დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობის პროცესში დამატებით მეთოდოლოგიასაც გამოიყენებს

17 Jun 2021 17:49

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2 ხმით, ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დამატებით, ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებას.

 

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგებიდან მოხდება კომისიის მიერ გამოვლენილი ყველაზე პრობლემური 38 უბნის მონაცემების გამოვლენა. შემდეგ დაითვლება, როგორ გადანაწილდებოდა ხმები პოლიტიკურ პარტიებზე იმ უბნებში, რომელთა მიმართებაშიც პრეტენზიები არ გამოთქმულა. საბოლოო ჯამში, მოხდება მიღებული შედეგების პროცენტული მაჩვენებლის შედარება არსებულ შედეგების პროცენტულ მაჩვენებელთან.

 

დამატებით, ახალი მეთოდოლოგიის გამოყენების ინიციატორი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი დავით ზილფიმიანია.

 

„ახალი მეთოდოლოგიის გამოყენების შემდეგ, მე, როგორც ერთ თქვენს კოლეგას, თამამად შემეძლება მოვაწერო ხელი იმ საბოლოო აქტს, რომელსაც შევიმუშავებთ ჩვენი მუშაობის შემდეგ. ეს მეთოდიკა საერთოდ გამორიცხავს ყოველგვარ საკამათო თემას“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 

კომისიის აპარატს დაევალა, რომ ორშაბათისთვის მოახდინოს ახალი მეთოდოლოგიით გადათვლა და წარმოადგინოს შესაბამისი ცხრილები.




კომენტარები:

ფართი შოპი