ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ღიაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ააჟღერეს და პოლიტიკური მდაბიოობის უმდაბლეს წერტილზე დაეშვნენ

28 Jun 2021 18:27

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელზეც, აქ შეკრებილი ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. გამონაკლისის სახით ის ადამიანები დაასახელა, ვინც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ააჟღერეს.


„ერთადერთი საკითხი, რომელზეც, აქ შეკრებილი ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. 

შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუდმივად ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისთვის და ახალი იდეა შემოთავაზებებისთვის. ერთად ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით გავატაროთ ქმედითი  საგარეო პოლიტიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო საფრთხეები და მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა - მშვიდობის და სტაბილურობის სახით. თუმცა ეს მოწოდება, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პოლიტიკური მდაბიოობის უმდაბლეს წერტილზე დაეშვნენ და რომლებმაც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ააჟღერეს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ თავისი პარტიის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს ამისათვის გაკიცხვა. ეს შემოთავაზება რა თქმა უნდა ამ ადამიანებისთვის არ არის გაჟღერებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას.

 




კომენტარები:

ფართი შოპი