მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისთვის

28 Jun 2021 14:01

ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ფინანსური მომსახურების, დაბეგვრის, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

„ასოცირების შეთანხმება არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის, რომლის იმპლემენტაციას ყველა მიმართულებით აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისთვის“,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

ანგარიში პარლამენტის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, გენერალური აუდიტორის მოადგილემ  ეკატერინე ღაზაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა  წარუდგინეს.

 

მომხსენებლებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, გატარებული  ღონისძიებები და შესაბამისი სტატისტიკურ მონაცემები გააცნეს კანონმდებლებს.

 

სხდომაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით ჩატარებული რეფორმები, როგორც საკანონმდებლო ასევე ინსტიტუციონალური თავსებადობის მიმართულებით.

 

მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და კონკრეტულ განხორციელებულ თუ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

 

კომიტეტებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

 



კომენტარები:

ფართი შოპი