დავაარსოთ ზურა ბაკურაძის სახელობის ფოლკლორის ფესტივალი - ხაჩიძე ინიციატივით გამოდის

29 Jun 2021 20:52

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ქართული ხმების“ წევრს ზურა ბაკურაძეს იხსენებს. ზურა, გარდაცვლილი კოლეგის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ ღირსებებზე ამახვილებს ყურადღებას. ბაკურაძის განვლილ ცხოვრებას სამაგალითოს უწოდებს და მოქალაქეებს სთხოვს ანალოგიურად იცხოვრონ.


ამასთან, ხაჩიძე ინიციატივით გამოდის. მას სურს რომ ზურა ბაკურაძის სახელის უკვდავსაყოფად მისი სახელობის ფოლკლორის ფესტივალი დაარსდეს.


„მეგობრებო, კოლეგებო და ქართველებო. რამდენიმე დღეა რაც ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად ვფიქრობ და მინდა დავწერო, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვუყარე სათქმელს. ვინ იყო ზურა და რა გვასწავლა მისმა განვლილმა გზამ - მეტი სითბო ერთმანეთის მიმართ, სიყვარული საკუთარი საგანძურის მიმართ ქართულ ფოლკლორს ვგულისხმობ და სიყვარული საკუთარი მიწა წყლის, როგორც კუთხის ასევე შენი სამშობლოს მიმართ. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მისი სიყვარული და ყურადღება ადამიანების მიმართ.


რა მინდა ვთქვა და რა მინდა გითხრათ - მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს, ერთმანეთის ნაკლები შურით და განკითხვით ვიცხოვროთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჩვენს ქვეყანას და მის ყველა საგანძურს. ადამიანის სიცოცხლე ამ ქვეყანაზე წამია და რამდენი ფული გაქვს ამას არა აქვს მნიშვნელობა და ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც თანამდებობა. მნიშვნელოვანია რისთვის იცხოვრე, ვის დაეხმარე და რამდენი გიყვარდა...


მე ვფიქრობ ზურა ბაკურაძის მთავარი სათქმელიც, ეს იყო ამ 42 წლის მანძილზე და არამარტო მისი სათქმელი, ყველა, ვინც ამ ქვეყანას ემსახურა ერთგულად ყველამ ეს მაგალითი დაგვიტოვა, ზურა დოიჯაშვილი, კახი კავსაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრიაძე, თემურ ქევხიშვილი და მრავალი მამულიშვილი ვინც, ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგა. აქვე არ შემიძლია ლევან აბაშიძის გადადგმული ნაბიჯი არ გავიხსენო როცა მან გადაღება მიატოვა და აფხაზეთის ომში თავი გაწირა (ლევანი სულ სამაგალითოა ჩემთვის ამ ნაბიჯით).


მაპატიეთ, სიტყვა გამიგრძელდა და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თუკი ჩემი თავი დაგჭირდებათ იცოდეთ რომ თქვენს გვერდით ვარ, მიყვარხართ და მინდა ყველამ ერთად მივბაძოთ ზურა ბაკურაძეს და მის კაცურად გავლილი გზა გავაგრძელოთ...


მინდა მის ძმას გივის და მის ოჯახს მამას, მეუღლეს, შვილებს ვუთხრა, რომ ზურამ იცხოვრა კაცურად, უყვარდა ყველა და დაგვიტოვა დიდი საქმე რომელიც მისმა შვილებმა, მოსწავლეებმა უნდა გააგრძელონ. (სატირალი ის არის ვინც ასე ვერ იცხოვრა და სიკეთე ვერ დათოვა).


„ქართულ ხმებს“ ბიჭებო გისამძიმრებთ მე ვიცი რამხელა ტკივილია და დანაკლისის ანსამბლის ასეთი ხერხემლის და ძმის დაკარგვა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება ჩვენ ყველა სრულიად საქართველო თქვენს გვერდით ვართ. 

გვიყვარხართ და გვინდა მალე დაგვიბრუნდეთ აქტიურად. თქვენი და ზურა ბაკურაძის აქტიური მსმენელი დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე...


ქართული მუსიკა არის საგანძური და რაც არ უნდა მემღერა, მე ან ჩემს ჯგუფს, იცოდეთ რომ ზურაზე და ამ ბიჭებზე დიდი არაფერი ჩვენ არ გაგვიკეთებია. რატომ? ქართული ფოლკლორს ვინც ჩაწვდა და იმღერა ყველამ იცის რომ ეს არის საქართველოს გენეტიკური კოდი, რომელსაც ვერავინ ვერ წაშლის. სწორედ ამ კოდის ნაწილი იყო ზურა ბაკურაძეზე. ამიტომ როგორც მართლმადიდებლებს გვჩვევია ვილოცოთ მისი სულისთვის და მოვიხსენიოთ ლოცვებში მისი ნათელი სული...


ზურას სახელის უკვდავსაყოფად დავაარსოთ ყველგან სადაც შეგვიძლია მისი სახელობის ფოლკლორის ფესტივალი. დარწმუნებული ვარ ზურას ეს ძალიან გაუხარდება...“


ცნობისთვის, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე 23 ივნისს გარდაიცვალა.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი