მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

25 Jun 2021 21:16

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

 

თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ევროკავშირის მედიაციის შედეგებსა და შარლ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებზე და ამ მიმართულებით ევროპარლამენტის მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. 

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევისა, სამწუხაროდ კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე და სხვა მოქალაქეები.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.


ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და 2021-2022 წლისთვის განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.


სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ხედვებს. ბიუროს წევრებმა ასევე, იმსჯელეს სამიტისთვის ასამბლეის მიერ მოსამზადებელ ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც როგორც წესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ კეთდება.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მომდევნო სხდომის გამართვა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიგეგმა.

 



კომენტარები:

ფართი შოპი