თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს.როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. საუბარია ბადუკა ნათობაძეზე, რომელმაც საკუთარ მანქანაში სოსო ჯოხაძე ჩაცხრილა. სწორედ სოსო ჯოხაძის საახლობლო წრიდან არის დღეს დაკავებული ვატო ყიფიანიც.
სუს-მა ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა 2020 წლის იანვარში აღკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.
საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.
უწყების ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად ძმების ავტომანქანაში 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილის“ აფეთქება დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობით იგეგმებოდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
ipn.ge