ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, - ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, სხდომაზე უსაგნო კამათი და დავიდარაბა იყო.
"ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის, წყლის ნაყვა, ზიზღის, სიძულვილის ფოიერვერკი, უსაგნო კამათი და დავიდარაბა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე გვესაუბრა, რა ეშველება ამ საცოდავ, გაღატაკებულ ქვეყანას - "შენი 9 წელი-შენი 9 წელი" "შენი ფარცხალაძე-შენი კეზერაშვილი" - კატასტროფაა!
კიდევ კარგი რამდენიმე დეპუტატმა რაღაცეები ჩავაკვეხეთ. კიდევ თავს ვიმშვიდებ, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით პასუხი მივიღე, კიდევ კარგი მივიღე პასუხი, რომ ვეტერანების დახმარება გაიზრდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, კიდევ კარგი რაღაცეები ძლივს გამოვგლიჯეთ ღარიბაშვილს, თორემ დანარჩენი ზიზღი და სიძულვილი იყო",- აღნიშნავს ელისაშვილი.