გიორგი ამილახვარი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება თემატურ მომხსენებელთან დაკავშირებით

29 Jun 2021 17:37

განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი, კანადის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საერთაშორისო ექსპერტს, სარმიტ ბულტის შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საპარლამენტო საქმიანობაში თემატური მომხსენებლის საქმიანობის მნიშვნელობას და არსებულ პრაქტიკასა. კანადელ სტუმარს ამ მხრივ მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება აქვს. 

მან ქართველ კოლეგებს საკომიტეტო მოკვლევისა და თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა გაუზიარა.

 

„ექსპერტმა გაგვიზიარა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება თემატურ მომხსენებელთან დაკავშირებით. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კარგად აქვს ეს ინსტიტუტი ათვისებული. 

ჩვენ გვყავს შესაბამისი თემატური მომხსენებლები. საინტერესო აღმოჩნდა საერთაშორისო ექსპერტისთვის ჩვენი ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებაც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

სარმიტ ბულტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, ეხმარება საქართველოს პარლამენტს თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის განვითარებაში. კონსულტაციის ფარგლებში, იგი ამზადებს  ევროპის სხვადასხვა პარლამენტის, მათ შორის ევროპარლამენტის, პრაქტიკის შედარებით მიმოხილვას, თუ როგორ მუშაობენ თემატური მომხსენებლები და რა რესურსი ესაჭიროებათ მათ საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. კვლევაზე დაყრდნობით, იგი შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტზე მორგებულ რეკომენდაციებს თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სარმიტ ბულტის შეხვედრა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, პარლამენტის წევრებთან, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებთან, ასევე დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი