კახა კალაძე: ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება

29 Jun 2021 15:00

ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელსაც დღის განმავლობაში 100 ათასობით ადამიანი გადაჰყავს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.


კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკაში რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება.


„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საზოგადოება პირველ ნაბიჯებს უკვე ხედავს. ეს იყო ჩვენი დაპირება – ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი. ყველას გვახსოვს ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისს ემსახურებოდა, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პრობლემას წარმოადგენდა მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით და ასევე ქალაქში ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. დღეს კი საზოგადოება ხედავს, რომ პროექტი უკვე ჩაშვებულია, დაწყებულია მწვანე ავტობუსების შემოყვანა, 8,10, 12-მეტრიანი ავტობუსები და ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები.


ასევე მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების ნაწილი, სადაც უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და დაწყებულია ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა.


ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია, ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნებათ და ქალაქში არ იქნება ავტობუსის ზოლები, ამ რეფორმის განხორციელებას აზრი ეკარგება. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულადაც ამ რეფორმის განხორციელებას უნდა მივყვეთ და ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელსაც დღის განმავლობაში 100 ათასობით ადამიანი გადაჰყავს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი