ეკა სეფაშვილი:„რეგიონების განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს ევროპულსივრცეში ინტეგრირებისაკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯებია

28 Jun 2021 17:32

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა პრემიერის მოხსენების იმ ნაწილზე, რომელიც რეგიონულ პოლიტიკას ეთმობა.

 

„რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები, არის საქართველოს ევროპულსივრცეში ინტეგრირებისაკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც რეალურად დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციაში“, -აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, 2024 წელს საქართველო აპირებს პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე, ასოცირების 21-ე თავი კი სწორედ რეგიონულ განვითარებას ეხება.

 

„ჩვენ ასოცირების შეთანხმების 35% გვაქვს უკვე შესრულებული და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატი მიესალმება პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ ამბიციურ გეგმას - „განახლებული რეგიონები“, რაც რეგიონების განვითარების მიმართულებით დაისახა და რეგიონების განვითარებისთვის 500 მლნ ლარის გამოყოფას გულისხმობს.

 

„ეს შეეხება 63 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს არ არის მთლიანად ის ხარჯები და ის მოლოდინები, რაც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი. 

კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის“,- განაცხადა მომხსენებელმა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხსენებაში არ არის ყურადღების მიღმა დარჩენილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.

 

„ოკუპირებული ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მიეძღვნება სპეციალური პროგრამა, თუმცა გარკვეული ნაბიჯები დღესაც იდგმება ამ მიმართულებით, კერძოდ, არსებობს სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, რომელშიც ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ამ რეგიონების განვითარების, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“, -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.




 


კომენტარები:

ფართი შოპი