პეტრე კოლხი: მე ვარ ქალებისგან თავხედურად განებივრებული, თუმცა არასდროს არავინ შემიყვარდება

29 Jun 2021 21:09

იშვიათად მინახავს ისეთი გულღია და ემოციური რესპონდენტი, როგორიც მამა პეტრე კოლხია. მას მეუღლე, ექვსი შვილი და შვილიშვილი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე, მათგან განმარტოვებით ცხოვრება ამჯობინა და ერთაწმინდაში დასახლდა. მისი ცხოვრების გზა ნამდვილად არ ყოფილა ადვილად გასავლელი, თუმცა, მიზანი და ოცნებები ყოველთვის ჰქონდა და არც ბრძოლის უნარი დაუკარგავს.


– მამა პეტრე, მახსოვს ერთხელ თქვით, წართმეული ბავშვობა მქონდა, ფაქტობრივად, მოხუცი დავიბადეო. იქნებ განმარტოთ, რას გულისხმობდით?


– ნამდვილად ასეა, წართმეული ბავშვობა მქონდა და ფაქტობრივად, მოხუცი დავიბადე. 

ბავშვობა, ტყვიების ზუზუნში, სამეგრელოში გავატარე. ეს იყო ის საშინელი 90-იანი წლები. 

ერთ ღამეში ჩემი თაობის ახალგაზრდები, ფაქტობრივად, მოხუცები გავხდით. 

ჩვენს ჭიშკართან ტანკები იდგა. არ დამავიწყდება, სკოლაში მიმავალს, ჩემ თვალწინ როგორ მოკლა ტყვიამ ულამაზესი, მეცხრე კლასელი გოგონა. მახსოვს, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები. სამეგრელოს გადაუარეს. მინდოდა, თავი დამეღწია, მაგრამ წამი არ გავა, ის ამბები არ გავიხსენო. რა დამავიწყებს, როგორ გავრბოდით თავის გადასარჩენად. ეს ჩემს ცხოვრებაში იმდენად რთული პერიოდი იყო, დღემდე მომყვება და ერთ დღეს აუცილებლად დავწერ, მაშინ რაც ხდებოდა და წიგნად გამოვცემ. მამიდაჩემის სახლი მხედრიონელებმა დაწვეს. ერთ ღამეში გადაწვეს ქალაქი, ამას ბავშვები ფანჯრიდან ვადევნებდით თვალს და დილით, უკვე დიდები გავედით სახლიდან. ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა ამ უაზრო ომმა. მაშინ უფროსმა თაობამ ჩემი თაობა არ დაინდო, ბავშვობა წაართვა. ის შიში და განცდა აჩრდილივით დამყვება, ჩემი ორგანული ნაწილი გახდა. რაც დიდობაში გვემართება, ისიც ბავშვობიდან მოდის, თავს ვერასდროს დავაღწევთ.


– გარდა გარემო პირობებისა, ოჯახშიც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. მამას ვგულისხმობ, რომელიც საკმაოდ მკაცრად გზრდიდათ.

– მამაც, მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისებური ადამიანი იყო. ჩვენს ოჯახში იყო ძალადობა, აგრესია, სიმკაცრე. მასთან დღეს თბილი და უშუალო ურთიერთობა მაქვს, თუმცა, დედასთან მისი დამოკიდებულების გამო მქონდა აგრესია, დაძაბულობა. ბავშვობაში, ერთი პერიოდი, მისი ნახვაც არ მინდოდა. როცა ოჯახში სიმშვიდე და იდილიური პირობები არ არის, პროტესტი გიჩნდება. პროტესტი კი მხოლოდ ის იყო, რომ ჩუმად განვიცდიდი. ამით, ყველაზე მეტად მამაჩემი დაზარალდა. მოხუცდა და ძალიან განიცდის დედაჩემის გარეშე ყოფნას. ყველაზე მეტად მას მოაკლდა დედას ხელი. მამას ხასიათი გადატანილი ტრაგედიის გამო ჰქონდა გაფუჭებული. 19 წლის ასაკში შეუყვარდა მასზე ასაკით ბევრად უფროსი გათხოვილი ქალი. იმ ქალმა მამას გამო დაანგრია ოჯახი და მამას გაჰყვა ცოლად. ეყოლათ შვილი, რომელიც 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, უსიმპათიურესი და ზებუნებრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ბავშვი იყოო. მამამ ეს ამბავი რთულად გადაიტანა, სული გაუნადგურდა. მამა ახალგაზრდა იყო, იმ ქალს პირველი ქმრისგან ჰყავდა შვილები, ახლა კი ასაკში შედიოდა, ქმარს შვილს ვეღარ გაუჩენდა და უთხრა: მე შენს ცხოვრებას ვეღარ გავანადგურებ და დავანგრევ, მირჩევნია, გაგშორდე, შექმენი ოჯახი, შენნაირი სიმპათიური მამაკაცი, აუცილებლად უნდა გამრავლდესო.


– მამამ როგორ დათმო საყვარელი ქალი?

– საყვარელი ქალის დათმობა მეორე ტრაგედია იყო მამასთვის. სატყეოში დაიწყო მუშაობა და სვანეთის ტყეებში, ბუნებასთან კონტაქტით გადაიტანა ეს დარტყმა. წლების შემდეგ, დედმამიშვილების თხოვნით, ოჯახი კვლავ შექმნა. მამას ოჯახი და შვილები უყვარდა, თუმცა, პირადი ტრაგედია, ძველი ტრავმა და სტრესები, არ აძლევდა საშუალებას, ეს გამოეხატა. მე უფროსი ვიყავი და ჩემს დედმამიშვილებს ჩემი იმედი ჰქონდათ, რომ თუ სახლში ვიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამაზე გარეთ ცუდს არავინ გეტყოდათ, ყველაზე გადამკვდარი იყო, მაგრამ ოჯახის წევრებთან სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, მე მეამაყება ჩემი მამის შვილობა. მისგან დამყვა რევოლუციის მუდმივი განცდა. ეს მან თავისი ცხოვრების წესით დაამოწმა.


– მართალია, რომ ბოლოს დედის სიკვდილს ნატრობდით?

– ბოლოს, ისეთ სიტუაციაში იყო დედა, ისე მძიმედ, მისი ტანჯვა მეც მტანჯავდა და მის სიკვდილს ვნატრობდი. მინდოდა, მისი სული მიებარებინა ღმერთს და დიდხანს აღარ ეწვალა. 

ეს შვილისგან წარმოუდგენელია, მაგრამ გინდა შვილს, დედამ შვება ნახოს და მის ტანჯვას არ უყურო. ალცჰაიმერის დაავადება 60 წლის ასაკში დაუდგინდა. ბოლოს სმენაც დაუქვეითდა, სიტყვებიც აერია, ვერ აბამდა წინადადებებს, მაგრამ მამა ძალიან უყვარდა და სახლიდან რომ გავიდოდა, სულ ელოდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა დედა ვეღარ მცნობდა. დედა წინააღმდეგი იყო ჩემი სასულიერო ცხოვრების და მეუბნებოდა, თუ კაბით იქნები, ჩავთვლი, შვილი მომიკვდაო. 

მოკლედ, მას თავისებურად ესმოდა ეს ყველაფერი. არ დამავიწყდება, დიდი ომი დასჭირდა საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი გადაელახა, როცა ანაფორაში მხედავდა, თვალს მარიდებდა. სულ ტიროდა, დაუსრულებლად. მისგან გამოგზავნილი წერილები ჩემი ცხოვრების კონსტიტუციაა.


– როგორ გადადგით, საეროდან სასულიერო ცხოვრებამდე ნაბიჯი. მას რაიმე ისტორია ხომ არ უკავშირდება?

– დაახლოებით 9 წლის ასაკში ვიყავი, როცა წალენჯიხას, სადაც მე გავიზარდე, ესტუმრა უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. 

ტაძრამდე გაუაზრებლად გავყები ხალხის ნაკადს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირებმა ჩამოარიგეს სასულიერო ლიტერატურა და მათ შორის, ორი ღვთისმშობლის ხატი. 

მე შორს ვიდექი. პატრიარქმა ტაძრის კარის კუთხეში შემამჩნია, მიხმო მასთან და ივერიის ხატი მომცა, თავზე ხელი გადამისვა და ეს იყო ნიშანი. იმ წამიდან დავიწყე ლოცვა და არა სასულიერო ცხოვრებაზე ფიქრი. არც ლოცვების წიგნი მქონდა, არც ხატების კუთხე, მაგრამ უწმიდესის ნაჩუქარი ხატი საწოლთან გავიკარი, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყო. სწორედ, იმ ღვთისმშობლის ხატს ვაბარებდი აღსარებას.


– ადრე დაქორწინდით. გყავთ ცოლი, ექვსი შვილი და უსაყვარლესი, პატარა შვილიშვილი. თუმცა, მათგან განცალკევებულად ამჯობინეთ ცხოვრება, ქალაქგარეთ. იმასაც ამბობდნენ, თითქოს ცოლს გაშორდით. ასეა?

– იმდენად გადავიღალე ემოციებით, ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, როცა განმარტოება და სიმშვიდე მინდა. არ ვიცი, ეს მარტოობა რამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა, ეს ახლა აუცილებლად მჭირდება.


– სიმპათიური მამაკაცი ხართ, გიყვართ ბრენდულად ჩაცმა, ძვირად ღირებული სუნამოების პკურება. სუსტი სქესის მრევლის წარმომადგენლისგან თუ გიგრძნიათ ფლირტი და სიმპათია?

– პირდაპირ გეტყვით: მე ვარ ქალებისგან თავხედურად განებივრებული, თუმცა, არასდროს არავინ შემიყვარდება. იმიტომ კი არა, რომ ვნებებს ვებრძვი, არა! უბრალოდ, ცოლის ერთგული ვარ და სექსუალურ ვნებებს მე ჩემს პოეზიასა და ლექსებში ვდებ.


– ბევრჯერ ჩახედეთ სიკვდილს თვალებში...

– 14-15 წლის ასაკიდან გულის სერიოზული პრობლემა მქონდა – წელიწადში ორჯერ მაინც, გულისცემა წუთში 300-მდე ადიოდა. ეს ძალიან ბევრია, ფაქტობრივად, გული სკდებოდა. 

არაერთხელ გამიჩერდა კიდეც, კომაც მქონდა და ოპერაციაც დამჭირდა. ინფარქტის წინაშე აღმოვჩნდი და ახლაც მაქვს შიში, დიდი ემოციის ფონზე ეს არ განმეორდეს. ავარიისა და გულის ოპერაციის გარდა, დახრჩობასაც ვარ გადარჩენილი. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ცურვა არ ვიცოდი, ხრიკი მომიწყვეს, ხელი მკრეს და გემიდან გადამაგდეს. ვიძირებოდი, ვგრძნობდი ფსკერისკენ როგორ მივდიოდი, ვიხრჩობოდი. პრაქტიკულად განწირული ვიყავი. მამისტოლა კაცმა გადამარჩინა სიკვდილს. მთელი ცხოვრება გამომყვა ის გრძნობა და ძილშიც კი ხშირად ვიხრჩობოდი. ჩაკეტილი სივრცისა და დაშვებული ფარდების შიში ახლაც მაქვს, სულ მგონია, ვიხრჩობი და ვიგუდები.


– ბულინგისა და დაცინვის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?

– სასულიერო პირების უმეტესობა ხშირად მაბულინგებს იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული ვარ. ნარკომანებს, ლოთებს, მრუშებს, მეძავებს, ლგბტ პირებს ვიცავ და ამის გამო ვიწვევ მათში აგრესიას. იყო ლანძღვა, შეურაცხყოფა, ბულინგი, და მათ ამისთვის გულწრფელი მადლობა. მარტივია, როცა გადაწყვეტ, გიყვარდეს, სიძულვილია რთული. ხშირად ვამბობ, მე ვარ მამაო, ვინც დროს გაუსწრო და ბევრი ვერ მიგებს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, სამართლიანობას ვერ გავექცევი.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი