ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პანდემიით გამოწვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

21 Jun 2021 17:33

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიღების შემთხვევაშიც,  პანდემიის  მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე  გახანგრძლივდება. კანონპროექტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.


მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.

 


„კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველადაა აუცილებელი, საჭიროა აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც გარკვეული დროით“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა, განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ღონისძიებები.


2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი