ლევან იოსელიანი - ეს ცვლილებები არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება, ეს ცვლილებები არის ყველა ჩვენგანის და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული

25 Jun 2021 16:05

„ეს ცვლილებები არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება, მიუხედავად იმისა, ვინ მეტად იყო ამის მომხრე და ვინ ნაკლებად, ვინ საერთოდ სკეპტიციზმით უყურებდა ამ ყველაფერს. ეს ცვლილებები არის ყველა ჩვენგანის, და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული“, - ასე შეაფასა პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს.


ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან მას შემდეგ რაც დაიწყო ამ დოკუმენტზე ლაპარაკი, განხილვას შემოუერთდა დანარჩენი ოპოზიცია და, ფაქტობრივად, ყველამ ერთობლივად შეძლო იმ ტიპის ცვლილებების მიღება, რომლებიც მისი აზრით მნიშვნელოვნად შეცვლის საარჩევნო გარემოს ჩვენს ქვეყანაში. 


„არ იყო იოლი პროცესი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ პუნქტობრივად ყველამ ერთად შევძელით ამ დოკუმენტზე რაღაცა კონსესუსის მიღწევა. რა შემოაქვს სიახლე ამ ცვლილებებს? 

მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ საარჩევნო პროცესი იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი, არჩევნებიდან 10% საარჩევნო უბნების ექვსი დღის ვადაში ავტომატურად გადაითვლება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე ტიპის ხარვეზის ან მანიპულაციის დაფარვას, თუ ასეთს ექნება ადგილი. 


მივაღწიეთ იმას, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პრაქტიკულად აიკრძალა, საჯარო მოხელეებს აეკრძალათ ჩართული იყვნენ წინასაარჩევნო აგიტაციაში. მათ შორის, რაც იყო გადაულახავი პრობლემა - რადიუსი ავწიეთ 100 მეტრამდე. ეს ცვლილებები არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება, მიუხედავად იმისა, ვინ მეტად იყო ამის მომხრე და ვინ ნაკლებად, ვინ საერთოდ სკეპტიციზმით უყურებდა ამ ყველაფერს. ეს ცვლილებები არის ყველა ჩვენგანის, და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული. გაწეულია ძალიან დიდი შრომა, რომელიც არჩევნებს მოუტანს მშვიდობას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი