პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკის მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების გამოცდილებას გაეცნენ

16 Jun 2021 19:28

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ჩეხეთის არქიტექტორთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე მილან სვობოდას მოუსმინეს, რომელმაც მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ჩეხეთის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მან ჩეხეთის შესაბამისი ნორმატიული ბაზის შესახებ, ურბანული დაგეგმარების, ქალაქგამწვანებისა და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების თაობაზე ისაუბრა.

 

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაცია ურბანულ განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ასევე ჩვენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ

 

სხდომას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პიტერ მაკისკა, რომლის შეფასებითაც „საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს ქალაქების განვითარების პროცესებზე და კოორდინირებულ, ეროვნულ და ინკლუზიურ საკანონმდებლო მიდგომებს ახორციელებს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კერძოდ გარემოზე ზეგავლენის და ზემოქმედების შემცირების საქმეში“, - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

 

კომიტეტის სხდომას თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ მწვანე ქალაქის კონცეფციის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ „კომიტეტის მიზანია, ის სამართლებრივი ცვლილებები, რაც თბილისისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა, გავრცელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით და საფუძველი დაედოს იმ კულტურას, რასაც მწვანე ქალაქების სტრატეგია ჰქვია“.

 

სხდომას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქების - თელავისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები

 



კომენტარები:

ფართი შოპი