ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეა

25 May 2018 03:58

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეკრება გაიმართა. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. შეჯერებული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რადგან როგორც პარლამენტარები კაკი ზოიძე და დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავენ, მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება, დაახლოება და დაზუსტება.


განცხადება არც „ქართული ოცნების“ მიდგომის კონცეპტუალურ მხარეზე გაკეთებულა. ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, არც ოფიციალური განცხადება გამოქვეყნებულა პარტიის სახელით. ამჯერად, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადებებიდან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები.


ერთი მხრივ, კაკი ზოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა. ჰუმანური ნარკოპოლიტიკა მინიმუმ გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და არამხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცნობილი რეპერი, ბერა ივანიშვილი თავის გახმაურებულ კლიპში მსუბუქი ნარკოტიკების ლეგიზებას მოითხოვს. დიმიტრი ხუნდაძემ ტვ პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ისე არ უნდა მოხდეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება დეკრიმინალიზაციის შესახებ ფაქტობრივად ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციას გულისხმობდეს. ასე რომ, „ოცნების ლიდერები“ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან რა პოზიციას უჭერენ მხარს. მათ პასუხი არც იმ კითხვაზე აქვთ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე პლებისციტი და რატომ არ უნდა გადაწყვიტოს მთელმა მოსახლეობამ ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, საზოგადოება საკითხთან მიმართებით ორადაა გაყოფილი და შეხედულებები უკიდურესად პოლარიზებულია.


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას მოუხდება დუმილის დარღვევა. ცხადია, რომ მისი აზრი უმრავლესობისთვის უპირობო დირექტივად იქნება აღქმული. გაკეთებული განცხადებებიდან და ფაქტებიდან გამომდინარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზების მომხრეა. მას და მმართველ პოლიტიკურ ძალას აგრეთვე მოუწევთ ცალსახად პოზიციის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დარეგულირეს სიტუაცია მოხმარების დეკრიმინალიზაციის პირობებში ნარკოტიკების მისაწვდომობასთან დაკავშირებით. თუ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზება მოხდება, მოქალაქეებს ექნებათ თუ არა თავიანთ ნაკვეთებზე, აივნებსა და ორანჟერეებში კანაფის მოყვანის უფლება და ასე შემდეგ ბევრი სხვა თანამდევი საკითხია გასარკვევი.



"ბანკები და ფინანსები"

გიორგი კაპანაძე


კომენტარები:

ფართი შოპი