“ტყუილად ხარჯავს ეს ხალხი ფულს, სრულიად ტყუილად!.. უნდა აუხსნა ხალხს, რატომ უნდა იყოს ფრთხილად…” – გიორგი კავკასიძე

30 Jun 2021 12:13

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე.


-ენდობით ჩინურ ვაქცინებს?

-ჩინურ ვაქიცნებზე ინფორმაცია არა გვაქვს რეალურად ისევე როგორც რუსულ „სპუტნიკზე“, ეგენი ერთ კატეგორიაში არიან. შეიძლება კარგი ვაქცინაა, შეიძლება – ცუდი. ყოველ შემთხვევაში, რაღაცა დაცვას რომ აკეთებს, ფაქტია, არსებული მონაცემთ, სინოვაკს 52 პროცენტიანი დაცვა აქვს და სინოფარმს გაცილებით მაღალი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა რამე ტიპის გართულებები, ფიზიკურად არ გვაქვს მონაცემი.


-თქვენთან, კლინიკაში ანტისხეულების შესამოწმებლად არ მოდიან ჩინური ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები?


-ჩვენი კლინიკა მაგ ანტისხეულებს ვერ ამოწმებს და მეტსაც გეტყვით, მგონი, მაგას თბილისში ვერც ვერავინ ამოწმებს. ის ანტისხეულები, რასაც ლაბორატორიები ამოწმებენ სულ სხვა რამეა. ეს არი „N“ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები. 

ვაქცინაციის შემდეგ კი უნდა შემოწმდეს „S“ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები და „S“ ცილის მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ძალიან სპეციფიური მეთოდიკაა და ვის შეუძლია თბილისში ამის განსაზღვრა, არ ვიცი. ანტისხეულების ორი სხვადასხვა ჯგუფია. 

„S“ არის სპაიკ ცილის საწინააღმდეგო, სპაიკ ცილა არის ის ცილა,რომლის ნეიტრალიზაციაა აუცილებელი, რომ ვირუსი არ მოხვდეს ორგანიზმში – ეს უნდა შემოწმდეს და ასევე ამ სპაიკ ცილის მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები. კიდევ არსებობს ე.წ. შემბოჭველი ანტისხეული, მაგრამ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულის შემოწმებაა ინფორმატიული.


– ბოლო დროს მეტი და მეტი ადამიანი ადანაშაულებს ლაბორატორიებს, ამბობენ, რომ არასწორად გაუზომეს დი დიმერი. მგონი, უკვე ყველა იკეთებს ამ ანალიზს, წერენ, რომ მოსდით დი დიმერის მაღალი მაჩვენებლის პასუხი, იწყებენ ძლიერი გამათხელებლის მიღებას და რამდენიმე დღეში ეწყებათ სისხლდენა. შემდეგ თავიდან იკეთებენ ანალიზს და უკვე დი დიმერი დაბალია. შესაძლებელია, დი დიმერის მაჩვენებლის ცვალებადობა კოვიდგადატანილებში, კოვიდმაც გამოიწვიოს? 

და შესაძლებელია, სამი დღის წინ, მართლაც მაღალი ყოფილიყო მაჩვენებელი?


-დიახ, სრულიად შესაძლებელია. ტყუილად ხარჯავს ეს ხალხი ფულს. სრულიად ტყუილად. 

დი დიმერის გამოკვლევას სჭირდება თავისი გამოხატული კლინიკა. თუ არ არის გამოხატული კლინიკური სურათი, ვის რაში სჭირდება დი დიმერზე ანალიზის აღება? დაახლოებით 30 წელი ვცხოვრობდი შვეიცარიაში და ერთ-ერთი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის ისიცაა, რომ იქ შენი ინიციატივით ვერც ერთ ანალიზს ვერ გაიკეთებ, თუ არა გაქვს ოფიციალურად ექიმის მიმართვა. კლინიკური ჩვენება სჭირდება ანალიზის დანიშვნას. არ არის აუცილებელი ყველას გაუსინჯო დი დიმერი. მე თუ მკითხავთ, კოვიდგადატანილებში გაცილებით უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს ღვიძლის ფუნქციის გასინჯვა, რადგან კოვიდი აზიანებს ღვიძლს. კოვიდგადატანილებში უნდა ხდებოდეს შაქრის გასინჯვა, რადგან კოვიდგადატანილების დაახლოებით 15-17 პროცენტში მეორე ტიპის დიაბეტი ვითარდება.  მოდასავით არის ეს დი დიმერის გასინჯვა. მოწმენდილ ცაზე თრომბი ძალიან იშვიათად ვითარდება. კლინიკური ნიშნები იქნება მანამდე გამოვლენილი.


-გვეუბნებიან 2 კვირაში დაახლოებით ბევრი ვაქცინა შემოვა ქვეყანაშიო, იმაზე მეტი შემოვა, ვიდრე გვჭირდებაო, ჯერ ხომ არ გვეყო და ახლა მეტი შემოვა და ალბათ, შევინახავთ… 

ივლისში რომც შემოვიდეს და დაიწყოს ვაქცინაცია იმ ტემპით, რა ტემპზეც საუბრობენ, აგვისტოს ბოლოდან დაანონსებულ მეოთხე ტალღამდე იმუნიტეტის გამომუშავებას მოვასწრებთ? ვგულისხმობ, მასობრივად და არა თითო-ოროლა შემთხვევას.


-მერამდენედ გვეუბნებიან, რომ ვაქცინები უნდა შემოვიდეს? მერამდენე დაპირებაა? მესამე მაინც ხომ არის? ჯერ შემოვიდეს. მეორე – მილიონობით  ვაქცინა შემოვაო, ხო? 

არ ვიცი, გადახედეთ ჟურნალისტებმაც, მზად არის ინფრასტრუქტურა, რომ დღეში 100 000 ადამიანი აიცრას? საქართველოში ჯერ დღეში მაქსიმუმ 3 თუ 4 ათასი ადამიანი ჰყავთ აცრილი.  ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი… თუმცა, ამას წინათ ამირან გამყრელიძემ თქვა, 30 პროცენტი რომ იყოს აცრილიო და რატომ თქვა 30 პროცენტი, გაუგებარია. ევროპამ 70 პროცენტამდე აიყვანა აუცილებლად ასაცრელი მოსახლეობის ოდენობა.


-თან ფაიზერის ვაქცინას სპეციფიური შენახვა სჭირდება. განსხვავებული ჯაჭვი აქვს შენახვის – რამდენიმე ტიპის ჯაჭვი უნდა აამუშაონ ქვეყანაში ერთდროულად, ამას დამატებული პერსონალის გადამზადება და ინფრასტურქტურა. 

უკვე მზად ხომ უნდა იყოს ეს ყველაფერი?

-ეს მზად უნდა ყოფილიყო 2020 წლის ნოემბერში, როცა თქვეს, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყებს ვაქცინაციასო. ღმერთმა ქნას, რომ შემოვიდეს ეს ვაქცინები, მაგრამ აფრიკის ზოგიერთმა ქვეყანამ, თუ არ ვცდები  სენეგალმა 80 000 დოზა ვაქცინა უკან დაუბრუნა კოვაქსს – რატომ? იმიტომ რომ ვერ ასწრებდნენ ათვისებას და შეეშინდათ რომ ვარგისობის ვადა გაუვიდოდა. ვაქცინას თავისი ვარგისობის ვადა აქვს, როგორც წესი 6-12 თვე. ჩვენთან  „ახლადჩამოსხმული“ ვაქცინა, ალბათ, არ/ვერ შემოვა. ვარგისობის რა ვადა ექნებათ ჩვენთან შემოსულ ვაქცინებს და/ან რამდენი თვე აპირებენ შენახვას?  შევინახავთ და რაღაც მსგავსი – ეს ზღაპარი იმათთვისააა, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის წამალი და ვაქცინა.


– გვითხრეს, რომ აგვისტოს ბოლოდან უნდა ველოდოთ მეოთხე ტალღას. ხალხმა იკითხა, თუ მეოთხე ტალღას ველოდებით, სად არის დაპირებული ვაქცინები, მართალია, კი იძახდა მთავრობა, ანტივაქსერები გვყავს ბევრიო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხალხი ვერ რეგისტრირდება და მეტია მსურველი, ვიდრე ვაქცინაა. ხოდა, იკითხა ხალხმა, სად არის ვაქცინას და ვისი ბრალია, რომ ვაქცინის გარეშე ველით მეოთხე ტალღას. მალევე, გვითხრეს, შესაძლოა, არც ისე ძლიერი იყოს მეოთხე ტალღა, ასე თქვა ევროპამო… ევროპის უმეტეს ქვეყნებს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰყავს აცრილი და რატომ ვედრებით? თქვენ რას ფიქრობთ, როგორი იქნება მეოთხე ტალღა?

-ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ ეს მეოთხე ტალღა არ იქნება, ეს იქნება რეალურად მეორე ტალღა. რასაც ესენი ტალღებს ეძახიან, ის ტალღა არ ყოფილა, ტალღა იყო გასული წლის შემოდგომაზე და მეორე ტალღას ველოდებით ისევ შემოდგომაზე. რამდენად ძლიერი იქნება ეს ტალღა, სრულიად ალოგიკურია ამის ევროპასთან შედარება. სექტემბერში, მთლიანად ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი  იქნება სრულად აცრილი. ჩვენთან ამას სექტემბრისთვის ვერ მივაღწევთ, რა გითხრათ… ყველა რესტორანი რომ აცრის ცენტრად გადავაკეთოთ, მაშინაც კი.


-საუბრობენ იმაზეც, რომ უცხოეთში კარავში ცრიან ადამიანებს, კი, ბატონო, მაგრამ იმ კარავში შესაფერისი ტექნიკაა, სპეციალისტები, გართულების შემთხვევებისთვის და ა.შ. მგონი, ინფრასტრუქტურა, მარტო ჭერი და კედლები ჰგონიათ…

-ინფრასტრუქტურაა პირველ რიგში სათანადოდ გაწვრთნილი და მომზადებული პერსონალი, ლოჯისტიკა – მიწოდების ჯაჭვი, მაცივრები, სივრცე, სადაც ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, გართულების შემთხვევაში სად უნდა წაიყვანო ადამიანი. კომპლექსურია, ბევრი რგოლისგან შედგება, იმიტომაც ქვია ინფრა-სტრუქტურა.


-რა რჩევებს მოგვცემთ?

-ფრთხილად იყავით. მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია ღია სივრცეში და დახურულ სივრცეში დისტანცია და პირბადის ტარების წესი. დღეს ბორჯომიდან გამოვიარე მცხეთაში, შევედი ერთ დაწესებულებაში, შეკვეთებს იღებენ ერთ პატარა ოთახში, სადაც 15 ადამიანი იყო და პირბადე ერთი მე მეკეთა და მეორე მოლარეს. დანარჩენი ყველა იყო პირბადის გარეშე, ერთ ციცქნა ოთახში, 15 ადამიანი ერთმანეთთან მიჭეჭყილი… ასე თუ გაგრძელდა ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. სახელმწიფო რატომღაც მხოლოდ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ეს არასწორია. 70 პროცენტი და მეტი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. რას აკეთებენ იმისათვის, რომ კვების ობიექტებზე და ნებისმიერ დახურულ სივრცეში იყოს რეგულაციები დაცული? ხალხს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს რასაკვირველია. ერთადერთი, რაც ვნახეთ, იყო დაშინება, არიქა, კუბოების მთები დადგებაო.. ესაა ინფორმაციის გავრცელება? იგივე ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ნახეთ რა ხდება. ამას წინათ, მეტროში ჩავედი, რასაკვირველია პირბადით, დავინტერესდი რა ხდებოდა, გული გამისკდა, ეგრევე ამოვბრუნდი უკან. სასწაული ხდება. ეს ხალხის პასუხისმგებლობაა? – არა. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ახლა ახალი, ძალიან კარგი ავტობუსები შემოიყვანეს, რომელშიც არის ჰაერის კონდიცირება – ერთი და იგივე ჰაერი ცირკლირებს. კოვიდიანი ერთი თუ შევიდა შიგნით, მისი ამონასუნთქი ციკულირებს 10-15 წუთის განმავლობაში ჰაერში… უნდა აუხსნა ხალხს, რატომ უნდა იყოს ფრთხილად. კარგია შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ უნდა უთხრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაქრა ვირუსი.





კომენტარები:

ფართი შოპი