გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა წარადგინოს

29 Jun 2021 21:21

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.


როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“.


ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.


„მთავარმა პარტიამ, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს რეჟიმი, კანდიდატი რომ მოხსნას, რანაირად გაიმარჯვებს სხვა? ეს აბსურდია. ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატები თუ უნდათ, ეს არ არის პრობლემა. სწორედ წარუმატებლობისა და მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, რომ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩეს მისი კანდიდატის გარეშე“, - განაცხადა ბარამიძემ.


მისივე თქმით, თუ ვინმეს სერიოზულად ბრძოლა და რეჟიმის დამარცხება უნდა, საყრდენი სწორედ ის ბაზისი უნდა იყოს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს.


„სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის არჩევნებზე დათმო მაჟორიტარები, იქ იმდენიც კი ვერ მიიღეს სხვა პარტიების მაჟორიტარებმა, რამდენიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციულად მიიღო. ჩვენს ამომრჩეველს ვერ ვუბრძანებთ და დავავალებთ, მაგრამ არ მისცემენ ხმას სხვა კანდიდატს. როგორ შეიძლება ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა გვერდზე გაწიო? თუ ვინმეს უნდა სერიოზულად ბრძოლა და დამარცხება ამ რეჟიმის, საყრდენი უნდა იყოს სწორედ ის ბაზისი, რომელიც ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე პარტიასთან მთელი საქართველოს მასშტაბით შევთანხმდეთ, ასევე გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. ერთად ვიბრძოლებთ, იქნება კონკურენცია, მაგრამ არა ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“.


ჩვენ ჩვენი კოლეგა პარტიების მოსაზრებას პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა, ყველა პარტიამ თავისი გზა უნდა იპოვოს ამომრჩეველთან მისასვლელად. ყველამ უნდა თავისი ამომრჩეველი მოიყვანოს და არ დატოვოს სახლში. როდესაც სახლში რჩები, გინდა-არ გინდა, აძლევ ხმას „ქოცებს“. ყველამ უნდა იმუშავოს თავის ამომრჩეველზე. შესაძლოა, მათ ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატები, თუმცა უნდა იყოს მაქსიმალური კოორდინაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ტრადიციულად ერთიანობის მომხრე და ჩვენ გვგონია, რომ ასეთი ბრძოლით უკეთეს შედეგს მივაღწევთ. სულისკვეთებით და რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენთან დაახლოებულ პარტიებთან მოვნახავთ საერთო ენას და სხვა კანდიდატებიც რომ ჰყავდეს ოპოზიციას, ჩვენ გვეყოლება უფრო მსხვილი, კოალიციური კანდიდატი“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.


ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს.

“როგორ შეიძლება მთავარ ოპოზიციურ პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავდეს? ეს გამორიცხულია. ნიკა მელია ამბობს, რომ შინაგანად გული მიუწევს მთელს ქვეყანაში მოძრაობისკენ, თუმცა ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის აზრით, რადგან თბილისი იქნება მთავარი ბრძოლის ველი, კანდიდატი ნიკა უნდა იყოს. ის ყველა შემთხვევაში როგორც თავმჯდომარე იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე და იბრძოლებს აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, თბილისშიც რომ დასახელდეს, რეგიონების კამპანიაზეც მოახდენს ზეგავლენას. ამიტომ, მხარს ვუჭერ, რომ ნიკა მელია იყოს ჩვენი კანდიდატი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.


ის ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არის ოპოზიციისთვის არჩევნებზე დამარცხების ფორმულა“, რის გამოც „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით არ ითანამშრომლებს. ბარამიძის თქმით, ვაშაძე არასწორს ამბობს, რადგან ნიკა მელია სწორედ გამარჯვების კანდიდატი იყო.


"თუ არ გვეთანხმებიან, ეს მათი უფლებაა. ბატონი ვაშაძე არასწორს ამბობს, არ მინდა ვთქვა, რომ ტყუის, მაგრამ ნიკა მელია სწორედ გამარჯვების კანდიდატი იყო და ამის დამადასტურებელია ის ერთიანობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანში 2020 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი