ზვიად ძიძიგური: ციხეშიც ისე ვცხოვრობდით, როგორც მონასტერში

29 Jun 2021 11:46

საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრება, საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო და უმნიშნელოვანესი პროცესების ნაწილი გახდა, თუმცა როგორც ამბობს, პოლიტიკური საქმიანობა გააზრებულად, მხოლოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის დაიწყო და მას შემდეგ აღარც შეუწყვეტია.


ზვიად ძიძიგური: ბავშვობა ტკბილად მახსენდება. 

ეშმაკობები, სკოლიდან გაპარვები, სიყვარული, ჩხუბები – ყველაფრი იყო. დედას მიაჩნდა, რომ ძალიან ცელქი ვიყავი. მამისგან უხეში საუბარიც კი არ მახსოვს, სულ მინდოდა, მისთვის მიმებაძა. ხის ხელოსანი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეც მინდოდა, დურგალი გამოვსულიყავი. 

დედა სკოლის პედაგოგი გახლდათ, ბევრ ბავშვთან ჰქონდა შეხება და როცა ამბობდა, რომ ცელქი ვიყავი, ალბათ, იყო ამაში სიმართლის მარცვალი (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი.


– როდის მოხდა გარდატეხა – რა პროცესების შემდეგ გახდით ძალიან აქტიური, ქვეყნის ბედით დაინტერესებული და მებრძოლი?

– სტუდენტობის დროს ხელში ჩაგვივარდა რობაქიძის „გველის პერანგი“ და „საქართველოს მოამბის“ რამდენიმე ეგზემპლარი, რომელსაც მაშინ გამსახურდია და მისი ჯგუფი ავრცელებდა. ეს იყო ცეცხლზე ნავთი. მანამდეც გვქონდა განცდა იმისა, რომ არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდვნოდა“ და ჩვენს საძმაკაცოში, ანუ სტუდენტებში, ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ამის შემდეგ – მით უმეტეს. 1987 წლიდან აქტიურად ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. მერე გავხდი ილია მართლის საზოგადოების პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამტრედიაში. ჩემი აქტიურობა კიდევ უფრო გაიზარდა და შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა, ვინაიდან ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი ზვიადი იყო.


– პირველი შეხვედრა მასთან და დედათქვენისთვის გადახდილი მადლობა ზვიადის მიერ – მინდა, ეს ამბავი გაიხსენოთ. რისთვის მიიღო დედამ მადლობა?

– „მხედრიონი“ ახალი ჩამოყალიბებული იყო. ჯაბა იოსელიანმა თავიდან ეს ორგანიზაცია პატრიოტულ მოტივებზე შექმნა. პირველი აქცია, რომელიც „მხედრიონმა“ ჩაატარა, იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვოვა ვეკუას დაკრძალვის დაცვა სოხუმში, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა მხეცურად მოკლეს. მაშინ გავიცანი ჯაბა იოსელიანი. ის ჩვენთან აკაკი ბაქრაძემ მოიყვანა, მაშინ მთელი ეროვნული მოძრაობა ერთად იყო – ეს ის დროა, როცა მერაბ კოსტავა ჯერ კიდევ ცოცხალია და ეროვნულ მოძრაობაში დიდი განხეთქილებები არ დაწყებულა. შემდეგ „მხედრიონი“ თანდათან ბანდიტურ დაჯგუფებად გადაიქცა და მოხდა დაპირისპირება ჩემსა და „მხედრიონის“ ადგილობრივ, სამტრედიის ჯგუფს შორის. ერთხელ დიდი შეკრება ჩაატარეს სამტრედიაში, ჯაბა იოსელიანიც იქ იყო და კარგად გამომთათხა „მხედრიონთან“ დაპირისპირების გამო. მე უკან არაფერზე დამიხევია და კარგად მცემეს. ამის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ დამითმია ჩემი პოზიცია, პირიქით, შეტევაზე ვიყავი. ასი თუ ას ორმოცდაათი კაცი იყო ჯაბასთან, მე იქ მარტო მივედი და ძალიან არავაჟკაცურად და არაქართულად მოიქცნენ, როცა ერთს ამდენი დამესხნენ თავს, მაგრამ არ მეშინოდა. მაშინ გასროლილი ტყვიის არ გვეშინოდა და არა მარტო მე, ყველა ასე ვიყავით – იდეით შეპყრობილი ადამიანები. მივიდა ზვიად გამსახურდიასთან ამბავი, „სასიკვდილოდ დადეს“ ზვიად ძიძიგურიო. ადგა და ჩამოვიდა სამტრედიაში – დედაჩემი ნახა, მადლობა გადაუხადა, ჩვენთან სახლში იყო რამდენიმე საათის განმავლობაში და იმ დღიდან დედაჩემი ზვიადისტი გახდა (იცინის). მაშინ ზვიად გამსახურდიამ მაჩუქა თოფი, რომელიც შენახული მაქვს და ალბათ, ჩემი შვილები თავიანთ შვილებს გადასცემენ – რადგან ეს ჩემთვის უძვირფასესი რელიკვიაა.


– მერე ბევრი გამოიარეთ ერთად. დაგაპატიმრეს კიდეც და ციხეში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. სანამ ამაზე გადავალთ, სახალისო ისტორიაც გავიხსენოთ – ავტორიტეტი მოგიპოვებიათ „მაყურებლების“ თვალში.

– ჩემს ძმასთან და სიძესთან ერთად დამაპატიმრეს. ხუთი წლის განმავლობაში ოჯახიდან ყველა კაცი ციხეში ვიყავით. პირველად საგამოძიებო იზოლატორში აღმოვჩნდი, ორთაჭალის მოედანზე ადრე ძალიან ცნობილი ციხე

იდგა და იქ ვიყავით გამომწყვდეულები. 

საკნებში ისეთი პირობები იყო, ერთ საწოლზე სამი პატიმარი მოდიოდა. ჩემს კამერას „პიატ დევიტს“ ეძახდნენ, 59 ნომერი იყო. 

ოცსაწოლიან საკანში სამოცი კაცი ვიყავით და ბაღლინჯოები და ტკიპები პატიმრების ძმაკაცები იყვნენ, მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობდა. საკანს ქურდული სამყაროს წარმომადგენელი აკონტროლებდა, „მაყურებელი“ ჰყავდა და როგორც წესი, ის დაინტერესდა, რის გამო ვიყავი დაპატიმრებული და გაიგო, რომ პოლიტიკურზე ვიჯექი. მოკლედ, გაარკვია ჩემთან ურთიერთობა. რადგან ერთ ნარზე სამი პატიმარი მოვდიოდით, რიგრიგობით გვეძინა და სულ გამოუძინებლები, დაღლილები და გვერდებდამტვრეულები ვიყავით.


გაიღო ერთ დღეს ციხის კარი და შემოაწოდეს ჩემი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ცხრაასი გვერდი იყო – სამი სქელი ტომი. წესია, რომ საბრალდებო დასკვნა ჯერ „მაყურებელმა“ უნდა წაიკითხოს და გაიგოს, რის გამო ზის ეს პატიმარი ციხეში. როგორც წესი, საბრალდებო დასკვნები ერთი ან რამდენიმე გვერდი იყო ხოლმე და ცხრაასი გვერდი რომ მისცეს ამ ბიჭს, რომელსაც ალბათ, ერთად ამდენი მთელ ცხოვრებაში არ ექნებოდა წაკითხული, ცოტა დაიბნა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ქურდული ცხოვრება ჰქონდა და განათლებისკენ მიდრეკილი, მაინცდამაინც, არ იყო.


დაიწყო კითხვა, ვერც თავი გაუგო, ვერც ბოლო. წერია, ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ბანდებმა სცადეს შევარდნაძის ხელისუფლების გადატრიალებაო და ეს მისთვის ჩინურია. ბოლოში გადაფურცლა, ეგებ იქ მაინც გავიგო რამეო და კითხულობს დაზარალებულების სიას: ედუარდ შევარდნაძე, დავით სალარიძე, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომან გვენცაძე – შინაგან საქმეთა მინისტრი, სანდრო კავსაძე – ასევე მაღალი თანამდებობის პირი. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ვისაც კრიმინალები თავიანთ მტრად თვლიან, ჩემ მიერ დაზარალებულად იყვნენ ცნობილი. შევატყვე, რომ მის თვალში უცებ გავიზარდე (იცინის). ამის შემდეგ ცალკე ნარი მქონდა და მაშინ ციხეში თუ შეიძლებოდა, კომფორტი ყოფილიყო, მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჩემთვის ხელი შეეწყოთ.


– განუკითხაობა იყო მანამდეც. იმ პერიოდში, როგორ მოახერხეთ, უღმერთო არ გამხდარიყავით. მერე ციხეში ეკლესიის შენება დაიწყეთ...

– ეროვნული მოძრაობის პერიოდში სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე მივედით ღმერთთან და არა პირიქით. ეკლესია იყო დაჩაგრული და დევნილი, ამიტომ მხარს ვუჭრდით მის თავისუფლებას, დავიწყეთ ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვებს ვესწრებოდით და ამ რწმენამ გადაგვარჩინა ციხეშიც, სადაც დაახლოებით ისე ვცხოვრობდით, როგორც მონასტერში. ვლოცულობდით, ვაშენებდით ეკლესიას, ვკითხულობდით დაუჯდომელებს, გვყავდა ტრაპეზარი. თვალის დახამხამებაში გაირბინა წლებმა და ერთი პოზიტიური შედეგიც დარჩა – პატიმრების მიერ აშენებული ავჭალის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელზეც ამაყად ვიტყვი, რომ მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვეობაში აშენებულ ტაძრებს შორის. ყველა პატიმარი გულიანად მუშაობდა და მერე ერთი საოცარი კანონზომიერება შევამჩნიე – ყველაზე დიდი სასჯელის მქონე პატიმრები, ვისაც ყველაზე სასტიკი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, უფრო მეტად მუშაობდნენ მშენებლობაზე, ვიდრე მსუბუქი დანაშაულისთვის დასჯილები. სხვათა შორის, ყველასთან, ვინც ეკლესიის მშენებლობაზე მუშაობდა, უცნაური ამბავი მოხდა. ჩვენ 13 წელი გვქონდა მოსჯილი და 5 წელიწადში გამოვედით, იყვნენ პატიმრები, რომლებსაც 20 წელი ჰქონდათ მისჯილი და 8 წელი აპატიეს – თითქოს წმიდა გიორგი გვეხმარებოდა. ადამიანი, რომელსაც არ სწამს, იტყვის, კარგად იქცეოდა და დაუკლეს წლებიო, მაგრამ ყველასთან ეს მოხდა, რაც მორწმუნე ადამიანისთვის ნიშანია – თუ შენ გადადგამ ღმერთისკენ ნაბიჯს, ისიც გადმოდგამს შენსკენ.


– ციხეშივე გადადგით მკვეთრი ნაბიჯები პირად ცხოვრებაში. მანამდე, თურმე, თავს იკავებდით.

– როდესაც სამოქალაქო ომია, აფაზეთში კი ასეთი რამ ხდებოდა, მე თავს არ ვაძლევდი უფლებას, ოჯახზე, ცოლსა და შვილზე მეფიქრა. როდესაც ციხეში აღმოვჩნდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ კაცმა პირადი ბედნიერებისთვისაც ისე უნდა იბრძოლო, როგორც ქვეყნისთვის. მაშინ გავბედე და ეკას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი, რასაც საკმაოდ დიდხანს ვინახავდი ჩემთვის. ის მანამდეც გრძნობდა ჩემს დამოკიდებულებას მისდამი და თვითონაც არ აღმოჩნდა გულგრილი. 

გადავწყვიტეთ, არ დავლოდებოდით 13 წლის გასვლას და პირველებს ჩვენ დაგვეწერა ჯვარი ეკლესიაში, რომელსაც პატიმრები ავჭალაში ვაშენებდით.


– თუმცა არ ექნებოდა მოლოდინი, რომ მშვიდი ცხოვრებით გააგრძელებდით ცხოვრებას, არც ის იცოდა, როდის დასრულდებოდა თქვენი პატიმრობა და მისთვის, ალბათ, რთული იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

– ამიტომ არის ეკა ღირსეული ადამიანი, ეს საშიშროება არსებობდა და ერთი წამით არ დაუხევია უკან. ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არანაკლები განსაცდელები გადაგვიტანია და ის ყოველთვის ჩემ გვერდით დგას. ჩვენ ხუთი შვილი გვყავს, მათზე მზე და მთვარე ამოგვდის და ეს რამდენად გვაახლოებს, თავად წარმოიდგინეთ. ბედნიერი ვარ მისნაირი მეუღლე რომ მყავს და ასეთი ოჯახი – ეს ჩემი აუწონელი სიმდიდრეა. 21 წელია, ჩვენ ერთმანეთის მხარდამჭრები ვართ. როდესაც პატიმარი ვიყავი და შიმშილობა დავიწყე, ეკას სოლიდარობის ნიშნად გარეთ დაუწყია შიმშილობა. მე ეს არ ვიცოდი და რომ გამოვედი, 40 კილოგრამი დამხვდა, ლამის ვერ ვიცანი. თუმცა, მეც კარგად ვიყავი გამხდარი (იცინის).


– როგორია ოჯახში ბატონი ზვიადი?

– ჩემს ცოლ-შვილზე მზე და მთავრე ამომდის. სახლშიც, რაც გასაკეთებელია, ყველაფერს ვაკეთებ, როგორც გითხარით, მამაჩემის დამსახურებით, ბევრი ვისწავლე, მერე ციხეშიც დავამატე და ყველაფერი გამომდის. სტუმრიანი ოჯახი გვაქვს, ჩემი შვილები ჩართულები არიან სტუმარ-მასპინძლობის პროცესში. ოთხი ბიჭი და ერთი გოგო მყავს და ყველამ იცის თამადობა, სტუმრის მიღება, ცხენზე ჯდომა, მშვილდის სროლა, თოფიდანაც უსვრიათ. ვცდილობ, კარგი კონსერვატორები გავზარდო. წელიწადში ორჯერ გავდივართ მონასტერში მე და ჩემი ოთხი ბიჭი – ეს ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა.


– მეუღლე ხომ არ გსაყვედურობთ სახლში რომ აღმოჩნდა? ალბათ, ოჯახის ტვირთი ძირითადად, მასზეა.

– ჩვენი დაქორწინებიდან პირველი ცხრა წელი ეკა, ფაქტობრივად, სულ ფეხმძიმედ იყო და სულ დეკრეტული შვებულება ჰქონდა (იცინის). ბოლოს დიასახლისი გახდა, მაგრამ ახლა უკვე წამოიზარდნენ შვილები და ეკა ემზადება, რომ სერტიფიკატი აიღოს, ძალიან კარგი ფილოლოგია და ალბათ, პედაგოგიურ საქმიანობას დაუბრუნდება. რაც შეეხება საყვედურს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩემი და მარინა ძიძიგური, მთელი ამ ქარცეცხლიანი ცხოვრების განმავლობაში არ მომშორებია გვერდიდან, ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მაქსიმალურად გვეხმარება. ძიძები და გადიების ტიპის მომსახურება არ გვქონია, ეკა და მარინა ამ საქმეს კარგად ართმევენ თავს.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი