მაკა ბოჭორიშვილი: „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი“

22 Jun 2021 21:17

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) შედარებითი ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო  მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ იყო ორგანიზებული. 

 

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებსა და ქვეყნის ამბიციური გეგმის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

 

„მაშინ როდესაც საქართველო 2024 წელს გეგმავს კონკრეტული ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დააყენოს ევროკავშირის დღის წესრიგში, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კვლევაში, „ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ - ბალკანეთისა და ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - ე.წ. ტრიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული.

 



კომენტარები:

ფართი შოპი