ირაკლი ბერაია: ოპონენტების მხრიდან ვისმენდით ისეთ უსაფუძვლო გამონათქვამებს, რომელიც ახდენს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას

28 Jun 2021 17:54

„ჩვენმა საზოგადოებამ პრემიერის გამოსვლისას მოისმინა  შედეგები და ნათლად დაინახა პროგრესი როგორც ამ, ისე სხვა სფეროებში. თუმცა, პროგრესის და წარმატების კონკრეტული მაგალითების პარალელურად ჩვენ ვისმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო, უშინაარსო, პოლიტიზირების მაღალი ხარისხით გაჯერებულ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც პირდაპირ ახდენს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ოპონენტების მხრიდან“,-ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი ბერაიამ თავდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და პროგრესზე ისაუბრა.


„ძალიან საინტერესო იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა გამოწვევებს, როგორ იყენებს ქვეყნის წინაშე არსებულ განვითარების შესაძლებლობებს და როგორ ახორციელებს ამბიციურ, დემოკრატიულ დღის წესრიგს.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ძალიან სწორად, რომ დღეს საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და ამას აქვს არაერთი მკაფიო მიზეზი. ჩვენი მისწრაფება ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვის და გაღრმავების არამხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობას და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოცდილებას.


აბსოლუტურად ვიზიარებთ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას და მის მიერ ბრუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გაჟღერებულ ქართველი ხალხის გზავნილს, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და დადგა დრო ამ პროცესში დაწინაურდეს.


დღეს ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ამ საფრთხეების ისეთი მულტიპლიკატორები, როგორიც არის პანდემია, განაპირობებს სრულიად ახალი, ბევრად უფრო ამბიციური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას შემჭიდროებულ ვადებში, რაზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს ასევე მოითხოვს პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და არა კარვებს, ვალდებულებების შესრულებას და არა მათ იგნორირებას. ეს არის ჩვენი ქვეყანა და მასზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი