორგებული, თუნდაც მცირებიუჯეტიანი პროგრამა გააკეთოს, უკვე რეალობად იქცევა“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

 

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ცალკე მდგომი გენდერული პროგრამის შემუშავების საკითხი განიხილეს.

 

პროექტი ითვალისწინებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობების შექმნას, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს წაახალისებს გახდნენ მეწარმეები და შექმნან საკუთარი სათბურები.

 

პროექტის მიზანია ქალების ეკონომიკური გაძლიერება, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ერთ-ერთი ნაწილია.  

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები ითვალისწინებდა წარმატებული ბენეფიციარი ქალების ქსელის შექმნას და მათი, როგორც მენტორების  პროგრამებში ჩართვას და ასევე, სააგენტოების მიერ საპილოტე მცირემასშტაბიანი პროგრამების შექმნას მხოლოდ ქალებისათვის.

 

რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც პროგრამა მომზადდება, შემუშავდა გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში თემაზე: 

„სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“.

 

„ვთვლით, რომ სპეციალურად ქალების საჭიროებებზე და ქალების შესაძლებლობებზე მორგებული ეს პროგრამა ნამდვილად შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

მისი თქმით, პროგრამის ძირითადი დონორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია იქნება, თუმცა დაფინანსებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც არის განსაზღვრული.





კომენტარები:

ფართი შოპი