რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეს: უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ

24 Jun 2021 18:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის თანახმად ხაზარაძემ კოლეგებს ტრიბუნიდან მიმართა: „რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი, რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არის, ყრუ არის?”


როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, მამუკა ხაზარაძე დისკრიმინაციული ლექსიკით საუბრობს.


დეპუტატის თქმით, მისთვის კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება:

„დღეს, მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან: „რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი, რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არის, ყრუ არის?”


სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.


ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის (ქცევის წესები) „ო“ ქვეპუნქტის დარღვევა.


P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდოთარგმანით. ერთი წამით წარმოვიდგინოთ სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.





კომენტარები:

ფართი შოპი