ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერ დროს შეეძლება

21 Jun 2021 00:37

ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერ დროს შეეძლება, მათ შორის სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.


ამას “პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის წევრების მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და სოზარ სუბარის საკანონმდებლო ინიციატივაა.


კანონპროექტი ბიუროს 21 ივნისის სხდომაზე წარედგინება.


ცვლილება შედის “პატიმრობის კოდექსის“ მე-19 მუხლში. ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დაწესებულების ხარჯით ხორციელდება.


საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ “პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.




კომენტარები:

ფართი შოპი